[ეკა ბაქრაძე] დალუქვები გრძელდება და უმუშევრობაც მატულობს. ეს ლოგიკურია, როდესაც ამა თუ იმ კომპანიას ბიზნესი უჩერდება,შემოსავალი უმცირდება, ხოლო ხარჯი ეზრდება (ჯარიმებისა დასაურავების სახით), იმწამსვე იწყება ე.წ. კადრების ოპტიმიზაცია.საგადასახადო კოდექსში ცვლილება იანვარში შევიდა, რომლის თანახმად, ბიზნესის ორდღიან დალუქვას ადგილობრივი საგადასახადოს უფროსის ბრძანება, ხოლო 2 დღეზე მეტხანს დახურვას ფინანსთა მინისტრის განკარგულება სჭირდება. ფინანსთა მინისტრის დონეზე ამ საკითხის აყვანა საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნა იყო, მაგრამ არა იმგვარად, როგორც ეს ბაინდურაშვილის უწყებამ გადაწყვიტა. სააკაშვილმა ლოპოტის ტბასთან გამართულ სხდომაზე პირდაპირ განაცხადა, რომ ბიზნესის დალუქვა უნდა ალაგმულიყო, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ფინანასთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებულიყო. ახალი ცვლილებით კი, არაფერი იცვლება. საგადასახადოს „დამშეული“ თანამშრომლები ყველა ბიზნეს-კომპანიას აკითხავენ და 2 დღით ლუქავენ. მეწარმეეების შესაშინებლად ეს დროც საკმარისია, თუ არადა „ურჩების“ წინააღმდეგ ბაინდურაშვილის ბრძანებაც არ დააყოვნებს. ერთ-ერთი მეწარმე ფორუმზე წერს, რომ მისი კომპანია 4 დღეა, დალუქულია. თუმცა, მისთვის ფინანსთა მინისტრის ბრძანება არ წარუდგენიათ. როცა მან საგადასახადოსგან შესაბამისი ბრძანების წარმოდგენა მოითხოვა, დამატებითი პრობლემები შეექმნა. ზურაბ მელიქიშვილი რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ იგი არ იცნობს ამ კონკრეტულ პრობლემას. თუმცა, მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შემდეგ მეწარმეების ამგვარმა პრობლემებმა მკვეთრად იკლო. მისივე ინფორმაციით, 2010 წელს ხელისუფლების საქმიანობის მთავარი მიმართულება სწორედ ლიბერალური საგადასახადო ადმინისტრირების შემუშავება, ასევე მეწარმეს და საგადასახადო ინსპექტორს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება იქნება. დალუქვები და ბიზნესზე მაქსიმალური ზეწოლა, შედეგად იმას მოიტანს, რომ კომპნაიებს მკვეთრად შეუმცირდებათ შემოსავალი. ამის ფონზე კი, მეწარმეები ხარჯების შეკვეცას დაიწყებენ და საკადრო პოლიტიკასაც გადახედავენ. გამორიცხული არ არის, ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშეც დარჩეს. პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია თვლის, რომ ახლო მომავალში უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. „ცხადია, დალუქვების პროცესები უმუშევრობის მაჩვენებელს მომავალშიც გაზრდის. ნორმალურ ქვეყნებში უმუშევრობს დონეს ყოველთვიურად აკვირდებიან, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება. ისვინც რეგისტრაციას გადის, უმუშევრობის შემწეობას ითხოვს.ხელმოწერებს ვაგროვებდით, მაგრამ დღეს მთავრობაში ჩვენი ინიციატივა თაროზე შემოდეს. პარლამენტის სოციალურ საკითხთა თავმჯდომარე შეგვპირდა, რომ უკვე საკითხის განხილვას შეუდგებიან. ისღა დაგვრჩენია, მოვლენებს დაველოდოთ“, - ამბობს ალექსანდრია. პროფკავშირელთა მოსაზრებებს ნაწილობრივ იზიარებენ ექსპერტები. „ბაზრობების, რესტორნების, აფთიაქების, ავტოგასამართი სადგურებისა და ბანკების გარდა, დღეს თითქმის არაფერი მუშაობს. პრობლემები ყველა დარგსა და სფეროს შეეხება, სასოფლო თვითდასაქმების გარდა. ეს უკანასკნელი არის სწორედ ის სფერო, რომელსაც არანაირი შემცირება არ ემუქრება და თოხიც ჯერ კიდევ თავისუფალ გაყიდვაშია“, - ამბობს ექსპერტი ნოდარ კაპანაძე. მისი განმარტებით, უმუშევრობა საქართველოში იმდენად დიდია,რომ საეჭვოა, რამდენიმე კომპანიის დალუქვამ არსებულ ვითარებაზე მკვეთრად იმოქმედოს. |