• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2017
article

სვეტიცხოვლის კედელზე წმინდა ნიკოლოზი გამოჩნდა

უამრავი ადამიანი, რომელიც ღამისთევით იმყოფებოდა სვეტიცხოველში და მირონის ხარშვის პროცესს ესწრებოდა, ისეთი მოვლენის მოწმე გახდა, რასაც მართლმადიდებლური სამყარო სასწაულს უწოდებს: მლოცველთა თქმით, დაახლოებით შუაღამის პირველ საათზე ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის ხატი გამოისახა.

 

თვითმხილველთა თქმით, ღამისთევით მლოცველთა უმრავლესობა ამ სასწაულის შემდეგ გაოგნებული იყო. როგორც მოვლენის ერთ–ერთმა თვითმხილველმა, ლეილა ჩარგაზიამ „პრესა.ჯი“–ს უთხრა, რამდენიმე ქალს გულიც კი წაუვიდა:

 

„როგორც კი ვიღაცამ დაიძახა, ნახეთ, წმინდა ნიკოლოზი გამოისახაო, მრევლი აღმოსავლეთ კედელს მიაწყდა. ამ დროს ტაძარში მირონი იხარშებოდა. წმინდანი სწორედ იმ მხარეს გამოისახა კედელზე, სადაც მირონს ხარშავდნენ. იგი ასეულობით ადამიანმა ნახა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩანდა და არ შეიძლებოდა, სხვაში აგრეოდა. თავდაპირველად რამდენიმე ქალი ცუდად გახდა – გული წაუვიდა. ჩვეულებრივი, ყველა მორწმუნისთვის ცნობილი ხატის გამოსახულება იყო, ღვთისმშობელი რომ ომფორს აწვდის და მაცხოვარი კი სახარებას... მირონ–ლუკიის ეპისკოპოსი, მსწრაფლშემსმენელი და საკვირველთმოქმედი ნიკოლოზი გვფარავდეს ყველას...“

 

„პრესა.ჯი“–ს ინფორმაციით, კედელზე წმინდანის ხატის გამოსახვის შემდეგ მრევლიდან რამდენიმემ მედია–საშუალებებშიც დარეკა, თუმცა, არასამუშაო საათების გამო, მცხეთაში ჟურნალისტები არ ჩასულან. ადგილზე მხოლოდ ერთ–ერთი ტელეკომპანიის ჟურნალიტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სიუჟეტი მოამზადეს და ეთერში დღეს გაუშვეს. სტატია მზადდება რამდენიმე გამოცემისთვისაც.

 

შეგახსენებთ, რომ წმინდა საკვირველთმოქმედი წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად ითვლება. რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდანის სახელზე წერილიც დაწერა, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა. წერილში პატრიარქი წმინდანს საქართველოს ეკლესიის მფარველად მოიხსენიებს და მას ერის, ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობას ავედრებს. კათოლიკოს–პატრიარქის ზემოთხსენებული წერილი იტალიის ქალაქ ბარიშიც გაიგზავნა, სადაც წმინდა ნიკოლოზის საფლავი მდებარეობს.

 

სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახვა უმნიშვნელოვანესი პროცესის – მირონის ხარშვის დროს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ წმინდანი საქართველოს და ქართულ ეკლესიას მფარველობს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ხუთშაბათია. სწორედ დღევანდელ დღეს უკავშირდება მაცხოვრის მიერ ზიარების საიდუმლოს დაარსება. ამასთან, სწორედ ხუთშაბათს გამოიჩინა იესომ გაუგონარი თავმდაბლობა და თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა.

 

წმინდა მირონს ადამიანს ერთხელ სცხებენ – ნათლობისას. მირონცხებას სულიწმინდის ბეჭედსაც უწოდებენ. ადამიანთაგან მხოლოდ მეფეს ჰქონდა პატივი, მირონი სიცოცხლეში ორჯერ ეცხო: ერთხელ ნათლობისას და მეორედ – მეფედ კურთხევისას. წმინდა მირონის კურთხევა ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ–ერთი დადასტურებაა, მირონის ხარშვა კი – უმნიშვნელოვანესი მოვლენა ეკლესიისთვის. მირონის ხარშვისა და მისი კურთხევის უფლებით ქართული ეკლესია უძველესი დროიდან სარგებლობს. წმინდა მირონი 15–20 წელიწადში ერთხელ იხარშება.

 

ამ წუთებში სვეტიცხოვლის ტაძარში სრულდება საზეიმო წირვა, რომელსაც საქართველოს პატრიარქი აღავლენს. ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახულების გაჩენასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი, სავარაუდოდ, ქადაგების დროს ისაუბრებს.

 

ზემოთხსენებული მოვლენით ინტერნეტტელევიზია "itv.ge" დაინტერესდა და რამდენიმე თვითმხილველიც მოიძია, რომელთაც კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახვა მობილური ტელეფონით ჰქონდათ გადაღებული. თემაზე მომუშავე გადამღებმა ჯგუფმა სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრის ჩაწერაც სცადა, თუმცა, მან ამ მოვლენის კომენტირებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ კედელზე გამოსახულება პირადად არ უნახავს. "itv.ge"-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:

 

http://www.itv.ge/?m=16&CID=15547