|
[ალექსანდრე ანდრიაძე] ასეთი შეფასება მისცა “ბრუკლინ ნეთსის” მთავარმა მწვრთნელმა ევერი ჯონსონმა თორნიკე შენგელიას გუნდის საზაფხულო კემპზე სამი დღის ვარჯიშის შემდეგ - არადა, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან 20 წლის ქართველისათვის შანსის მიცემას არ აპირებდნენ და მისი პირდაპირ ბელგიაში გაბრუნება სურდათ.
“ის ჩვენი კემპის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო, მას მოთამაშეთა საუკეთესო სამეულში დავასახელებდი. ვფიქრობ, რომ კლუბის წინასწარი ჩანაფიქრი იყო შენგელიას დრაფტზე არჩევა და ევროპაში მაშინვე დაბრუნება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
კემპის დროს ის 3 და მსუბუქი 4 ნომრის პოზიციებზე გამოვიყენეთ და მან ყველაგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დღეს კი თორნიკე განსაკუთრებული იყო 3 ნომერზე” - ამბობს ჯონსონი.
ხვალ დილიდან “ბრუკლინ ნეთსი” საზაფხულო ლიგის გათამაშებაში ჩაებმება, რომელიც ორლანდოს “ემვეი სენთერში” გაიმართება და თორნიკე შენგელიას გუნდი პირველ შეხვედრას “ორლანდო მეჯიქთან” გამართავს. საქართველოს ნაკრების ფორვარდის ბედიც საბოლოოდ სწორედ საზაფხულო ლიგის დასრულების შემდეგ გადაწყდება.
“ბრუკლინ ნეთსის” საზაფხულო ლიგის განრიგი: 9 ივლისი - “ორლანდო მეჯიქი”, 10 ივლისი - “ბოსტონ სელტიქსი”, 11 ივლისი - ფილადელფია 76”, 12 ივლისი - “ოკლაჰომა სითი თანდერი”, 13 ივლისი - “ინდიანა პეისერსი”.
|
|