რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები: 599 877 908
სარეკლამო ადგილი - 105
200 x 240
პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ც­ხა­დე­ბა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით
ნი­ნო ბა­სი­ლი­ამ ვა­ლენ­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გრან პრი აიღო
„m2 თა­მა­რაშ­ვილ­ზე“ - კომ­პ­ლექ­სის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­გეგ­მილ­ზე ორ­თ­ვე-­ნა­ხევ­რით ად­რე დას­რულ­და
დღე მე-14- გო­ჩას და ნა­ტახ­ტა­რის ქრო­ნი­კე­ბი ფეხ­ბურ­თის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ამინდი
  თბილისი17°-29°
  ქუთაისი22°-30°
  ბათუმი21°-22°
ვაჰან ტერიანის „დაბრუნება“ (და რამდენიმე ლექსი)

15:24 07.09.2011
[გიორგი მახობეშვილი]

დიდი სომეხი პოეტი ვაჰან ტერიანი საქართველოში, ჯავახეთში დაიბადა. ის ქვეყანას მოევლინა ახალქალაქთან ახლოს, სოფელ განძაში, 1885 წლის 28 იანვარს.

ვაჰან ტერიანი განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება სომხურ პოეზიაში. მან გაამდიდრა სომხური ლექსი ახალი შესაძლებლობებით. განსაკუთრებით დახვეწილია მისი რითმი, რიტმი, მელოდია, მდიდარია მისი ლექსიკა. ის ითვლება „სომხური წმინდა ლირიკის ყველაზე ბრწყინველე ოსტატად, რომელსაც არც ლიტერატურული წინაპარი ჰყოლია და არც თავისივე სიდიდის ლიტერატურული მემკვიდრე“ (ზეზვა მედულაშვილი). ვაჰან ტერიანი ახალი სომხური პოეზიის სათავეებთან დგას და მიუხდავად იმისა, რომ მხოლოდ 35 წელი იცხოვრა, უმდიდრესი განძი დაუტოვა სომხურ ლიტერატურას.

ვაჰან ტერიანი იყო შესანიშნავი მთარგმნელი. მან თარგმნა სომხურად, როგორც ამბობენ, ძალიან კარგად, აკაკი წერეთლის,  ემილ ვერჰარნის, შარლ ბოდლერის, ოსკარ უაილდის, ჰაინრიხ ჰაინეს, ვალერი ბრიუსოვისა და სხვათა ნაწარმოებები.

საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ვაჰან ტერიანის პირველი წიგნიც საქართველოში,  ტფილისში გამოიცა, 1908 წელს.  ვაჰან ტერიანს დაწერილი აქვს მოგონება მოსკოვში აკაკი წერეთელთან შეხვედრის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის თარგმანი (მეტი ვერ მოასწრო). ამ თარგმანისათვის მის პედაგოგს, ნიკო მარს „მზის ნატეხი“ უწოდებია.

ვაჰან ტერიანი გარდაიცვალა 1920 წლის 7 იანვარს ორენბურგში, ჭლექით. მის გარდაცვალებას წერილით გამოეხმაურა ნიკო მარი.
 
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ დიდი სომეხი ლირიკოსის რამდენიმე ლექსს, ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ თარგმნილთ. ვაჰან ტერიანის ლექსები არა ერთ ქართველს უთარგმნია. ვაჰან ტერიანზე საუბარს სხვა დროს კიდევ განვაგრძობთ და შემოგთავაზეთ სხვა ლექსებსაც, სხვების მიერ თარგმნილთ.

აისი

(თარგმნა ჯანსუღ ჩარკვიანმა)

ველურ მწვერვალებს თავზე ვევლები,
მწვერვალთა ირგვლივ ყეფენ ქარები,
დაბლა ჯერ კიდევ თვლემენ ველები
მკაცრი სიბნელით და მდუმარებით.

მაგრამ საცაა შორეულ მწვერვალს
მზე ჩამოუყრის ოქროს ჩქერალებს,
მოევლინებათ, ვით ბედისწერა,
სხივი ლამაზი და მოელვარე.

შენც გაიღვიძებ და ამღერდები
გახარებულო, ჩემო მამულო,
შენი მთებით და შენი ქედებით
იტყვი სიმღერას სასიყვარულოს.

მთებზე სიბნელე თუმცა მზაკვრულობს,
სულში აისის სხივი ფათურობს,
სალამი ძმებო, ბედით ჩაგრულნო,
ციხის საკნებში მიმოფანტულნო.

* * *

(თარგმნა ჯანსუღ ჩარკვიანმა)

როგორც ცხადში, სიზმრად ვნახე,
ერთი ოქროს კარი ვნახე,
ზედ ფირუზის თაღი ვნახე,
თაღთან ცეცხლის სვეტი ვნახე.
თეთრი ნეკერჩხალი ვნახე,
სამოთხისა ბაღი ვნახე,
ამ თეთრ ხეზე უფრო თეთრი
ანგელოსი დავინახე.
ოქროს ღვინით მოციმციმე
სავსე სასმისები ვნახე,
ორი გამგმირავი შუბი,
ორიც მარგალიტი ვნახე.
დაჭრილი და დაჩეხილი
საკუთარი გული ვნახე,
ნათელი და ცხელი გული
სისხლით მომბზინავი ვნახე.
სახე ჩემი ჯალათისა
მდგარი ჩემივ გვერდით ვნახე,
ვუთხარ, აჰა, ეს მზე ჩემი
სისხლის ტბაში შემინახე.

დაბრუნება

(თარგმნა ჯანსუღ ჩარკვიანმა)

კვლავ მარტოობის ბნელი ციხიდან
დავბრუნდი ნაღდი, გაუტეხავი,
შემხვდა ხმაური, ლაღი, ხითხითა,
რომელიც ჩემს სულს ანთებს, შეხარის.

ო, ჩუმი ტანჯვის უძილო ღამეს
ახალმა ნატვრამ დაუნთო ცეცხლი
და სიხარულის საამო წამი
შემოდის, როგორც ჭყლოპინი მერცხლის.

ცეცხლოვან სიტყვით ყელს მოვიღერებ,
ახალ დღეების ქართან შებმული,
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერებს
შევეგებები გამარჯვებული.

ხოლო ფრთას გაშლის ოდენ სიკვდილი,
ოდეს მოდგება მტერი ქვა-ლოდით,
განთიადისას ერთს შეგიკივლებთ -
ძმებო, აღსდექით, ძმებო, გამოდით!

შემოდგომის დილის სიმღერა

(თარგმნა ჯანსუღ ჩარკვიანმა)

დღე გათენდა ისეთი
უშუქო და ჩამქრალი,
თითქოს ყველა სინათლე
უძლურ გულში ჩავკალი.

გულში ბნელა, სულშიაც
არის უიმედობა,
იქნებ სულზე მომისწრო,
იქნებ მითხრა შენდობა.

ქარიშხალი არ მიშვებს,
წვიმაც გადამეღობა,
ნუ დამტოვებ ეულად,
ჩემი სევდაც მეყოფა.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2013-11-28 20:44:42
დედა მე ძალიან მიყვარხსარ. როდესაც მე გაბრაზებ შენ მე მცემ ან გამიბრაზდები მე ძალიან ვჭუხვარ. გეხვეჭები აღარ გამიბრაზდე.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის წერილს საზოგადოებისადმი?
  
ტოპ ათეული
1. ეს ის ბონდარენკოა, რომელმაც.... - აი რას წერენ სტანისლავ ბონდარენკოზე
2. გამომძიებელი: "მაგდა პაპიძემ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ იმ ღამეს ქმარს დაურეკა"
3. "ბერძენიშვილს პაპიძესთან საერთო სამომავლო გეგმები არ ჰქონია"
4. დარეჯან მინდიკაური მაგდა პაპიძეს: "აწიე თავი, დეგენერატო, დაინახე"
5. ლანა პაპიძე: "სადისტის თვალები გაქვს ლილი!... შე ნაგავო"
6. ბონდარენკო: "გამარჯვების შემთხვევაში, ბინას ჯანო იზორიას ვაჩუქებ"
7. ნაგიევის სენსაციური განცხადება 40 წელს გადაცილებულ ქალებზე
8. უცხოელი მამები ჩვენს პატრიარქზე
9. აშანტაჟებდა თუ არა ოთარ ბერძენიშვილი მაგდა პაპიძეს?
10. სიღნაღის საოჯახო სასტუმროში ჩეხი ტურისტი გოგონა გააუპატიურეს - დამნაშავე დაკავებულია
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908