უნდილაძე დაუდ-ხანი, (სპარს: داوود خان) სეფიანთა ირანის ქართველი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე, განჯისა და ყარაბაღის ბეგლარბეგი, XVI საუკუნის II ნახევარში დაიბადა.
იყო ალავერდი ხან უნდილაძის უმცროსი ვაჟი, იმამყული ხანის ძმა. ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და, ელენე. 1625 წლიდან განჯისა და ყარაბაღის ბეგლარბეგია (1633 წლამდე). ახლო ურთიერთობა ჰქონდა თეიმურაზთან და გიორგი სააკაძესთან, მასთან ერთად მოამზადა მარტყოფის ბრძოლა.
1625 წელს, როგორც შაჰის მოციქული, მონაწილეობდა თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში. ცდილობდა, შაჰ-აბას პირველი საქართველოს მიმართ უფრო რბილი პოლიტიკის გამტარებელი ყოფილიყო. ქართული და უცხოენოვანი წყაროები მას თეიმურაზ პირველის თანამოაზრედ და თანამებრძოლად წარმოადგენენ ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შაჰ-სეფი პირველის კარზე დაწინაურებულმა ქართველმა ბატონიშვილმა, ხოსრო-მირზამ (შემდგომში ქართლის მეფემ - როსტომმა), მოახერხა დაუდ-ხანის ჩამოქვეითება. 1630-1631 წლებში სეფი I-მა დაუდ-ხანი მეჯლისიდან გააძევა.
1632 წელს დაუდ-ხანი აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I-ის მეთაურობით სეფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში. სეფი I-მა თეიმურაზს მოსთხოვა დაუდ-ხანის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა. თეიმურაზმა ური შეუთვალა. შაჰმა მისი ოჯახი და აგრეთვე ძმა, იმამყული-ხანი შვილებიანად დასაჯა. ამ აჯანყების ჩახშობაში წვლილი შეიტანა როსტომ–ხან სააკაძემაც.დაუდ-ხანმა ოსმალეთს შეაფარა თავი, სავარაუდოდ, იქვე გარდაიცვალა.
ნიჭიერი მხედართმთავრობის გარდა, დაუდ-ხანს ახასიათებენ, როგორც აღმშენებელს: ააგო ბაზრები, ქარვასლები და სხვა. ჟან შარდენი აღწერს დაუდ-ხანის ბაზარს და ქარვასლას, კარმელიტი მისიონერები აღწერენ დაუდ-ხანის სასახლის კედლის მხატვრობას და შესანიშნავ ბაღს. მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს.
გარდაიცვალა XVII საუკუნის I ნახევარში.
წყარო