• თბილისი
  • 35°C
  • 27 ივლისი, 2017
article

რატომ არ დაისაჯა შევარდნაძე?

ცხოვრობს მწვანეში ჩაფლულ, მშვენიერ რეზიდენციაში, წერს მემუარებს, სეირნობს მყუდრო ბაღში, ემსახურება სოლიდური რაოდენობის პერსონალი, პერიოდულად სტუმრობენ ჟურნალისტები, მისი საუბრის თემატიკა მრავალფეროვანია, ხანდახან ფანჯარას აღებს და მხცოვანი ექსპრეზიდენტი უსმენს ყოფილი, შეურიგებელი ოპოზიციის "ნარჩენების" სკანდირებას: "შევარდნაძე, იუდა! შევარდნაძე, გამყიდველი!" და, როგორც თვითონ აღნიშნავს, ხალისობს. მოკლედ, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ოდიოზური ფიგურის გარშემო სრული სიმშვიდე და იდილიაა.

ამ სურათის აღწერისას, არაინფორმირებულ ადამიანს ნელსონ მანდელას ან ინდირა განდის იმიჯის მქონე, მინიმუმ საკაცობრიო მნიშვნელობის ჰუმანისტად აღიარებული პოლიტიკოსის სიბერე შეიძლება წარმოუდგეს თვალწინ. ცივილიზებული სამყაროს კუთვნილი საზოგადოებისათვის გაუგებარი იქნება ის მოვლენა, თუ რატომ აქვს მსგავსი ცხოვრება დამნაშავეს, რომელიც, ლოგიკურად, კარგა ხანია სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულებების ბრალდებით მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარმდგარიყო პოსტრევოლუციურ საქართველოში. 

არც ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპას და პოსტსაბჭოთა სივრცეს "ხავერდოვანი რევოლუციების" ტალღამ გადაუარა. ისტორიისათვის ეს პერიოდი სულ ერთი გაელვებაა, რომელიც მოგვიანებით ეპოქის ფურცლებს შორის საკუთარ ადგილს დაიკავებს. თუმცა, ასევე მცირე დრო დასჭირდა იმას, რომ სერბეთსა თუ უკრაინაში ხალხს "რევოლუციურ მონაპოვარზე" უარი ეთქვა და გზის გასაგრძელებლად კომპასის სხვა მიმართულება აერჩია. 

წარსულს ჩაბარდა ის დროც, როცა სერბეთის რევოლუციის პიარისთვის დასავლეთი, ტრანსნაციონალური, მართული კორპორაციების დახმარებით, უზარმაზარ თანხებს დებდა დოკუმენტური ფილმების გადაღებაში, ან პრეზიდენტ იუშჩენკოს იმიჯის გადასარჩენად (მისი უცაბედი და გაუგებარი ავადმყოფობის ოფიციალურ მიზეზად მოწამვლის დასახელებაზე უარის თქმის გამო), ავსტრიელ ექიმებს "უჩინარი ხელი" სამსახურიდან აძევებდა. 

უკრაინაში "ნარინჯისფერი რევოლუციის" ანტიგმირი დღეს ქვეყნის პრეზიდენტია, ხოლო სერბეთში პოპულარობის ზენიტში კვლავ მილოშევიჩის მიმდევარი ნაციონალისტები არიან, რომლებიც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ანალოგიური სიტუაციაა ყირგიზეთშიც, სადაც თავის დროზე დასავლეთმა ვერ გათვალა ადგილობრივი საზოგადოების მენტალიტეტის თავისებურებები და "ხავერდოვანი გადატრიალება" სისხლიან კალოში გადაიზარდა. 

მოკლედ, გრანდიოზული მოცულობის ფინანსები წყალში გადაიყარა, თუ კონკრეტულ ეტაპზე თავისი ფუნქცია შეასრულა, ამას დრო და სივრცე გამოაჩენს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში გეოპოლიტიკური რუკა ისე შეიცვალა, დღეს მიმდინარე მოვლენები უფრო პირველი ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს.

ყველაზე "მდგრადი" რევოლუცია ქართული აღმოჩნდაო – აღნიშნავენ დასავლელი ჩინოვნიკები თუ მედია. "მდგრადი" მართლაც აღმოჩნდა, ოღონდ სხვა კუთხით. წლები გადის, საქართველოში არც სისტემა იცვლება, არც არჩევნები ტარდება დემოკრატიულად, არც შეცდომებზე პასუხის მომთხოვნი ჩანს. ასეთი ტიპის ძალაუფლება ნებისმიერ, დემოკრატიულ ხელისუფლებასაც გაათავხედებდა და ჩვენს შემთხვევაში რა გასაკვირია, რომ წლებს მიჰყვება წლები და მდგომარეობა უარესდება.

ამბობენ, დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რევოლუციის შემდეგომ შევარდნაძის ხელშეუხებლობაც იყო, რათა სხვა "ხავერდოვანი რევოლუციების" შემთხვევაში, შეშინებულ, დასამხობად განწირულ რეჟიმებს ძალა არ გამოეყენებინათ და დასავლეთის კონკრეტული მიზნები არ ჩაეშალათ. `ხავერდოვანი რევოლუციების~ ეპოქა გადავარდა და კრწანისში მჯდომი მთავარი დამნაშავის პასუხისგება კვლავ არავის მოსვლია აზრად. თუ ასაკია დაბრკოლება, პინოჩეტის მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ მიზეზები აშკარად გაცილებით განსხვავებულია, ვიდრე ასაკი, ან მსგავსი საბაბი შეიძლება იყოს. 

რა შერჩა შევარდნაძეს, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ გავიხსენოთ, ისეთ სიას მივიღებთ, ბოკასას ხელისუფლებას, თუ სიცილიის მაფიის ბოსებს ერთდროულად შეშურდებოდათ: პოლიტიკური ნიშნით რესპრესიები, მიტინგების და მანიფესტაციების დარბევები, მაფიოზური გარიგებები, მკვლელობები, ადამიანის უფლებათა დარღვევების უმძიმესი ფაქტები, წამება ციხეებში, პირველი პრეზიდენტის დევნა და მკვლელობა, სრული განუკითხაობა და უკანონობა, ზღვარდაუდებელი კორუფცია, არჩევნების ტოტალური გაყალბება, რაც გახდა კიდეც `დიდი ნოემბრის რევოლუციის" საბაბი და ასე შემდეგ.

შევარდნაძემ სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, კლანების მოქრთამვით, შეძლო წლების განმავლობაში ძალაუფლების შენარჩუნება და, საბოლოოდ, ტკბილი სიბერეც გაინაღდა. თუ ხელისუფლების საქმიანობას გადავხედავთ, სათაურშივე დასმულ კითხვაზე პასუხიც არ უნდა გაჭირდეს: შევარდნაძეს შერჩა იმიტომ რომ, ეს ხელისუფლებაც ისეთივეა, როგორც მისი წინამორბედი, უბრალოდ, ფასადები აქვთ სხვადასხვა.  

ასლან აბაშიძის და ლევან მამალაძის კლანებს ახალი კლანები ჩაენაცვლა, ყველა სფეროში დილეტანტიზმი ჰყვავის, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ვერ მოხერხდა, რომელსაც დღიდან მოსვლისა აგრესიულად აპიარებდა ხელისუფლება მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანით.

ასეთი "ორმაგი სტანდარტების" მქონე ქვეყანა ალბათ დედამიწის ზურგზე იშვიათად მოიძებნება. თუ ქართული სისტემის სპეციფიკას გავითვალისწინებთ, მთავარი დამნაშავე ამ პირამიდაში ვინც არის, ყველამ კარგად იცის და დამალულ-დაფარულიც არაფერია. რკინის ოქროდ გასაღება განუკითხაობის ბუდედ ქცეულ სახელმწიფოში უკვე ჩვეულებრივ, და შეიძლება ითქვას, ლოგიკურ მოვლენადაც იქცა და განმკითხავსაც კვლავ ბაზალეთის ტბის სიღრმეში სძინავს უდრტვინველად.