• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2017
article

კონსტანტინე გამსახურდია: ყველას ვურჩევ, საქართველოს კედელთან ნუ მიაყენებს

,,იმედი მაქვს, ხალხსა და პოლიტიკოსებს ეყოფათ სიბრძნე, რომ ქვეყანა კატასტროფამდე არ მიიყვანონ. ნუ დაგვავიწყდება, რომ თბილისიდან 35 კილომეტრში, რუსის ჯარი დგას. სახელმწიფოს კედელთან თუ მიაყენებენ, გარკვეულ პასუხსაც უნდა ელოდნენ, რადგან დღევანდელი საქართველო არ არის ისეთი, როგორიც 1991 წლის დეკემბერში იყო’’, - განუცხადა “პრესა.ჯი-ს” დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით დეპუტატმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

- 21 მაისს, რადიკალური ოპოზიცია აქციებს იწყებს. მათ რიგებში თქვენ თუ გიხილავთ?

 

- ამ აქციებს, გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა, მართებულად უწოდეს. ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ნამდვილად არის და მათაც შეზღუდვა არ ექნებათ. ყველას ვურჩევ, სახელმწიფოს კედელთან ნუ მიაყენებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ქვეყანა თავს დაიცავს. ასეთ, არასერიოზულ პარტიებთან ყოფნა, არასწორად მიმაჩნია, რადგან ჩვენი მიზანია ჯანსაღი ოპონირება თემატურ საკითხებზე, ხელისუფლებასთან კორდინაციაც და თანამშრომლობაც. ქვეყანაში  უამრავი პოლიტიკური პლატფორმაა, სადაც პარტიებსა და ლიდერებს შორის უსაშინლესი პოლიტიკური კონკურენციაა. რაღაც გაგებით, პარტიის ტაიმ-აუტზეც კი ვფიქრობთ.

 

- აქციებში რა როლს ითამაშებს რუსეთი და ,,ქართული პარტია’’ მოქმედებს თუ არა რუსეთიდან წამოსული დირექტივების შესაბამისად?

 

- ამ პარტიის ანტიამერიკული გამოსვლები სრულიად უსამართლოა, რადგან    ბრალდება, რომ ამერიკა ჩვენი სერიოზული მიზეზია, დიდი სისულელეა. საქართველოში დიდი რაოდენობის ამერიკული ფული შემოედინება და ყოველივე ამის შემდეგ, იმაზე საუბარი, რომ ამერიკა გვახრჩობს და საბჭოთა კავშირის კრემლის ფუნქციებს ასრულებს, უხერხული და უსამართლოა.   

 

- ნინო ბურჯანაძე იმუქრება, რომ 26 მაისს ხელისუფლება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აღლუმს ვერ ჩაიბარებს.  21 მაისიდან 26 მაისამდე რა პროცესების განვითარებას ელით?

 

- ჯერ, მხოლოდ მუქარები ისმის და შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ხალხსა და პოლიტიკოსებს ეყოფათ სიბრძნე, რომ ქვეყანა კატასტროფამდე არ მიიყვანონ. ნუ დაგვავიწყდება, რომ თბილისიდან 35 კილომეტრში რუსის ჯარი დგას. თუ ეს ადამიანები პოლიტიკურ პროცესებში ცივილიზებული ფორმით ჩართვებიან, ეს ქვეყანას ძალიან ბევრ პრობლემას აარიდებს, მითუმეტეს დღეს, როცა  ეკონომიკური ვითარება რადიკალურ პოლიტიკურ განცხადებებზე ძალიან მწვავედ რეაგირებს.   

 

- მოგეხსენებათ, ,,ქართულ პარტიასა’’ და ნინო ბურჯანაძეს შორის დაპირისპირებაა. გაჩეჩილაძე-ბიწაძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. თუმცა, დღეს ეროსი კინწმარიშვილმა ბურჯანაძეს თანამშრომლობის დაწყებისკენ მოუწოდა. ამ ყოველივეს შემდეგ, მათი გაერთიანება შესაძლებელია?

 

- მათ გაერთიანებაზე ვერაფერს გეტყვით. თუმცა, მომხრე ვარ, რომ ქვეყანაში ახალი ეთიკა დამკვიდრდეს, რომელიც ქართულ პოლიტიკას უფრო გაწმენდდა და ცივილიზებულს გახდიდა. ის მეთოდები, რითაც პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთს უსწორდებიან, სრულიად მიუღებელია.

 

- ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციის ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე იქნება რეაგირება. თუმცა, რეაგირება ხშირად არეულობაშიც გადადის. სამოქალაქო ომის საფრთხეს ხედავთ?

 

- ეს შეუძლებელია. თუმცა, თუ რუსეთი ღია ჩარევას განახორციელებს,  მაშინ საქმე ომამდე მივა. იმედი მაქვს, რომ ხალხი და პოლიტიკოსები საქმეს აქამდე არ მიიყვანენ. სახელმწიფოს კედელთან თუ მიაყენებენ, ბუნებრივია, იმასაც უნდა ელოდნენ, რომ გარკვეულ პასუხს მიიღებენ.    აღსანიშნავია, რომ დღევანდელი საქართველო არ არის ისეთი, როგორიც 1991 წლის დეკემბერში იყო. როდესაც, არ არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროება და ჯარი იყო გვარდია. ამ პერიოდში, ზვიად გამსახურდიას ერთგულები არ იყვნენ ძალოვანი მინისტრები და იგი განათლებისა და კულტურის მინისტრების ერთგულების ამარა იყო დარჩენილი.   

 

- როგორ ფიქრობთ, ოქრუაშვილი და ბურჯანაძე არიან ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ხალხს გამოიყვანენ და რევოლუციას მოაწყობენ?

 

- ასეთ შესაძლებლობას და რესურს ვერ ვხედავ. თუმცა, ვერ იმას ვამჩნევ, რომ ეს ადამიანები ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანენ.

 

- ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკაში, რუსეთი აქტიურად ერევა და დაძაბულობის შექმნისთვის თანხებსაც არ ზოგავს. თუმცა, ჯერჯერობით გამოკვეთილად არ ჩანს, ვინ არის კრემლის ფავორიტი. ვინ გახდება მოსკოვის რჩეული?

 

- ალბათ, ის ვინც რუსულ ინტერესებს სხვებზე უფრო მგზნებარედ გაატარებს.