• თბილისი
  • 8°C
  • 17 თებერვალი, 2019
article

უცხოელი, რომელსაც ბათუმში ბიზნესი აქვს: მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში ქვეყანა უნდა დავტოვო

შაჰინ შაჰ ამრანს პოლიციამ მოსთხოვა, რომ ქვეყნა რამდენიმე დღეში დატოვოს. ის ბანგლადეშიდანაა და ბათუმში ბიზნესი 2011 წლიდან აქვს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

შაჰინისთვის არავის აუხსნია, საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, რატომ აღარ აძლევენ ქვეყანაში დარჩენის უფლებას - მას დროებით ბინადრობაზე იუსტიციის სახლმაც უარი უთხრა.

„იუსტიციის სახლმა დროებით ბინადრობაზე უარი 2017 წელს მითხრა. მანამდე არ იყო პრობლემა: მივდიოდი ყოველ 6 თვეში და ბინადრობის მოწმობას ვიღებდი. 2017 წელს კი მითხრეს, რომ ქვეყანაში დარჩენის მოწმობას  მხოლოდ 10 დღით მაძლევდნენ… ვითხოვე განმარტება, რის გამო მეუბნებოდნენ უარს, მაგრამ არაფერი აუხსნიათ. მას შემდეგ არალეგალად ვითვლები, როგორც ძალიან ბევრი უცხოელი, ვისაც საქართველოში ბიზნესი აქვს. იუსტიციის სახლისთვის აღარ მიმიმართავს,“ - გვიყვება შაჰინი.

შაჰინ ამრანს ძველ ბათუმში, ნაქირავებ ფართობებში,  მასაჟის რამდენიმე სალონი აქვს მოწყობილი, ასევე აქვს ჰოსტელი და ინდური რესტორანი. რამდენიმე დღის წინ შაჰინი საპატრულო პოლიციამ 500 ლარით დააჯარიმა.

„ჩემი მანქანის მარცხენა ხედვის სარკე გამიტეხეს და პოლიციას მივმართე“, – განაგრძობს შაჰინ ამრანი. - „პოლიციელმა ნახა, რომ საერთაშორისო მართვის მოწმობა მაქვს, მაგრამ მისი ვადაც ამოწურულია. დამაჯარიმა და მითხრა, რომ ემიგრაციის სამსახურს უნდა მივმართო. მან ასევე გამაფრთხილა, რომ რამდენიმე დღეში ქვეყანა უნდა დავტოვო“.

შაჰინ ამრანის თქმით, მსგავსი პრობლემა სხვა უცხოელებსაც აქვთ და ბოლო პერიოდში დროებითი ბინადრობის მიღება გართულდა. უცხოელ ბიზნესმენს შეკითხვა აქვს საქართველოს მთავრობასთან:

„თავის დროზე აქ ჩამოვედი, რადგან ვიცოდი, რომ ბიზნესის კეთებისთვის კარგი გარემოა. თავიდან არ იყო პრობლემა, მაგრამ ახლა მომხმარებელიც მკვეთრად შემცირდა და ჩვენც უარს გვეუბნებიან ბიზნესზე, თან არ ვიცით მიზეზი - რატომ? არის შემთხვევები, როცა, მაგალითად, ცოლს მისცეს საქართველოში დარჩენის უფლება, ქმარს კი დეპორტაცია გაუკეთეს… მითხრეს, რომ ჩემთვის იოლია ბიზნესის შეწყვეტა, მაგრამ მე ზოგიერთ ფართში წინასწარ მაქვს რამდენიმე თვის ფული გადახდილი, უნდა მოვასწრო ყველაფრის გაყიდვა, ამას რამდენიმე დღეში ვერ მოვასწრებ. მე მაქვს შეკითხვა: რატომ არ სურთ, რომ ჩვენ ბიზნესი გვქონდეს აქ?“

რატომ არ აძლევენ საქართველოში ბინადრობის უფლებას შაჰინ ამრანს და აქვს თუ არა სახელმწიფო უწყებას ბინადრობაზე უარის დასაბუთების ვალდებულება – კითხვით იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

თეგები :