მასობრივი პანიკა არ ცხრება. პეკინის, ხანდანის, ცინხუანდაოსა და ხებეის პროვინციების მოსახლეობა ულამაზესი, მაგრამ საშიში მოვლენის მოწმე გახდა. ცა იასამნისფრად შეიღება, რის გამოც ჩინელების უმრავლესობას სჯერა, რომ ეს, მოსალოდნელი საშინელების ნიშანია.
ჩინეთს კატასტროფა უკვე დაატყდა თავს. 21 ივლისის წყალდიდობამ ოფიციალური მონაცემებით 77 ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ როგორც მოსახლეობა ბლოგებსა და სოციალურ ქსელებზე წერს, დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ინტერნეტში ახლაც იდება ახალ-ახალი ჩანაწერები: ადამიანები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონაცემებს აქვეყნებენ და დღემდე ეძებენ ახლობლებს და როგორც ამბობენ, მსგავსი სტიქიური უბედურება ბოლო 60 წლის განმავლობაში არ ახსოვთ.
შეშინებული ჩინელები იასამნისფერემა ცამ უფრო მეტად დააფრთხო. ისინი თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ეს უფრო დიდი საშინელების მომასწავებელია. გაზეთები კი იხსენებენ 1976 წლის მიწისძვრას, რომელსაც 250 ათასი ადამიანი ემსხვერპლა და რომელიც მეოცე საუკუნის უდიდეს ბუნებრივ კატასტროფად ითვლება.
საქმე ისაა, რომ როგორც თვითმხილველები იხსენებენ და ეს ინფორმაცია ინტერნეტშიც მოიპოვება, მაშინაც, ცა სწორედ მოწითალო-იასამნისფრად შეიღება. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყანას ძლიერი წვიმები დაატყდა თავს, პრაქტიკულად ისეთი, როგორიც ჩინელებმა ორიოდე კვირის წინ უკვე გადაიტანეს.
ამის გამო ქვეყანაში ახლა მასობრივი პანიკაა. ხალხი ლოცულობს, რომ მორიგი მასშტაბური კატასტროფა თავიდან აიცილონ. სპეციალისტებიც არ უარყოფენ, რომ ტექტონიკური აქტივობის ზონაში სინათლის სხვადასხვაგვარი ეფექტები მართლაც ფიქსირდება.