• თბილისი
  • 35°C
  • 27 ივლისი, 2017
article

ეკატერინა ხვედელიძის სკანდალური აღიარება

მეოცე საუკუნის  „შარფითა” და სათვალით კი იწონებს თავს, მაგრამ მეთორმეტე საუკუნის კულტურას ალბათ ეკატერინა ხვედელიძე არ იცნობს, ისევე, როგორც მისი მეუღლე, ბიძინა ივანიშვილი არ იცნობს მეცხრამეტე საუკუნის ქართულ შემოქმედებას და ილია ჭავჭავაძეს, რომელიც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ივანიშვილი მას ბატონ ილიად მოიხსენიებს. მიკროფონებთან გამოჩენამდე დაზეპირებული მისი ფრაზები კი მჭადის სახელივით ავიწყდება. თუმცა, ცოლ–ქმარს დაბალი კულტურა და განათლებამ სულ არ უშლის ხელს ქვეყნის პირველობის ამბიცია ჰქონდეთ. მეტიც, ეკატერინა ხვედელიძე თავს თამარ მეფეს ადარებს.

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში გამართულ საღამოზე გაკეთებული კომენტარებით, ივანიშვილ–ხვედელიძემ ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცეს.

გასული საუკუნის მოდაზე გამოწყობილმა პროვინციელმა ქალბატონმა, რომელსაც საფრანგეთში ცხოვრების კვალი ნაკლებად ატყვია, უცნაური აქცენტითა და ლექსიკით განაცხადა: ,,მგონი ყველაფერი გამოგვივა იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიის ფურცლებზე ქალბატონების მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ ქალბატონები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და დღესაც გამოირჩევიან პრინციპულობით, მიზანდასახულობით და საქმისადმი თავდადებით.’’ ხვედელიძეს რომ „სწორება“ ნინო ბურჯანაზე არ ექნება,  ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რადგან მისი კარიერა საკმაოდ არასახარბიელოდ წარიმართა. წარმატებული ქალი მმართველი კი საქართველოს ისტორიაში თამარ მეფე გახლავთ. სწორედ თამარ მეფეს გულისხმობს ალბათ ხვედელიძე და იმედი აქვს, რომ საქართველოს ისტორიაში, პირველ რიგში მისი ოჯახის სასიკეთოდ, შემდეგ კი ქვეყნისთვის გადადგმული ნაბიჯებით, თამარ მეფის საპირწონე გახდება.

ამბიციები რომ არ აკლია მის სხვა განცხადებებშიც ვლინდება, მაგალითად: პოლიტიკაში ახლა კი არა, მეუღლესთან ერთად ჩავერთეო. ანუ სამი თვის წინ, როცა ბიზნესმენი ივანიშვილი პოლიტიკოსად გამოცხვა, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას თვალი გადაავლო და გადაწყვიტა მისი სიტყვებით გვესაუბროს. ოღონდ ივანიშვილს მეხსიერების პრობლემა აქვს და ახალდაზეპირებული ტექსტის შინაარსსაც კი ვეღარ იხსენებს, რომ საზოგადოებას მიახვედროს მაინც, გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების რომელი გამონათქვამის პერიფრაზირება სურდა. მეხსიერების პრობლემებს ივანიშვილი თავად აღიარებს, რადგან აცხადებს: მე ის კაცი არ ვარ ვინმემ გადაწყვეტილება მიაღებინოს ან აზრი შეაცვლევინოსო. არადა სულ რაღაც ოთხი თვის წინ, ის ქვეყნის მმართველი გუნდის თანამოაზრე იყო. ჰო, კიდევ ერთი, მისმა მეუღლემაც აღიარა, რომ ივანიშვილებს, როგორც ოლიგარქი იტყოდა, „სწორება“ საკუთარ ოჯახზე აქვთ. ეკატერინა ხვედელიძემ თავად განაცხადა: ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებ, რაც კარგი იქნება ჩემი ოჯახისთვის და ჩემი სამშობლოსთვის.’’

სანამ ივანიშვილ–ხვედელიძის ახალი კომიკური კომენტარებით საზოგადოება თავს იქცევს, ივანიშვილმა ფეისბუქიდან გვაცნობა: ჭორვილაში წავედი დედის სანახავად და თავს უფლება მივეცი სამთვიანი მძიმე პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ, ცოტა ხნით დავისვენოო.