• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2017
article

რუსეთის ბაზარზე, პირველი ივანიშვილის ძმის კომპანია შედის

კრემლი რუსეთის ბაზარზე იმ ქართულ კომპანიას ეპატიჟება, რომლის მეწილეც პრემიერ მინიტრ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია. 

საქართველოში ჩამოსულმა რუსმა ექსპერტებმა, რომლებსაც ქართველი მეღვინეები როგორც უფროს ძმებს, ისე დახვდნენ, ჯერჯერობით ორ კომპანიას გაუწიეს რეკომენდაცია. 

პირველი პრემიერ მინისტრის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის “შვილობილი”, მეორე კი ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებული ღვინის ქარხანაა. 

რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ბაზარზე ორი ქართული კომპანია აპრილის ბოლოს შევა. “ქინძმარაულის მარანი” და “დუგლაძის ღვინის სახლი” - ეს ის კომპანიებია, რომლებსაც ონიშენკომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პატივი დასდო. 

“პრესა.ჯი”-ს ინფორმაციით, პრემიერ ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი “დუგლაძის ღვინის სახლსა” და ვაზიანის ქარხანას კრიშავს და მისი არაოფიციალური მეწილეა. 

მართალია, საქართველოს ახალი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნებით ჩვენი ქვეყანა აყვავდება, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ სხვა შესაბამისი სამსახურები, მხოლოდ პრემიერი ოჯახის კომპანიებს ლობირებენ. 

“პრესა.ჯი”-სთან ამ თემაზე საუბარი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და “დუგლაძის ღვინის სახლის” წარმომადგენლებს არ სურთ. სამინისტროში აცხადებენ, რომ “ქართული კომპანიების რუსეთის ბაზარზე დაბრუნების პროცესი ჯერ არ დასრულებულა”. “დუგლაძის ღვინის სახლში” კი ჟურნალისტებს არ ეკონტაქტებიან. 

“პრესა.ჯი” ცდილობდა დაკავშირებოდა ალექსანდრე ივანიშვილსაც, რომელსაც ძმის გაპრემიერის შემდეგ, შესამჩნევად გაეზარდა მადა. მასთან კონტაქტი შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან “ბატონი ალექსანდრე ძალიან დაკავებულია”.