[სანტიაგო გაუჩო] თანამედროვე სპორტული ცხოვრება ტაიმ-აუტს არასოდეს იღებს და გულშემატკივრებსაც მუდმივად მრავალ საინტერესო სანახაობას სთავაზობს. უშუალოდ შეჯიბრებების გარდა ამ სამყაროს წარმომადგენლები საკუთარ თაყვანისმცემლებს, ე.წ. “არა სპორტული” მიღწევებითაც ანებივრებენ.არსებობს ჟურნალისტთა ნაწილიც, რომლებიც ლუკმა პურს სპორტსმენების ან მათი ახლობლების პირადი საქმეების საქვეყნოდ გამომზეურობით პოულობს. სპორტული “ყვითელი პრესის” ფურცლებზე ხშირად ისეთ მასალებსაც წააწყდები, რომ ერთი კარგი ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარადაც გამოდგება. იმ დროს, როდესაც ჩვენი პლანეტის სპორტსმენები თოვლიან ვანკუვერში ოლიმპიური ჯილდოებისათვის იბრძოდნენ, მზიური არგენტინის შვილი, ჩოგბურთელი დავიდ ნალბანდიანი ქალაქ ბუენოს-აირესის პოლიციის განყოფილებაში მოხვდა. სომხური ფესვების მქონე ჩოგნის ოსტატი ტაქსის მძღოლის შეურაცხყოფაშია მხილებული. ტაქსისტის ჩვენებით, ნალბანდიანი თავის სახლთან ახლოს მას ფიზიკურად გაუსწორდა და პერანგიც შემოახია. მძღოლმა პოლიციას გამოუძახა. ბატონი დავიდი გონს მალე მოეგო და დაზარალებულსაც ფულადი კომპენსაციის გარდა ერთდროულად სამი ახალი პერანგი შესთავაზა. სპორტსმენის სამწუხაროდ, დაშავებულმა მისი “დახმარება” არ მიიღო და პოლიციის განყოფილებაშიც უჩივლა. ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე კანადის ჰოკეისტთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ეს მატჩი მსოფლიოს სპორტული მას-მედიის საშუალებებში დღის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად გადაიქცა. აშშ-ის ქალაქ მაიამიში ადგილობრივმა პოლიციამ ჩოგბურთელი ანა კურნიკოვას მშობელი დედა, ალა კურნიკოვა დააკავა. ამ კრიმინალურ შემთხვევას მხოლოდ ჭორებზე დახელოვნებული პრესის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ქალბატონ ალას ბრალად მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობა ედება. მიზეზი კი ის არის, რომ მისი ხუთი წლის ვაჟი, ალანი მეორე სართულიდან გადმოვარდა. ეს უკანასკნელი სახლში მარტო იმყოფებოდა და აივნიდან გადახტა. შემდეგკი უკვე ატირებული და სისხლიანი ბავშვი მეზობლებმა შეამჩნიეს. პაწიას დედა პოლიციელებს მოუყვა, რომ პირადი საქმეების გამო ერთი საათით სახლიდან გავიდა. წასვლის წინ შვილი ტელევიზორს უყურებდა და დედას გაყოლაზე უარი განუცხადა. “გრაჟდანკა” კურნიკოვა უფროსმა ბიჭუნა სამაგალითოდ დასაჯა, სახლში მარტო დატოვა და ბინის კარიც საგულდაგულოდ გადაუკეტა. ერთი შეკითხვა კი ნამდვილად გამიჩნდა. ბავშვს მამა თუ ჰყავს და უპასუხისმგებლო დედას პასუხს თუ მოთხოვს, ან რა საქმე ჰქონდა ისეთი ამ დიაცს, რომ მცირეწლოვანი შვილი ერთი საათით სრულიად უმეთვალყურეოდ მიატოვა. ოკეანისგაღმურ პრესაში კვლავ მოხვდა ლეგენდარული შაკილ ო’ ნილი. მეგოლფე თაიგერ ვუდსის მაგალითი ალბათ გადამდები აღმოჩნდა და შაკილიც ერთდროულად სამ ქალთან ახლო ურთიერთობაში გამოიჭირეს. “კლივლენდ კავალიერსის” ცენტრალური თავდამსხმელის ერთ-ერთი საყვარელი ეროვნებით შვედი მოდელი, 25 წლის დომინიკა ვესტლინგი ყოფილა. მის გარდა ო, ნილს მიაწერენ რომანს ორლანდოელ მოდელ ვანესა ლოპესთან და კიდევ, თურმე ამ ვაჟბატონს საცოლე წაურთმევია ნბა-ას ერთ-ერთი მოთამაშისათვის, რომლის გვარსაც ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ. საინტერესოა, რომ თავად ეს დიდი მიჯნური საკუთარ მეუღლე შოუნის ეყრება და საიდუმლო საყვარლების გამოჩენა ალბათ ქალს დაეხმარება, რათა სპორტსმენ ქმარს უფრო მეტი თანხა წაართვას. სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის მარტში არის დანიშნული. თავად შაკილ ო, ნილმა წინა კვირას, რეგულარული პირველობის ერთ-ერთ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და საკალათბურთო მოედანსაც სამი თვით გამოემშვიდობა. იმ დღეებში, როდესაც კანადაში იტალიელი ოლიმპიელები მშობლიური ქვეყნის ღირსებას იცავდნენ, მათ ისტორიულ სამშობლოში ერთი ორიგინალური გამოკითხვა ჩატარდა. იტალიელმა ფეხბურთის სპეციალისტებმა, უბრალო გულშემატკივრებმა და ცნობილმა დიზაინერებმა გაარკვიეს იქაური ფეხბურთის მწვრთნელებიდან თუ ვინ იმოსება ყველაზე გემოვნებით. ინტერაქტივში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ. ეს უკანასკნელი ყოველთვის გემოვნებით იცვამს. “ინტერის” თამაშებზე უპირატესობას პიჯაკს და პალტოს ანიჭებს, წვეულებებზე კი ყოველთვის ფრაკში გამოწყობილი დადის. გახარებულმა ლაურეატმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: “ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვე მოდას თვალს ვადევნებ, მაგრამ იმას კი დავადასტურებ, რომ კარგად ჩაცმა ბავშვობიდან მიყვარს. თავს გემოვნებიან ადამიანად ვთვლი და მიხარია, რომ ეს სხვებმაც აღიარეს”. იტალიურმა სპორტულმა რადიომ კი ყველაზე უზრდელი მწვრთნელი გამოავლინა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და ამ საპატიო ტიტულის ნომინანტი, “სკუადრა აძურას” დამრიგებელი მარჩელო ლიპი აღმოჩნდა. ამ სპეციალისტისაგან წყენა ძალიან ბევრ იტალიელ ჟურნალისტს ახსოვს. მარტო ფეხბურთელი კასანოს გამო, ლიპის ათი ჟურნალისტი მაინც ეყოლება გამოლანძღული. გასულ წელს მაესტრო მარჩელოს ყველაზე ხშირად სწორედ რომ ანტონიო კასანოს ნაკრებში არ გამოძახების მიზეზებს ეკითხებოდნენ. რამდენიმე თვის წინ იტალიური მედიის წარმომადგენლებთან კონფლიქტი ლიპის თბილისშიც მოუვიდა. “სკუადრა აძურას” მთავარმა მწვრთნელმა თანამემამულეებისათვის მცირე ბრიფინგი მოაწყო და პირველივე კითხვა კასანოს შესახებ დაუსვეს. მაესტრო გაცეცხლდა, აყვირდა და ბრიფინგიც ჩაშალა. გერმანელი ჟურნალისტები ცოტა სხვა თემებით არიან დაინტერესებულები. ცოტა ხნის წინ მათ ერთგვარი სახალისო სპორტული სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარეს და ფრიად რომ საყურადღებო ინფორმაციაც მიიღეს. აღმოჩნდა, რომ გერმანული ბუნდესლიგის ყველაზე მძიმე კლუბი ფრანკფურტის ‘აინტრახტია”. ამ გუნდის თვითმფრინავში შეშვება მეტად სარისკო საქმეა, რადგან მისი მოთამაშეების საერთო წონა 1540 კგ-ს აღწევს. ყველაზე მსუბუქი კლუბი დორტმუნდის “ბორუსიაა”, ყველაზე დაბალი “ბოხუმი”, ყველაზე მაღალი კი “ჰამბურგი”. საინტერესოა ანალოგიური გამოკვლევა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც თუ ჩატარდება და ზემოთ მოყვანილ ოთხ ნომინაციაში რომელი ქართული გუნდები მოხვდებიან. გულშემატკივრები ალბათ დაინტერესდებიან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტებითაც. რომელი მათგანია ყველაზე ელეგანტურად ჩაცმული და პირიქით, ვინ გამოირჩევა ცუდი გემოვნებით. რომელი მწვრთნელია ჟურნალისტების საყვარელი რესპოდენტი და ვინ სარგებლობს ყველაზე “უარყოფითი” ავტორიტეტით. |