• თბილისი
  • 6°C
  • 15 ნოემბერი, 2018
article

"მე ხმას ვაძლევ ვაშაძეს, ბიძინა რომ წაშავდეს“

"მე ხმას ვაძლევ ვაშაძეს, ბიძინა რომ წაშავდეს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი, დავით ბახტაძე წერს.

რამ გადააწყვეტინა მას ხმა გრიგოლ ვაშაძისათვის მიეცა?

სავარაუდოდ იმან რომ აი, ამ წუთებში ლარი რეკორდულად დაეცა და ერთი დოლარი უკვე 2. 80 თეთრია.

შესაძლოა იმანაც რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, ხოლო 450 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ირაკლი სესიაშვილი ჩვენი ფულით ტერასულ სასახლეს იშენებს.

ან იქნებ იმანაც რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაჰყავს და სცემს, ხოლო ბიზნესს ფულს აწერს.

ან იქნებ იმანაც რომ ოლიგარქს სურს ყველა და ყველაფერი იყიდოს ან მიიტაცოს: გადახერხოს პუშკინის სკვერი, მოხერხოს ბოტანიკური ბაღის ნაწილი, მიითვისოს სანაპირო ზოლის მრავალი კილომეტრი, მოთხაროს და გაგვიჩანაგოს ბუნება, გააღარიბოს ქვეყანა, ჩვენს ხარჯზე ააშენოს ბიტკოინების ქარხანა, გაგვიძვიროს ცხოვრება და გაგვიმწაროს ყოველდღიურობა.

იქნებ იმანაც რომ ამ ოლიგარქის ფავორიტი კანდიდატი პირდაპირ მიერთებულია კრემლის ინტერესებთან, ის თავის ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს, სურს მარიხუანას პლანტაციების პროპაგანდისტად იქცეს, შეურაცხყოფას აყენებს ეკლესიას, მის მრევლს, არის „ზემოთ“ და იქიდან დაგვყურებს ყველას ერთად...

მიზეზი ბევრი და მრავალფეროვანია. თითოეული ჩვენგანის ყოფა გაუარესებული, მაცივრები ცარიელი, უმუშევრობა გაზრდილი და ჩინოვნიკები გამდიდრებულნი.

დავით ბახტაძესა და გრიგოლ ვაშაძის მილიონამდე მხარდამჭერს, სწორედ ამ ყველაფრის გამოსწორება სურს.

მეორე ტურში გვაქვს შანსი შევცვალოთ ეს გაუსაძლისი მდგომარეობა, დავაბალანსოთ ხელისუფლების ძალაუფლება, გავიუმჯობესოთ ჩვენი მდგომარეობა და უარი ვუთხრათ ოკუპანტის რჩეულს.

ძალა ჩვენშია და ძალა - ერთობაშია.

 


თეგები :

არჩევნები