• თბილისი
  • 8°C
  • 17 თებერვალი, 2019
article

ივანიშვილი წულუკიანს მეუღლის დაჭერით ემუქრება - დრამა "შუშის სასახლიდან"

ცნობილი ხდება იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. „პრესა.ჯი“-მ გაარკვია, რომ თეა წულუკიანს ივანიშვილთან ურთიერთობა დაეძაბა და მზად არის მინისტრის პოსტი დატოვოს.

თუმცა, კომიკური ის არის, რომ ქალბატონ თეას „ჯერ დაწყებული საქმის დასრულებას სთხოვენ და შემდეგ კი, ნებას რთავენ - სადაც უნდა იქ წავიდეს“.

კერძოდ: ცოტა ხნის წინ, ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის მინისტრი თავის სასახლეში დაიბარა. ოლიგარქს, რუსთავი 2-ის საქმის გარდა, ის საკითხებიც აინტერესებდა, რომლებიც ჰააგის ტრიბუნალსა და ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლებას ეხებოდა.

როგორც ჩანს, წულუკიანმა ივანიშვილს დამაიმედებელი ვერაფერი უთხრა, მათ შორის ვერც რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანიის მთელი გუნდისა და მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეუპოვრობის გამო, უკვე იქცა ბოროტებასთან ბრძოლისა და მასზე გამარჯვების სიმბოლოდ. 

ამავე დროს, ოლიგარქმა, წულუკიანს მისი ყოფილი მოადგილის, სანდრო ბარამიძის ოპოზიციაში გადასვლა გაახსენა და აღნიშნა, რომ „დადებითად ვერ შეაფასებს იმ მინისტრის მუშაობას, რომელსაც მოადგილეები ოპოზიციაში გაურბიან“.

შეგახსენებთ, რომ ბარამიძემდე, წულუკიანის კიდევ ერთ მოადგილეს „გაეხსნა გონება“. დავით ჯანდიერმა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი რამდენიმე წლის წინ, მინისტრთან მწვავე დაპირისპირების ფონზე დატოვა.

უფრო მეტიც, ივანიშვილმა წულუკიანს მიანიშნა რომ „თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც უნდა იყოს“, სამართალდამცველები მისი მეუღლის ნახევრად არალეგალური საქმიანობის გამოძიებას დაიწყებენ.

სავარაუდოდ, საუბარია ერთ-ერთ მსხვილ ბიზნეს-კომპანიაზე, რომელმაც წულუკიანის მეუღლის გავლენით მრავალმილიონიანი ტენდერი მოიგო და აღებული ვალდებულებები ხარისხიანად ვერ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როდესაც ივანიშვილი წულუკიანს „აკაჩავებდა“, ოლიგარქის სასახლეში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილიც იმყოფებოდა.

ისინი მომსწრენი გახდნენ იმისა, თუ როგორ აკრიტიკებდა არაფორმალური მმართველი და ხალხის ქონების მიმთვისებელი იუსტიციის მინისტრს რუსთავი 2-ის საქმის, 2008 წლის ომის გამოძიების, ბარამიძის გაქცევისა და მეუღლის ბიზნეს-ინტერესების ირგვლივ.

P.S: ჩვენ არაერთხელ ვცადეთ წულუკიანთან დაკავშირება, თუმცა, უშედეგოდ.

იუსტიციის სამინისტროში კი, განაცხადეს: „არაფერი გვსმენია იმის შესახებ რომ თეა წულუკიანი, უახლოეს მომავალში  გადადგომას აპირებს“.