[ლევან სეფისკვერაძე] ფლირტი არის ქალ-ვაჟის ხვევნა-კოცნა, რაც მტლაშა-მტლუშის გარეშეც შეიძლება განხორციელდეს. მართალია, ვეფხისტყაოსანმა ფლირტის თაობაზე მეტად უხეში გამონათქვამი შემოგვინახა, მაგრამ შოთა რუსთაველამდე, მის დროსაც და მას შემდეგ დღემდე ახალგაზრდები ფლირტს საკმაოდ რომანტიკულ მოვლენადაც აღიქვამდნენ. მეტიც - დღესდღეობით ახალგაზრდობის უმრავლესობა თვლის, რომ ფლირტის გარეშე სიყვარულის განვითარება შეუძლებელია.ქართველ ახალგაზრდებს შორის ფლირტს თავისი მიზეზებიც აქვს. ფსიქოლოგების აზრით, ქართველ ბიჭსა და გოგონას შორის ურთიერთობაში ხშირად არსებობს რაღაც ტაბუდადებული საზღვარი, რომლის გადალახვა არ ხდება. ჩვენთან არსებობს წარმოდგენა, რომ დასავლეთში, უცხოეთში ეს საზღვარი ისეა მოშლილი, რომ ახალგაზრდების ურთიერთობა უზნეობის სახეს იღებს. ჩვენი ევროპამოვლილი რესპონდენტი, 24 წლის თბილისელი ზაზა 5 წელი ცხოვრობდა საფრანგეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაში. აი, რა გვიამბო მან იქაურ ფლირტზე: პირველად რომ ჩავედი საფრანგეთში, პირდაპირ გაოცებული ვიყავი ფრანგი ახალგაზრდების თავისუფლებით, მაგრამ მერე და მერე დავრწმუნდი, რომ ქუჩებში ზასაობები და კედელზე მიყუდებები მხოლოდ ისეთ ახალგაზრდებს ახასიათებდათ, როგორებსაც ჩვენთან პაპსავიკებს და გოიმებს ეძახიან. უფრო ინტელექტუალური ნაწილი კი, ქუჩაში ალერსს ყველანაირად ერიდება. ევროპაში ერთი ძალიან საინტერესო რაღაც შევამჩნიე. ეს ალბათ ძალიან გამოადგებათ წასასვლელად გამზადებულ ქართველ ბიჭებს (იმედია, მხოლოდ ბიჭებს) თუ იქ ბარში ვინმე ლამაზმანი დაჟინებით შემოგცქერის - ე. ი. მოსწონხარ! მაგრამ თუ ასე გიყურებს და თან თავის ჭიქას თითებითაც ეფერება, ჩათვალეთ, რომ საქმე უფრო სერიოზულადაა. შენ დაგეძებ, დილაა თუ ბინდია როგორც ვთქვით, ფლირტს და, ზოგადად, სიყვარულს უხდება რომანტიკა. ქართველები ამაშიც ორიგინალურები ვართ. აი, რა გვიამბო ერთმა ლამაზმა და კდემამოსილმა ქართველმა გოგონამ, 21 წლის ლელამ: ამ ორი წლის წინ ძალიან უცნაური ბიჭი დამდევდა. ჩემ ზემოთ ცხოვრობდა მეზობლად. მართლაც საოცარი ვიღაცა იყო. ჯერ იყო და სახლთან წერილებს მიგდებდა, სადაც დაახლოებით ასეთი ლექსები ეწერა: მოდი შევხვდეთ ერთმანეთს, მოისურვა ღმერთმა ეს, შენს შეყვარებულ კახას ავახევ ხახას. მერე კონვერტებში კასეტებსაც დებდა - ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის და ასეთი კომპოზიტორების შემოქმედებით ცდილობდა აემაღლებინა ჩემი ესოდენ დაბალი ინტელექტი. ყველაზე დიდი სასწაული კი, ბოლოს გააკეთა - ასე, ღამის 11 საათი იქნებოდა, როცა ჩემი სახლის ფანჯარასთან ათიოდე მთვრალი კაცის ბღავილი გაისმა. გავიხედე და, რას ვხედავ. ის უბედური თავის ძმაკაცებთან ერთად დამდგარა სანთლებით ხელში (ალბათ, ფიალები ვერ იშოვეს) და შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია-ო, მღერიან. რა თქმა უნდა, მამაჩემისა და ჩემი ძმების რეაქცია ამაზე შესაბამისი იყო. ისე, ის საწყალი ისეთი მორცხვი იყო, გამარჯობისაც რცხვენოდა და კლასიკური რომანტიკოსი იყო არა! თბილისური ტრადიციის მიხედვით, თუკი ბიჭს გოგო მოსწონს და იმ გოგოს ძმა ჰყავს (რომელსაც ჭკუა მოეთხოვება ე. ი. დიდია და თავისი სიტყვა კაცურში ეთქმის), შეყვარებული ბიჭი ვალდებულია ჯერ გოგონას ძმას გააგებინოს და მისგან აიღოს ნებართვა და ამის შემდეგღა აქვს უფლება გოგოსთან გაპრანჭვისა. ოღონდ მას გოგონას ძმა აუცილებლად ეტყვის: ძმაო, თუ ჩემი და მოგწონს, ხო იცი, ყველაფერი პატიოსნურად და ზედმეტების გარეშე უნდა იყოს. თუ გოგოს ძმა არა ჰყავს, ამ სიტყვების თქმის პატივი ბიძას ან ბიძაშვილ-მამიდაშვილს ენიჭება. გავესაუბრეთ ბიჭს, რომელიც, მისივე თქმით, კარგი ძმაა და თუ საჭირო გახდება, ცუდიც იქნება. დათო, 21 წლის: არ ვიცი, ძმაო, მე დასავლეთი და მასავლეთი. იქ როგორ ხდება, სულ არ მაინტერესებს. ჩემ დას თუ ვინმე სხვანაირად შეხედავს, მე არ უნდა გადამახტეს. მოვიდეს და კაცურად დამელაპარაკოს. თუ მოსწონს, მე რა, ქაჯი კი არა ვარ! და ვისაც ლაპარაკის თავი არა აქვს, ეგეთი ასი წელი ვერ გაეკარება ჩემს დას. ცხოველები ხომ არა ვართ, დავსუნოთ ერთმანეთი და ეგრევე სექსზე გადავიდეთ.! ამ თემაზე მუშაობისას მეტად საინტერესო ტერმინს - პეტტინგს წავაწყდით, რომელიც თურმე სექსამდე არმისული, მთის ძველი ტრადიციის - წაწლობის მსგავსი ურთიერთობაა. პეტტინგის დროს წყვილები ერთმანეთს საწოლშიც უწვებიან, მაგრამ სექსზე სასტიკ უარს აცხადებენ. ლოგიკა ასეთია: სექსი მათ ურთიერთობებს რომანტიკულ ხიბლს დაუკარგავს და ყოფითობამდე დაამდაბლებს. ნათია, 19 წლის: ვითომ რატომ არ არის საკმარისი ერთი კოცნა. ცხოველები ხომ არა ვართ - დავსუნოთ ერთმანეთი და ეგრევე სექსზე გადავიდეთ. ამას მერეც მოვესწრებით, ახლა კი ჯობია, იმ სილამაზით დავტკბეთ, რაც ჩვენ გარშემოა. ბილწი აზრებიც კი ცოდვაა მიშიკო, 20 წლის: შეყვარებულთან სექსი, ჩემი აზრით, მაგრა ტეხავს. თუ გოგო გიყვარს, იმას ცოტა სხვანაირად უნდა უყურო და არა, როგორც ვიღაც ქუჩაში აგდებულ ბოზს. ყვავილები აჩუქე, მოეფერე, რაღაცა, რუღაცა, ისეირნეთ და იყავით ლამაზად. აბა, თუ ბოზი გინდა, იშოვე 50 ლარი და ისე გაისწორე. არც ნათიას და არც მიშიკოს არ განუმარტავთ, სექსი რატომ იყო ხელისშემშლელი ფაქტორი სილამაზით ტკბობაში ანუ რატომ არ შეიძლება გოგოს თან ყვავილებს ჩუქნიდე და თანაც ლამაზ მკერდზე ეფერებოდე. ვაჟა-ფშაველაც კი ნატრობდა: ნეტავი ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია. ქართული პეტტინგის საიდუმლოება და ბოლოს, ჩვენ გვქონდა საშუალება ფლირტის და, კონკრეტულად, ქართული ფლირტის შესახებ გავსაუბრებოდით ფსიქოლოგ ლელა ივანიშვილს. ლელა ივანიშვილს: ფლირტი არის, ასე ვთქვათ, პრელუდია სექსუალური ურთიერთობებისა. ქართული ფლირტის ორიგინალურობა კი ისაა, რომ ქალი ზოგ შემთხვევებში პროვოცირებას აკეთებს მამაკაცისგან საპასუხო მამაკაცურ ქცევაზე. ხოლო, როდესაც მამაკაცი ზღვარს გადადის, ქალი იხევს უკან. მე ვიცი, რომ ინდონეზიის კულტურაშიც არის ასეთი რაღაცეები. ფლირტის დროს დღევანდელი ახალგაზრდები უფრო თავისუფალნი არიან. ეს, ჩემი აზრით კარგია, მაგრამ მათში პეტტინგისადმი მიდრეკილების დონე მაინც მაღალია. საუბარია ბოლომდე არმიყვანილ სექსუალურ ურთიერთობებზე. პრინციპში ქართველი ქალი და შესაბამისად, კაციც პეტტინგისას ყოველთვის ერთი აზრისანი არიან - ქალს ქალწულობა არ აძლევს საშუალებას გახსნისა, კაცი კი იძულებულია ქალის აზრი გაითვალისწინოს (ალბათ ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ქართველი კაცები ქალის ჭკუაზე დადიან). ჩვენში ქალი წარმოდგენილია, როგორც დედა. ამიტომაც წარმოუდგენლად მიაჩნიათ მის სექსუალურ უფლებებზე ლაპარაკი. მათ შესახებ, ვისაც ფლირტის დროს ერთი კოცნა აკმაყოფილებთ, გეტყვით, რომ მამაკაცისთვის ქალის უარი ყოველთვის კატასტროფაა. ამიტომ ერთი კოცნით ცდილობენ ამ უკმარისობის რაღაც ნაწილი ამოავსონ (უარს ერთი კოცნა ნაღდად სჯობია) ანუ თუ მე ათასი ლარი გთხოვე და შენ სულ არ მოცემას ერთი ლარი მაინც მომეცი, მე რაღა დამრჩენია, თუ არა ის, რომ დავკმაყოფილოდე იმით, რაც მომეცი. ფლირტსა და პეტტინგს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ფლირტის სურვილი მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანშია ჩადებული ანუ ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ პეტტინგის დროს, სურვილების გარდა, დიდ როლს მორალიც თამაშობს. მე მინდა ქართველ ახალგაზრდებს ვურჩიო, რომ მათი ურთიერთობა პირველ რიგში ერთმანეთის პატივისცემაზე იყოს აგებული. |