• თბილისი
  • 24°C
  • 29 მაისი, 2017
article

ბურჯანაძე „ანზორის ხანაზე“ ოცნებობს

„სახალხო კრება" არაბული სამყაროს სცენარის საქართველოში განვითარებას პროგნოზირებს. ,,ქართული პარტიის’’  შემდეგ, ,,წარმომადგენლობითი სახალხო კრება’’, უკვე მეორე პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ამას ვარაუდობს.

ნინო ბურჯანაძე, რომ რადიკალთა შორის ყველაზე რადიკალურია, ეს 2009 წლის აპრილის მოვლენებისა და გასული წლის 25 ნოემბრის აქციების დროსაც გამოჩნდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ხელისუფლების  წინააღმდეგ  ბრძოლაში ყველა ხერხს იყენებს, თუმცა ხშირად რომ მიზანი არ ამართლებს საშუალებას, ეს ნინო ბურჯანაძემაც იცის.

 

არაბული სამყაროს მსგავსად, პროცესების საქართველოში განვითარება კი ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობას ნიშნავს.

 

მარტის ბოლოს აქციებს იწყებს ,,ქართული პარტიაც’’, თუმცა მას არ შეუერთდება სახალხო კრება. კრების ერთ–ერთი დამფუძნებელი ნონა გაფრინდაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კრება დამოუკიდებლად გააგრძელებს მოქმედებას და მიტინგებსაც თავად ჩაატარებს.

 

,,თუ ვინმეს სურს კრებას შემოუერთდეს კი ბატონო, ჩვენ არავის ვეუბნებით უარს, თუმცა ჩვენ არ ვიქნებით სხვისი ორგანიზებული აქციების თანამონაწილე და არც პასუხისმგებლობას ავიღებთ’’– აცხადებს გაფრინდაშვილი ,,პრესა.ჯი’’–სთან საუბრისას.  

 

გეტყვით, რამდენიმე გაუხმაურებელ დეტალს, გასული წლის ,,წარმომადგენლობითი სახალხო კრების’’ მიტინგიდან, რომელიც პარლამენტის შენობის წინ, 25 ნოემბერს გაიმართა. კრების აღმასრულებელი ორგანოს  წევრებმა  მოახერხეს რამდენიმე ათასი ადამიანის გამოყვანა ქუჩაში. თუმცა, მათ მომიტინგეებს იმედი გაუცრუეს. ამის გამო, გაღიზიანებული მომიტინგეები ხელს ლიდერებისკენ იშვერდნენ და მათ ხელისუფლებასთან ალიანსში ადანაშაულებდნენ.

 

მომიტინგეების მხრიდან ყველაზე დიდი აგრესიისა და კრიტიკის ობიექტი ნინო ბურჯანაძე იყო. ლიდერები კი რუსთაველზე მოწყობილ კარავში მსჯელოდნენ და ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ. მსახიობი გურამ ფირცხალავა თვლიდა, რომ ხალხის ასე გამოყვანა და შემდეგ  ისევ სახლში გაშვება უსამართლობა იქნებოდა. ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს’’ ლიდერი, კი მსახიობს არწმუნებდა, რომ მოვლენების რადიკალიზაციის დროც მოვიდოდა.

 

როგორც ჩანს ბურჯანაძეს ჰგონია, რომ ეს დრო ახლოვდება და კრებაც განსაკუთრებულად ემზადება ამ პროცესისთვის. ისინი რეგიონებში ორგანიზაციებს ხსნიან და სწორედ რეგიონიდან ჩამოსული ადამიანების ხარჯზე გეგმავენ პროცესების ქუჩიდან წარმართვას.

 

„სახალხო კრების" წევრი და კრემლის ფავორიტი ნინო ბურჯანაძე რიგგარეშე  არჩევნების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა, დღევანდელ პირობებში, არჩევნების ობიექტურად ჩატარებას გამორიცხავს.

 

თუმცა, თუკი „კრებაში“ მიაჩნიათ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელი საკანონმდებლო სივრცის პირობებში შეუძლებელია,  მათ პროცესების ქუჩაში გადმოტანის გარდა, ალტერნატივა არ რჩებათ. "სახალხო კრება" არ აკონკრეტებს, როდის შეიძლება დაიწყოს საქართველოში საპროტესტო ტალღა, თუმცა პროცესების ქუჩაში გადმოტანის აუცილებლობაში ეჭვი არ ეპარება.

 

სწორედ მას შემდეგ დაიწყებენ ბურჯანაძე და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები ეგვიპტის, ლიბიის, ტუნისისა და ალჟირის მსგავსად პროცესების განვითარებას საქართველოში. ამ შეფასებაში გადაჭარბებული არაფერია, ვინაიდან სწორედ კრების აღმასრულებელი ორგანოს წევრმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ „ამგვარი პროცესები საქართველოშიც შესაძლოა მოხდეს“.