[სალომე ცეცხლაძე. „რეზონანსი“] დედოფლისწყაროს რაიონული გაზეთის ჟურნალისტის (ქალის) წინააღმდეგ სოფელ ოზაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის (მამაკაცის) ცემის გამო სს საქმე აღიძრა. ჟურნალისტი ამბობს, რომ გამგებელმა, პირიქით, მას მიაყება ფიზიკური შეურაცხყოფა და მობილური ტელეფონიც გაუტეხა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კი იფიცება, რომ ქალბატონმა ჩანთა და ჩაქუჩი ჩაარტყა.ყოველდღიური გაზეთ „ქიზიყის“ ჟურნალისტ თამილა გურაშვილის თქმით, სოფელ ოზაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ყაჭაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკურად გაუსწორდა და მატერიალური ზარალიც მიაყენა. ამ ფაქტს ჟურნალისტი გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც ყოფილი პოლიციელები სოფლის გამგებლებად ინიშნებიან. „ერთ-ერთი მათგანი ოთარ ყაჭაშვილი იყო, რომელიც სოფელ ოზაანის გამგებელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია და სოფლის მოსახლეობა არაკეთილსინდისიერ ადამიანად მიიჩნევს. სტატიაში მსგავსი ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდს დავუკავშირე,“ - ამბობსთამილა გურაშვილი. მისი თქმით, 3 მარტს დედოფლისწყაროს კულტურის სახლში მრავალშვილიანი დედების დაჯილდოება იყო. მეგობარმა დაურეკა, რომ ყაჭაშვილი რამდენიმე ადამიანთან ერთად იდგა და ხმამაღლა უშვერი სიტყვებით ლანძღავდა. თამილა ამბობს, რომ ყაჭაშვილთან მივიდა და რატომ მლანძღავ, რამე გაწყენინეო, უთხრა. მან მოცდა სთხოვა და იქვე მდგარ მანქანაში ჩაჯდა. რომ აღარ გადმოვიდა მანქანიდან, ისევ დაუძახა და სიტყვიერ შეურაცხყოფის მიზეზი ჰკითხა. „ველაპარაკებოდი, თან ვცდილობდი ტელეფონით სურათი გადამეღო, რადგან რედაქტორმა მითხრა, გვჭირდებაო. ის გაღიზიანდა, მწვდა, ტელეფონი გამაგდენიბა და ხელებზე მომეჭიდა, ახლაც მეტყობა ნათითურები. მერე მთელი ძალით დამარტყა მუცელში. ექიმს რომ გავესინჯე, მუცლის დაჟეჟილობა მქონდა. ტელეფონიც გამიტყდა,“ -ყვება ჟურნალისტი. მისი თქმით, თავდაცვის მიზნით ყაჭიშვილს ბლოკნოტი მოუქნია, რითაც ცხვირი გაუკაწრა. საღამოს 5 საათზე კი დაურეკეს, რომ ოზაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა შენს წინააღმდეგ განცხადება შემოიტანა პოლიციის რაიონულ სამმართველოში,თავდასხმაში გადანაშაულებსო. „ჯერ დედის დღეზე ქალს ხელი დამარტყა და რას ვიფიქრებდი ამას თუ გააკეთებდა.“ აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიას ყვება სოფელ ოზაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ყაჭაშვილი. მისი თქმით, მანქანაში იჯდა, როცა მასთან თამილა გურაშვილი მივიდა და ბრძანების ტონით უთხრა, მანქანიდან გადასულიყო. „აბა, ის ტელეფონის ნომერი ამოაგდე, საიდან გირეკავდიო, -დაიჟინა. მე ტელეფონში ვეძებდი. უცებ, თავს დამესხა. ჩანთა და ჩაქუჩი ჩამარტყა. ვერც მოვასწარი ხელი ამეფარებინა სახეზე, ცხვირი გატეხილი მაქვს. მე არაფერი მითქვამს. ქალს როგორ შევეხებოდი?! მისი ტელეფონი საერთოდ არ დამინახავს. შეიძლება იმ ჩანთაში ედო, თავში რომ ჩამარტყა და იმიტომაც გაუტყდა.“ კითხვაზე როგორ ახსნის იმას, რომ დაჟეჟილობა ნათია გურაშვილსაც აღენიშნება, ამბობს, რომ, ალბათ, დაზიანება თვითონ მიაყენა საკუთარ თავსო. ყაჭაშვილის თქმით, „ქიზიყის“ ჟურნალისტი ტელეფონზე მანამდეც ურეკავდა და ვინ მოგცა რეკომენდაცია ამ თანამდებობაზე დანიშვნისასო, ეკითხებოდა. „საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო. მერე გამგეობაში ვიკითხე. თავისუფალი კორესპონდენტია და მაგასთან შეხება არ გვაქვსო. ეტყობა ვიღაც აქეზებს და იმიტომ იქცევა ასე,“ - ამბობს ყაჭაშვილი. თამილა გურაშვილის განმარტებით, ყველაფერი დედოფლისწყაროს გამგებლის ლევან ბაღაშვილის ბრალია, რადგან ხელს აფარებს თავის თანამშრომლებს. მან მეორე დღეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ჟურნალისტმა ქალმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ცემაო. ლევან ბაღაშვილიმა „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნა, რომ არ უნდა, იყოს არაობიექტური, ამიტომ გამოძიების შედეგებს დაელოდებადა კომენტარს შემდეგ გააკეთებს. კითხვაზე, იყო თუ არა ობიექტური, როცა ინციდენტის მეორე დღეს ჟურნალისტი დაადანაშაულა ყაჭაშვილზე თავდასხმაში, აღნიშნა: „მე გავიგე, რომ ჩემს თანამშრომელს თავს დაესხა ჟურნალისტი და დაზიანებებიც აღენიშნებოდა. ჟურნალისტის შესახებ ინფორმაცია იმ დროს არ მქონდა. ახლა ორივემ დაწერა საჩივარი და ველოდებით ძიების შედეგებს.“ ჟურნალისტი თამილა გურაშვილი მასზე განხორციელებული სხვაზეწოლის ფაქტებსაც იხსენებს. მას 55 ლარის ოდენობის სოციალურად დაუცველებისთვისგანკუთვნილი ფულადი დახმარება შეუწყვიტეს, რაც „ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით“ აღიდგინა: „ვარ უსახლ-კარო და მარტოხელა დედა. უსამართლოდ შეწყვეტილი დახმარება არასამთავრობოების მეშვეობით ძლივს აღვიდგინე. მას დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ ნატროშვილის ხელმოწერა აკლდა. დამიძახა და მითხრა, თუ კრიტიკული წერილების წერას არ შეწყვეტ, არ მოვაწერ ხელსო. ამის შესახებ გაზეთშიც დავწერეთ. ახლა დახმარება მაქვს.“ გაზეთ „ქიზიყის“ მთავარი რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ ოთხმა ჟურნალისტმა ზეწოლის გამო, გაზეთი დატოვა. მისი თქმით, ძალიან რთულია, როცა დამწყები ჟურნალისტი ხარ, არსად ინფორმაციას არ გაძლევენ, დამცინავად გექცევიან და აგრესიას გამოხატავენ: „გამგეობიდან ბევრჯერ ატირებული მოსულა ჩვენი ჟურნალისტი.“ მარტყოფლიშვილის თქმით, დედოფლისწყაროში სახელწიფო სამსახურებში ჟურნალისტებისთვის ყველა ინფორმაცია დაბლოკილია. ისიც კი, რამაც შეიძლება მათ სასარგებლოდ იმოქმედოს -„სახელმწიფო დაწესებულებებში ჟურნალისტებთან ურთიერთობისკულტურა არ აქვთ.“ „მიჩვეულები არიან, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ იწერება. აღიზიანებთ, რომ ჩვენ რეალურ პრობლებზე ვაკეთებთ აქცენტს. თანყოველდღიურად ვახერხებთ გამოსვლას. ამას წინასაარჩევნო პერიოდიც დაემთხვა. ალბათ, ამიტომაცაა ჩვენს წინააღმდეგ ასეთი აგრესია,“-ამბობს ილია მარტყოფლიშვილი. „ქიზიყის“ ჟურნალისტის თამილა გურაშვილი კი ამატებს: „ვკითხულობთ, რომ სხვა კუთხეებშიც არ არის რეგიონული მედია კარგ მდგომარეობაში. არა მგონია, დედოფლისწყაროში რომ განუკითხაობაა, ასეთი მდგომარეობა სხვაგანაც იყოს.“ გამოძიებას ჟურნალისტისა და გამგებლის დაპირისპირების შესახებ შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს. |