• თბილისი
  • 9°C
  • 13 დეკემბერი, 2017
article

კომპანია RMG-ს დეპუტატი კახა კუჭავა ლობირებს

საყდრისის კომიტეტმა წარმოადგინა სქემა, რომელიც, მათი განცხადებით, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. კომიტეტი ვარაუდობს, რომ კომპანია „RMG”-ს უკან გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დგას და ის ლობირებს კომპანიას.

საყდრისის კომიტეტის წევრების თქმით, „არემჯი ჯგუფის“ მეპატრონემ დიმიტრი ტროიცკიმ და ინგლისურმა კომპანიამ დააარსეს ერთობლივი კომპანია „ჯორჯია ვოტერ ენდ გოლდ“-ი, რომლის გენერალური დირექტორი იყო კახა კუჭავა. როცა იგი დეპუტატი გახდა, მისი პოზიცია დაიკავა რევაზ ბერიძემ, რომელიც კახა კუჭავას ბიზნეს პარტნიორია და მათ საერთო მფლობელობაში კიდევ ბევრი კომპანია აქვთ.

საყდრისის კომიტეტი გარემოს დაცვის სამინისტროსგან „RMG“-ს მიერ გარემოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრას ითხოვს. მათი მტკიცებით, ზარალი რამდენიმე ასეულ მილიონს აჭარბებს და განსაზღვრა შეგნებულად ჭიანურდება. რადგან ახლო მომავალში მიღებული იქნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც  მორგებული იქნება კომპანია „არემჯი“-ზე და მათ გარემოზე მიყენებული ზარალის კოლოსალური რაოდენობა შესაძლოა მთლიანად ჩამოეწეროთ.

საყდრისის კომიტეტის თქმით,  2015 წელს ბოლნისის რაიონში 5 წყლის და 15 მიწის სინჯი იქნა აღებული და, კვლევის შედეგების თანახმად, ვითარება საგანგაშოა. კომიტეტმა წარმოადგინა ამ კვლევის შედეგები და ცხრილები, რომლის მიხედვით ქიმიური ელემენტები დასაშვებ ზღვარს რამდენჯერმე აღემატება.

კომიტეტის წევრები ითხოვენ, კომპანია RMG-მ დააფინანსოს ბოლნისის რაიონში მოსახლეობის ეპიდემიური კვლევა და, ასევე, ნიადაგისა და ერთწლოვანი კულტურების კვლევა. და ამ კვლევაში კომიტეტის წევრებიც ჩაერთონ.