• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2017
article

„ივანიშვილი პატრიარქს დასცინოდა“

პუტინის დესანტი ქართულ პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ „გაურკვეველი პოლიტიკური შეხედულებების მქონე“ ოლიგარქია. მას აქვს ფული, მაგრამ არ აქვს მაგალითად, პოლიტიკური ქარიზმა, რის გამოც „რიგითი ადამიანებისთვის“ ივანიშვილი ჯერ კიდევ „ფულის ტომარად“ მიიჩნევა. „ფულიან კაცად“, რომელსაც ცალკე ხელისუფლება, ცალკე კი - მისი გარემოცვა წველის.

თუმცა, ბარონი ჭორვილიდან იმაზე „საინტერესო მასალაა“, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. კერძოდ, მას აქვს „საკუთრივ გარკვეული შეხედულებები რელიგიასა თუ მასების მართვის ფსიქოლოგიაზე“.

მეტიც, თქვენ წარმოიდგინეთ, ივანიშვილს ყველასაგან განსხვავებული წარმოდგენა აქვს „ნარდზე“, რომელსაც ის, ვიდრე პოლიტიკაში შეძვრებოდა, მეზობელ გლეხებს ეთამაშებოდა („ნარდი არა მარტო გასართობი, არამედ ცხოვრებაცაა. თუ შენ არ მოკლავ, სხვა დაგასწრებს და მოგკლავს, თან ისე უნდა მოკლა, თუ გაცოცხლდა, აქეთ არ მოგკლას და მოგიგოს“ - ასე აყალიბებდა თავის აზრს ბატონი ივანიშვილი ამ უწყინარი თამაშის მიმართ).

ნარდის თამაშის პარალელურად, ოლიგარქი ჭორვილელ გლეხობას პირად ფილოსოფიურ-ფობიურ დამოკიდებულებებს ბორძიკით აცნობდა ისეთ ზესაკაცობრიო საკითხებზე, როგორიცაა: „ადამიანის რაობა თანამედროვე სტრუქტურულ მსოფლიოში“, „რუსეთი, როგორც მსოფლიო ბატონი“, „რელიგია და ფუნდამენტალური მისწრაფებების მუხრუჭი პლანეტარულ სივრცეში“, „დედა-შვილობა და გლობალიზიციის ასპექტები“...

მართალია, ჭორვილელ თუ ჭორვილაში შემთხვევით მოხვედრილ გლეხთა უმრავლესობამ თითქმის არაფერი იცოდა ან რატომ უნდა სცოდნოდა ბიძინასეულ ფილოსოფიაზე, მაგრამ ოლიგარქი მაინც ჯიუტად ავრცელებდა თავის საკრალურ თვალსაზრისს ჭორვილა-საჩხერის მასშტაბით...

მაგალითად:  ბატონ ივანიშვილს მწვავე კონფლიქტი ჰქონდა მის სოფელში ცნობილი მოძღვრის, მამა ბართლომეს გარემოცვასთან.

კერძოდ, ივანიშვილი თვლიდა, რომ „ეკლესიამ და მითუმეტეს თანამედროვე ეკლესიამ არ უნდა დათრგუნოს ადამიანები და ხელი არ უნდა შეუშალოს წარმატების მიღწევაში, თუნდაც ეს არაქრისტიანული მოქმედებებით შეძლოს“. და კიდევ, ოლიგარქის აზრით: „საპატრიარქოს არაფერი ეკითხება იქ, სადაც ის და მისი ბიზნესია“.

სოფელ მოძვში მცხოვრები (ეს სოფელი ჭორვილის საზღვართან მდებარეობს) ვაჟა ტყემალაძე ამბობს: „ივანიშვილის მეზობლებისგან და მისი ნათესავებისგან, რომლებიც ახლაც ჭორვილაში ცხოვრობენ ბევრჯერ გამიგია ერთი დიდი უცნაურობა: რომ ბატონ ბიძინას არ უყვარს პატრიარქი და რომ ის საქართველოს ეკლესიასა და პატრიარქს აუგად იხსენიებდა. გამიგია, რომ ბატონი ივანიშვილი პატრიარქს დასცინოდა“.

სამაგიეროდ, ჭორვილელთა აზრით, ოლიგარქს უყვარს  მორჩილება და შექება... როცა ის საუბრობს და შენ, რიგით მოკვდავს (რომელსაც პრეტენზია არ გაქვს 120 წლიან ცხოვრებასა და „დედა-შვილობის“ ურთიერთობების ახლებულად გადაწყვეტაზე), მისი უბიძინესობის მოწყალე ყურადღება გესაჭიროება, გროშების მიღების რეალური შანსი, რეალურად გაგეზრდება, თუ ოლიგარქს მორცხვად, მაგრამ აღტაცებით უძღვნი დითირამბებს (შეძლებისდაგვარად)...

თუმცა, ამას ყველა როდი ახერხებს... კონკრეტულად კი, ივანიშვილებისადმი დითირამბების მიძღვნა-მირთმევის საკითხებში თავი ვერ გამოიჩინა კორბოულელმა ზაურ მაჭარაშვილმა.

მან, ივანიშვილების წყალობა მხოლოდ იმიტომ დაკარგა, რომ აღტაცებით არ შეეგება და ფეხზე ვერ წამოუდგა (არ იცოდა ვისი „სახლიკაცი იყო“) ბიძინა ივანიშვილის დიდებულ ძმას, რომელიც მიუხედავად ძმის მილიარდებისა, დღესაც მაზუთიანი ხელებით დაიარება რაიონში...

თუმცა, ისევ ივანიშვილისა და რელიგიის თემას დავუბრუნდეთ... მართალია, რელიგიური შეხედულებები კერძო და არასაჯარო საქმეა, მაგრამ გეკითხებით, პოლიტიკოსი (საჯარო პირი), რომელიც სხვების დასანახად,  ეკლესიაში მუხლგადატყაული ანთებს სანთლებს და კამერების წინ კეკლუცად ლოცულობს, სინამდვილეში თუ ერთი ფულიანი ათეისტი ან უფრო მეტი, რომელიმე სექტის მიმდევარია, აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება, იცოდეს სიმართლე?

აი რას ამბობს, რეგიონის ერთ-ერთი საეკლესი პირი, რომელმაც ოლიგაქრს არაერთი წერილი გაუგზავნა: „ჩვენი აზრი იყო, რომ საჩხერე-ჭიათურა ერთ დიდ საეკლესიო კერად უნდა გადაქცეულიყო.

გვინდოდა აქ აშენებულიყო უამრავი ახალი ეკლესია-მონასტერი, საეკლესიო საგანმანათლებლო შენობები, მომხდარიყო რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია.

ამ პროექტის წინააღმდეგი არც საქართველოს საპატრიარქო იყო. ანალოგიური საეკლესიო პროექტის განხორციელებას გეგმავდნენ მოძღვრები „მღვიმის მონასტრიდანაც“, სხვა სასულიერო პირებიც თუმცა, ყოველივე ამის დაფინანსებაზე ბატონმა ივანიშვილმა უარი განაცხადა.

თავდაპირველად, უარის მიზეზი ჩვენთვის არავის აუხსნია, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მისმა სოფლელებმა ღია საუბრები დაიწყეს, ბატონი ბიძინას არაქრისტიანობაზე, ყველაფერი ნათელი გახდა - ჩვენი შეხედულებები მისი რელიგიური აზრებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ალბათ სწორედ ეს იყო უარის მიზეზიც“.

მიუხედავად ამგვარი ინფორმაციისა, ივანიშვილის პრეს-წარმომადგენელი და ალასანიას ცოლის და, მაია ფანჯიკიძე მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ოლიგარქი თითით საჩვენებელი მართლმადიდებელია.

„პრესა.ჯი“: თავიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს პატრიარქთან არ ჰქონდა ნორმალური დამოკიდებულება...

მაია ფანჯიკიძე: ეს არის აბსოლუტური სისულელე და მე არ ვიცი ვინ ავრცელებდა ამ ინფორმაციებს, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის ცუდი რეპუტაციის შექმნას ემსახურებოდა ეს ინფორმაცია.

- თბილისის ყოფილმა მერმა, თამაზ ვაშაძემ, ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პატრიარქმა მას პირადად უთხრა: „ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს“... პატრიარქსაც ჰქონდა ივანიშვილთან კომუნიკაციის პრობლემა?

- ვინ არის თამაზ ვაშაძე, არ ვიცი, პირველად მესმის ეს სახელი და გვარი და მეორე, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ახლოს არის პატრიარქთან, მიდის სისტემატურად და ნახულობს მას, სტუმრობს მასთან, აქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა და თუ არ ვცდები, გუშინაც იყო იქ.

- ჩვენც სწორედ ამას გეკითხებით, ეკლესიურობანას ბატონი ოლიგარქი ხალხის დასანახად თამაშობს? პოლიტიკაში გამოჩენამდეც იგივე ურთიერთობა ჰქონდა მას პატრიარქთან?

- პოლიტიკაში გამოჩენამდე მე ბატონ ბიძინას არ ვიცნობდი და ამ საკითხით არ დავინტერესებულვარ.

- სწორედ ასეთი მოსაზრება ვრცელდება, რომ მან პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ გადაწყვიტა ეკლესიის თემით მანიპულირება და მოუხშირა პარტიარქთან შეხვედრებს, მანამდე კი პატრიარქს ხმის მიწვდენაც კი არ შეეძლო მისთვის, მეტიც, გაპოლიტიკოსობამდე, ოლიგარქი პატრიარქს დასცინოდა...

- რა ვრცელდება არის ერთი, ხოლო რა არის, ეს არის მეორე. მე ამ ინფორმაციის გამვრცელებლებს არ ვიცნობ, შესაბამისად, არ ვიცი რას ეყრდნობა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია“.

P.S.: საჩხერეში და ამ რაიონის სოფლებში ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი პატრიარქს დასცინოდა და ეკლესიის მიმართ კარგი განწყობა არ ჰქონდა. ოლიგარქის პრეს-ცენტრი კი ამტკიცებს, რომ ბატონი ბიძინა ეკლესიური, რელიგიური და მართლმადიდებელი ადამიანია. რა შეიძლება იყოს ყველაზე უტყუარი მტკიცებულება, ამ საკითხის შესახებ, თუ არა, თავად ივანიშვილის გამონათქვამი?

„მე მატერიალისტი ვარ. არ მჯერა სიცოცხლის, სიკვდილის შემდეგ“ - ციტატა ბიძინა ივანიშვილის საგაზეთო ინტერვიუდან: გაზეთი „ვედომოსტი“, 2005 წელი!