საპროტესტო აქციის მიზეზი ძალიან კონკრეტულია. სატვირთო ავტომანქანების მძღოლები რენტგენის აპარატებით სასაზღვრო კონტროლს აპროტესტებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ აპარატებით, რუსულ ტერმინალში, მათი და მათ მიერ აფხაზეთში შესატანი ტვირთის დასხივება ხდება. ამიტომაც, საზღვარზეც და ამჯერად უკვე სოხუმის ცენტრალურ მოედანზე დიდი აქციის გამართვას აპირებენ.
საზღვარზე რენტგენის აპარატები 2 თვის წინ დაამონტაჟეს. მათი საშუალებით მოწმდება ყველა მანქანა - ცარიელიცა და დატვირთულიც. მძღოლები ამაში საფრთხეს ხედავენ. მით უმეტეს, რომ როგორც აცხადებენ, ამ აპარატებზე სპეციალური ნიშნებიც შენიშნეს, რომლებზეც მითითებულია, რომ 30 მეტრის რადიუსში გაჩერება არ შეიძლება. ეს ტერიტორია შემოსაზღვრულიც კია.
მძღოლები ფიქრობენ, რომ რუსულ ტერმინალში არა მარტო მათ, არამედ მათ მიერ აფხაზეთში შესატან ტვირთებსაც ასხივებენ. მათი თქმით, განსაკუთრებით საშიშია ის, რომ მავნე ზემოქმედებას კვების პროდუქტებიც ექვემდებარებიან, მათ შორის, ბავშვებისათვის განკუთვნილი საკვები.
მძღოლებს მხარი ქალებმაც დაუჭირეს, რომლებიც პროდუქტების საწყობებში მუშაობენ. ისინი დღეს სოხუმის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან და რუსეთს აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულებენ, საკუთარ ე.წ. ხელისუფლებას კი „დასხივების პრობლემის“ მოგვარებას მოსთხოვენ.
პირველი ასეთი აქცია 16 აგვისტოს უკვე გაიმართა. მისი მონაწილეები ამტკიცებენ, რომ მძღოლები, რომლებიც ამ „ცივილურ სასაზღვრო კონტროლს“ გადიან, ცუდად ხდებიან.
„მე ვნახე ადამიანი, რომელმაც ვერც კი მოასწრო მანქანიდან გადმოსვლა და თავს ცუდად გრძნობდა. არის ასეთი შემთხვევები“ - აცხადებდა აქციის მონაწილე.