• თბილისი
  • 24°C
  • 29 მაისი, 2017
article

გენერალი მაზნიაშვილი – გმირი საფლავის გარეშე

“სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”, ეს სიტყვები, ცნობილ ქართველ გენერალს გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის, რომლის  ღვაწლიც დიდია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

გიორგი მაზნიაშვილი, 1871 წელს კასპის რაიონში დაიბადა. მათი გვარი მესხეთიდან ყოფილა. მამა ივანე მაზნიაშვილი, შვილის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა.  ეს პატარა გიორგის სურვილიც ყოფილა, ამიტომ  თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შეუყვანიათ, რომლის დამთავრების შემდეგ გიორგიმ მეფის არმიაში დაიწყო სამსახური. ქართველმა გენერალმა რუსეთ-იაპონიის ომში გამოიჩინა თავი, რის გამოც იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ, წმინდა გიორგის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა. საკმაოდ მნიშვნელოვანია ქართველი გენერლის ღვაწლი მსოფლიო ომშიც, სადაც ის დაიჭრა.

გიორგი მაზნიაშვილმა, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე, მეორე ქართული დივიზია ჩამოაყალიბა. იმ დროისათვის დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიების მიტაცების ბევრი მსურველი იყო. დასავლეთიდან ოსმალები და გერმანელები გვიტევდნენ, ჩრდილოეთიდან  რუსი ბოლშევიკები და დენიკინელები, აღმოსვლეთიდან – მუსავატისტები, სამხრეთიდან დაშნაკები. გენერალი  ცდილობდა, ოთხივე მხრიდან დაეცვა სამშობლო.

როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, გიორგი მაზნიაშვილი მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. თავიდან საკმაოდ დიდ წარმატებისათვის მიუღწევია, რის გამოც მე-11 წითელი არმია იძულებული გახდა უკან დაეხია. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ, რატომღაც უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მისთვის უკან დახევა უბრძანებია. გენერალი ბრძოლის შეწყვეტის  წინააღმდეგი ყოფილა, თუმცა მთავრობის დაჟინებული თხოვნის შემდეგ  მაზნიაშვილი იძულებული გამხდარა  დამორჩილებოდა მთავრობის ნებას.

გენერალი შემდეგ ამ ამბავს ასე იხსენებდა: “იმ კრებაზე, სადაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამცთუ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომელნიც ფრონტს თვალით დავყურებდით და კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგის და ჩვენი ძალები, არამედ არც შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენაც კი არ ინებეს”.

1921 წლის თებერვალში თბილისიდან მთავრობის გაყვანა გიორგი მაზნიაშვილს დაევალა, მან 17 მარტს, ბათუმამადე ჩააცილა მთავრობა, მაგრამ ემიგრაციაში არ გაჰყვა, გენერალმა სამშობლო ვერ მიატოვა, რადგან თურქეთმა ისარგებლა რა, საქართველოში არსებული მდგომარეობით, ქიაზიმ-ბეის ჯარის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ბათუმის ოლქი მთლიანად დაიკავეს. ქიზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა.

გენერალმა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა  კვლავ ქვეყნის ინტერესები დააყენა, მან არეულობისას აქეთ-იქით გაფანტული ქართველები გაერთიანა, მის არმიაში წითელგვარდიელები და თეთრგვარდიელები გვერდიგვერდ იბრძოდნენ. ცნობილია მისი სიტყვა, რომელიც სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში წარმოთქვა: “მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ... ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ... ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ!”

სამი დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ოსმალებთან ბრძოლები, 1921 წლის 20 მარტს ოსმალები დამარცხდნენ, ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქიც დაიბრუნეს. ამ ბრძოლის შემდეგ, ბოლშევიკებმა გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს, საგანგებო კომისიამ, მაზნიაშვილს, კონტრევოლუციონერობის და ბანდიტიზმის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯეს. საბოლოო განაჩენი, პატიმრობით შეუცვალეს, გაითვალისწინეს რა მისი ღვაწლი ოსმალეთთან ბრძოლაში. სამი წლის შემდეგ, მაზნიაშვილი გაათავისუფლეს და როგორც მენშევიკების გენერალს სამშობლოდან გაძევება მიუსაჯეს.

გიორგი მაზნიაშვილი პარიზში დამოუკიდებელი მთავრობის წევრებთან ჩავიდა. გენერალს უსაყვედურეს, რევოლუციურ კომიტეტს რატომ დაეხმარე და წითელგვარდილების გვერდით რატომ იბრძოდიო. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, გენერალ მაზნიაშვილზე ახალი ჭორები გაავრცელეს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი იმიტომ დამარცხდა, რომ ბოლშევიკებს მაზნიაშვილმა გადასცა აჯანყების გეგმაო. გენერალი, ცილისმწამებელი საწინააღმდეგო განცხადების გამოქვეყნებას ითხოვდა ემიგრანტების გაზეთში. თუმცა, მისი განცხადება არ გამოაქვეყნეს.

სასოწარკვეთილი მაზნიაშვილი წერდა: “გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრე უღალატებს სამშობლოს...  დავკარგე სრული იმედი და რწმენა მენშევიკების პარტიის ლიდერებისა... გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი სამშობლოში, შევერთებოდი ჩემ ორ მილიონ მოძმეს და მათთან ერთად  გამეზიარებინა ბედნიერებაცა და უბედურებაც და აგრეთვე ხმამაღლა მეთქვა, ყველა ქართველის გასაგონად, რომ რამიშვილისა და მისი დამქაშების ავანტურაში და დონკიხოტობაში მე არავითარი წილი არ მიდევს”.

საქართველოში დაბრუნებული გენერალი, საკუთაღ სოფელში ცხოვრობდა. როგორც თანამედროვენი იხსენებენ, ძალიან უჭირდა. 30-იან წლებში, როცა უდანაშაულო ადამიანებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ, უკვე ღრმად მოხუცებულ გენერალს ახლობლები და მეგობრები მალავდნენ. 

გენერლის შვილიშვილის, მიხეილის გადმოცემით, ერთხელ მათთან ოჯახში ყოფილა მისული, თუმცა ოჯახის წევრები იმდენად შეშენებულები იყვნენ, რომ პატარა მიხეილისათვის არ გაუმხელიათ, რომ სტუმარი მისი პაპა იყო. ამ დღის შემდეგ, მალევე დააპატიმრეს გიორგი მაზნიაშვილი.

ყოველგვარი გასამართლების გარეშე  დახვრიტეს.. ასე დაამთავრა სიცოცხლე დიდმა პიროვნებამ, რომელიც  მუდამ საქართველოსთვის იბრძოდა და იღწვოდა, კომუნისტური მთავრობა მას სიკვდილის შემდეგაც ებრძოდა და მასზე არსებულ რეალურ ინფორმაციას მალავდა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი, დღემდე უცნობია.