• თბილისი
  • 24°C
  • 29 მაისი, 2017
article

შინდისის გმირები ანუ თანამედროვე ‘’ღიმილის ბიჭები“

რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი ედმონდ მინაშვილი, შინდისის გმირებზე დოკუმენტური ფილმის გადაღების შემდეგ მხატვრულ ფილმის გადაღებას იწყებს. რეზო ჩხეიძის  თანხმობით, ამ ფილმს „ღიმილის ბიჭები“ დაერქმევა. „ბატონმა რეზომ მითხრა, ჩემი ღიმილის ბიჭები გამოგონილი ისტორიაა, შენი ღიმილის ბიჭები კი აბსოლუტური სინამდვილე იქნებაო“- აღნიშნა „პრესა.ჯი-სთან“ საუბრისას ედმონდ მინაშვილმა.

ომის ერთ-ერთი  ტრაგიკული ეპიზოდი, რომელმაც საქართველო და არა მარტო საქართველო შეძრა, სოფ. შინდისში მომხდარი შეტაკება იყო. ამ შეტაკებას 17 ქართველი გმირულად შეეწირა. ედმონდ მინაშვილმა, ამ შეტაკებაში ბავშვობის მეგობარი დაკარგა და უკვე გმირად აღიარებული მეგობრის საფლავზე დაიფიცა, რომ ჩვიდმეტივე მათგანის სახელებს საქართველოს ისტორიის ფურცლები შეინახავდა.   

ახალგაზრდა მსახიობმა,  სრულიად კათალიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ამ 17 გმირზე დოკუმენტური ფილმი უკვე გადაიღო, რომელსაც „ახალი აკვნები“ დაარქვა.  5 ივლისს კი,  სამების საკათედრო ტაძარში  ამ დოკუმენტურ ფილმს ფართო საზოგადოება იხილავს.

-  როდის გადაწყვიტე დოკუმენტური ფილმის გადაღება, პროფესიით მსახიობს ფილმის გადაღებისკენ რამ გიბიძგა?

- 2008 წლის აგვისტოში ვანის რაიონში ვისვენებდი., როცა სოფელში ერთი დაღუპული ჯარისკაცი  ჩამოასვენეს. შემდეგ მეორე  და მესამე  მაშინ გავაცნობიერე საქართველოში რაც ხდებოდა. ამ ომში,  ჩემი ბავშვობის მეგობარი, მიშიკო დვალიშვილი დაიღუპა. როცა მიშიკო სოფელში ჩამოასვენეს, მისი ცხედარი იმდენად  ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ მეორე დღესვე დაასაფლავეს. ის შინდისში დაიღუპა და ყველამ კარგად ვიცით, რომ  ამ 17 ბიჭის ცხედარი აგვისტოს ცხელ დღეებში  4 დღე მინდორზე ეყარა. მიშიკოს დასაფლავების დღეს, მის საფლავზე დავიფიცე, რომ მე ვიზრუნებდი  მათი სახელები საქართველოს არასოდეს დავიწყებოდა.

- და  დოკუმენტურ ფილმზე დაიწყეთ მუშაობა  ...

- დიახ, ეს ფილმი უკვე დასრულებულია. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, ციფრული ფორმატით 80 წუთს გრძელდება. პროექტი სრულიად კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით ხორციელდება, რაც  ძალიან მეამაყება. ეს ფილმი, უკვე  თავდაცვის სამინისტროშიც ვანახეთ. თუმცა, ყველაზე მაშტაბური ჩვენება, 5 ივლისს სამების ტაძარშია დაგეგმილი.

- კონკრეტულად,  რა დოკუმენტური მასალაა ამ ფილმში?

- ფილმი 2008  წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში, რუსული არმიის მიერ ჩასაფრებაში მოხვედრილი ქართველი ჯარისკაცების გმირობას მოგვითხრობს. ამ შეტაკებას 17 ქართველი ჯარისკაცი შეეწირა. სწორედ მათი  გმირული ბრძოლის შედეგად, ქართული არმიის ბატალიონმა,  მოახერხა სამშვიდობოს გასვლა. ეს უთანასწორო ბრძოლა,  შინდისის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. რუსული ქვედანაყოფი ქართულ ბატალიონს რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა და მძიმე საბრძოლო ტექნიკით იყო შეიარაღებული.

ქართველმა ჯარისკაცმა, ალექსანდრე ონიანმა, რუსებს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა, თავის ნათლულთან, რომან ზოიძესთან ერთად თავი აიფეთქა. ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელმაც შემძრა. ამ ფილმის მიზანია,  უპირველესად ქართულ საზოგადოებას დაანახოს, რომ გმირები დღესაც არსებობენ. ეს თანამედროვე გმირები კი თითოეულ ჩვენგანს მუდამ უნდა გვახსოვდეს.

- რა იყო ყველაზე რთული ფილმის გადაღების პროცესში?

-ჩემთვის ყველაზე რთული იყო თითოეული დაღუპული ჯარისკაცის ოჯახში შესვლა. ძალიან გამიძნელდა ამ ბიჭების მშობლებთან საუბარი, რადგან მე მათ შვილების დაღუპვით გამოწვეულ ტკივის თავიდან ვახსენებდი. ვფიქრობდი, როგორ შევსულიყავი მათთან, რა მეთქვა და საუბარი როგორ  დამეწყო. თუმცა, ყველაზე ამაღელვებელი იყო ჩემთვის ის, რომ ყველა მათგანის დედამ საკუთარი შვილივით ჩამიხუტა გულში. მე ჩვიდმეტივე გმირის საფლავზე მივედი და ყველა მათგანს სანთელი ავუნთე და ეს დიდი პატივია ჩემთვის.

 პირველი რაც ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ გაოცებულმა გავიფიქრე, ის იყო რომ ჩვიდმეტივე ერთმანეთს რა საოცრად გვანან. ყველას ერთნაირი მისწრაფებები, მიზნები და ოცნებებო ჰქონდათ. ეს საოცარია.

ამ ბიჭებიდან ჩემი მეგობარი მხოლოდ მიხეილ დვალიშვილი იყო, მაგრამ დღეს მგონია რომ ყველანი ჩემი მეგობრები იყვნენ.  მე ისინი ამ ფილმის გადაღებისას, ძალიან ახლოს გავიცანი.

-  როგორც ვიცი, ფილმი არ არის ერთადერთი პროექტი რომელსაც შენ ახორციელებ.?

- ჩვენ წიგნზე ვმუშაობთ, რომელსაც  „გულიდან მომდინარე სისხლის წვეთები“  ერქმევა.   ამ წიგნში, 17  გმირის ბიოგრაფია,  პატრიარქის წერილი და კიდევ ბევრი რამ იქნება. ასევე შინდისის ბრძოლის ველზე, სადაც ეს ბიჭები დაიღუპნენ  ეკლესიის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. როცა პატრიარქს ვესაუბრე, მე მას ვუთხარი აგვეშენებინა სამასი არაგველების სახელობის ეკლესია. თუმცა, პატრიარქმა  მითხრა ეს ესკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ყოფილიყო, რომელიც ქართველთა და ოსთა ბრძოლის ველზე მომწყდართა ხსოვნას მიეძღვნება.

ის მიწა სადაც ეკლესიას ვაშენებთ  სახელმწიფო საკუთრება მეგონა, მაგრამ კერძო საკუთრება ყოფილა. თუმცა, მფლობელმა ეს მიწა საპატრიარქოს შესწირა. ეკლესიის საფუძველი უკვე არსებობს,  ეკლესიის მშენებლობისთვის კი აუცილებლად  დახმარება გვჭირდება.  სწორედ ამიტომ, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს ამ კეთილ საქმეში, მაგთიდან,  ჯეოსელიდან და ბილაინიდან შეუძლია დარეკოს ნომერზე 200 120

- შენ ამ ბიჭებს მიუძღვენი დოკუმენტური  ფილმი,  წიგნი, შენი ინიციატივით შენდება ეკლესია, ეხლა კი მხატრულ ფილმზე იწყებ მუშაობას.

-დიახ,  ჩვენ დავიწყეთ მხატვრულ ფილმზე მუშაობა. ბატონი რეზო ჩხეიძის თანხმობით,  უკვე  მივიღეთ უფლება, რომ ამ ფილმს „ღიმილის ბიჭები“ დავარქვათ. როგორც რეზო ჩხეიძემ მითხრა,  ჩემი ღიმილის ბიჭები  შეთხზული ისტორიაა,  ეს ფილმი კი  აბსოლუტურ  სინამდვილეზე აგებული იქნებაო.

ფილმს,  ქართველი რეჟისორი გადაიღებს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს. მისი სურვილია,  ჯერ არ გავახმაუროთ მისი ვინაობა. ფილმის სცენარზე აკა მორჩილაძე და ირაკლი სოლომონაშვილი მუშაობენ და  უკვე დასასრულს უახლოვდება. დასრულების შემდეგ კი რეზო ჩხეიძის ინიციატივით, სცენარს გურამ დოჩანაშვილი ჩაასწორებს. მუსიკას კი, ბატონი გია ყანჩელი შექმნის.

მე თამამად ვაცხადებ, რომ ეს იქნება ძალიან მასშტაბური კინო–პროექტი.

- იქნებ გაგვიმხილოთ როგორ ვითარდება სცენარი?

- ამ ფილმში იქნებიან თანამედროვე ღიმილის ბიჭები. 5 მთავარი გმირი იქნება, თავიანთი სასიყვარულო ისტორიებით, დანარჩენებს კი ომში გაიცნობენ.

ერთ ფაქტს მოგიყვანთ,  ერთ-ერთი 20 წლის ბიჭი, რომელიც ამ შეტაკებისას დაიღუპა მორგში საშინლად დასახიჩრებული  ესვენა და მხოლოდ ბეჭზე მიხატული თეთრი არწივით  ამოიცნეს. ამ ისტორიის მოსმენისთანავე  ლექსი გამახსენდა; ღიმილის ბიჭი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა. 19 წლისა შევსრულდი, ოცი არ გადამეხადა.