• თბილისი
  • 24°C
  • 29 მაისი, 2017
article

საქართველო და მემარცხენეობის ახალი ტალღა ევროპაში

ამ სტატიის მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის მემარცხენეობის კრიტიკა, არამედ მხოლოდ იმ პოლიტიკური კონტექსტის აღწერაა, რაც შეიძლება ჩვენთვის ევროპაში შეიქმნას.

დღეს, დასავლეთ ევროპაში შეიმჩნევა მემარცხენე ძალების გაძლიერების გარკვეული ტრენდი, რაც მკაფიოდ ჩანს ორივე წამყვანი ქვეყნის მაგალითზე. ეს კი საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო პოლიტიკური გამოცდის წინაშე დააყენებს, რომლის წარმატებით ჩაბარებაზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული, დაიმკვიდრებს თუ არა საბოლოოდ ჩვენი ქვეყანა საკუთარ ადგილს ევროპის პოლიტიკურ სცენაზე, თუ რეალურად კვლავ იქნება დამოკიდებული ევროპის მყისიერი პოლიტიკური კონიუნქტურისა, კონიუნქტურისა – რომელიც ხშირად დეკლარირებული მხარდაჭერის იქეთ იშვიათად მიდის და ნაკლებად იღებს გრძელვადიანი ფრთხილი ეკონომიკური პერსპექტივის გარდა, უფრო მკაფიო რეალპოლიტიკურ მხარდაჭერას.

საფრანგეთი

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების წინა ღამით, გერმანიის ერთ–ერთ გავლენიან საინფორმაციო არხზე გავიდა პრეზიდენტ სარკოზის მიმართ უჩვეულოდ კრიტიკული ფილმი, რომელიც მთლიანად მის პოლიტიკურ და პირად ნეგატიულ მხარეებზე იყო აგებული (გარდა 2 შტრიხისა – საბერძნეთის კრიზისისა და რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ, სადაც მისი სწაფი რეაქცია ევროპაში დადებითად აღიქმება).

აქაური მედიის მსგავსი კრიტიკა გერმანიაში ქარიზმატული ლიდერების მიმართ, ზოგადად კრიტიკული განწყობით შეიძლება აიხსნას, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც აშკარა გახდა პოლიტიკური მიზანშეწონილობის შესაძლო მოტივიც (რაშიც გერმანული მედია ტრადიციულად განსაკუთრებულ ალღოს ავლენს ხოლმე) – დღეის მონაცემებით

ნიკოლა სარკოზის შედარებით ნაკლები შანსი აქვს პრეზიდენტად მეორედ გახდომისა, ვიდრე მის მთავარ მეტოქეს სოციალისტური პარტიიდან ფრანსუა ოლანდს. მიუხედავად აშკარა მეორე ტურისა, რომელიც მაისის დასაწყისში უნდა გაიმართოს. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა სარკოზიმ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, რამდენიმე მკაფიო საგარეო პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია (პირველ რიგში, ლიბიის კრიზისი, სადაც ტუნისის ან ეგვიპტისგან განსხვავებით, მისი პირადი აქტიურობაპარ გადამწყვეტი ფაქტორი გახდა დასავლეთის სამხედრო სახით ჩარევისა. ასევე უმნიშვნელოვანესი იყო მისი წამყვანი როლი მერკელთან უნისონში საბერძნეთის სრული ეკონომიკური ბანკროტისგან ხსნაში, რითაც ერთის მხრივ ოფიციალურ დონეზე საფუძველი ჩაუყარა საერთო ევროპული დამცავი ფინანსური მექნიზმების შემუშავებას და ამგვარად კიდევ უფრო განამტკიცა ამ ორი ქვეყნის დე ფაქტო დომინანტური როლი ევროპაში).

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს როგორც არასდროს, დასავლეთ ევროპული ქვეყნების მოსახლეობისთვის მთავარ თემად ლოკალური სოციალური საკითხები რჩება, რაც საბერძნეთის კრიზისმა კიდევ უფრო გაამძაფრა და ყოველივე ეს ახალ სუნთქვას სძენს მემარცხენე პარტიებს, რაც კარგად ჩანს როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში. დასავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი თავისებურება ისიც, რომ მემარცხენე პარტიების ნაციონალურ დონეზე წარმატება მეტნაკლებად დომინოს ეფექტს იწვევს ხოლმე დასავლეთევროპულ დონეზე.

გერმანია

ბუნდესთაგის არჩევნებამდე გერმანიაში თითქმის წელიწადნახევარია და ჯერჯერობით ანგელა მერკელი ყველაზე პოპულარულ მოქმედ პოლიტიკოსად ხოლო მისი პოლიტიკური პარტია (ქრისტიან–დემოკრატიული გაერთიანება) გამოკითხვების ლიდერად რჩება, თუმცა ასევე გერმანიაშიც უკვე დღესვე შეიმჩნევა საზოგადოების მემარცხენე განწყობების ახალი ტალღა. ამის ერთ–ერთი პირდაპირი დასტური იყო მაგალითად ფრანკფურტში ევროპის ცენტრალური ბანკის ცათამბჯენის წინ კვირების განმავლობაში კარვების ქალაქის გაშლა ნიუიორკის "დაიპყარი უოლსტრიტის" მოძრაობის ანალოგიით, ისევე როგორც მერკელის დღევანდელი კოალიციური პარტნიორის – თავისუფალი დემოკრატების (სწორედ ამ პარტიის ლიდერი იყო წლების მანძილზე დღევანდელი საგარეო მინისტრი ვესტერველე) რეიტინგის კატასტროფული ვარდნა, რაც სწორედ სოციალისტური და ულტრამემარცხენე პარტიების გაძლიერების ფონზე ხდება. თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდა, 2013 წლის არჩევნებზე თავისუფალი დემოკრატები საერთოდ ვერ შევლენ ბუნდესთაგში, ხოლო მერკელის პარტიას უკეთეს ვარიანტში მოუწევს მის იდეურ კონკურენტებთან – სოციალისტებთან ფართო კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, როგორც 2005–2009 წლებში.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ ანგელა მერკელმა სარკოზის პირდაპირ აღუთქვა მხარდაჭერა საპრეზიდენტო კამპანიაში და ამასთანავე დელიკატური უარი განაცხადა ოლანდის მიღებაზე, რითაც საკმაოდ ცხარე კრიტიკაც დაიმსახურა გერმანიის სოციალისტური პატიიდან. მსგავსი აშკარა მხარდაჭერა როგორც წესი არ ახასიათებთ აქაურ ოფიციალურ პირებს, მით უმეტეს კანცლერს, თუმცა ამ შემთხვევაში მისი მოტივები საკმაოდ კარგად შეიძლება აიხსნას:

1. საგარეო ფაქტორი: დღემდე ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი სრულიად განსხვავებული პიროვნული თვისებების მიუხედავად, მთავარ პოლიტიკურ წყვილად ითვლება ევროპაში. ისინი თავიდან ერთმანეთს უთანხმებენ საკითხებს, რომლებიც ძირითადად მხოლოდ შემდგომ ხდება ხოლმე ევროპის სხვა ლიდერებთან განხილვის საგანი და როგორც ჩანს მერკელს ნამდვილად არ სურს მსგავსი მოკავშირის დაკარგვა, მით უმეტეს, რომ ფრანგმა სოციალისტებმა არაერთხელ გააკრიტიკეს სარკოზის და მერკელის მიერ შემუშავებული საერთო ევროპული ფინანსური უსაფრთხოების მექანიზმები.

2. საშინაო ფაქტორი: სოციალისტი ოლანდის შესაძლო გამარჯვება საფრანგეთში ავტომატურად დააჩქარებს მერკელის კონკურენტი გერმანიის სოციალისტური პარტიის გაძლიერებას მიუხედავად იმისა, მიცემს თუ არა თავად მერკელის პარტია რაიმე ახალ კონკრეტულ საბაბს თავის კონკურენტებს. კანცლერს და მის გუნდს მოუწევს სულ უფრო მწვავე პოლიტიკური შეტევების გადატანა და ამ შეტევების სიმწვავე შიდაგერმანულ პრობლემების შემდეგ პირდაპირ იქნება დამოკიდებული ევროპის მაკროეკონომიკული ნეგატიურ მდგომარეობაზე, რაც რა თქმა უნდა მათ მთავარ არქიტექტორებს – მერკელს და სარკოზის "დაბრალდებათ".

საქართველო

გადაჭრით რთულია იმის მტკიცება, რომ მემარცხენეების შესაძლო გამარჯვება საფრანგეთსა ან გერმანიაში ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს პოზიციების შესუსტებას, მაგრამ ბოლო წლების გამოცდილება მაინც იძლევა გარკვეულ ტენდენციებს:

1. ზოგადად სწორედ მემარცხენე მიმართულების პოლიტიკოსები იჩენდნენ ხოლმე ნაციონალურ და ასევე ევროპულ დონეზე რუსული "ტრადიციული ინტერესების" მიმართ მეტ "გაგებას და ელასტიურობას", ვიდრე მემარჯვენე ყაიდის პოლიტიკოსები. პრორუსულობის სტატისტიკური მაჩვენებელი სამწუხაროდ სწორედ მემარცხენე პოლიტიკოსებშია უფრო დიდი აქ (ევროპული პრორუსულობის და რუსული გავლენების შესახებ, მეტადრე გერმანიაში შემდეგ სტატიებში იქნება საუბარი).

2. თუკი დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურა შენარჩუნდა, ოლანდი გამარჯვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძირითადად, შიდა პრობლემებზე იქნება კონცენტრირებული და საგარეო პოლიტიკას ვერ აღქვამს შიდაპოლიტიკური პოპულარობის მატების ინსტრუმენტად, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში სარკოზის მოქმედებებში მოჩანდა.

3. კრემლის დღევანდელი რეჟიმი რუსეთის დეფაქტო პრეზიდენტის მხრიდან სარკოზის მიმართ გარკვეული ანტიპათიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უფრო დიდ ფსონს დადებს საფრანგეთს შესაძლო ახალ პრეზიდენტზე, ვიდრე "ძველ" სარკოზიზე. ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც ინგლისურენოვანი რუსული არხის „რაშა თუდეის“, ასევე ცალკეული რუსი თუ "რუსეთმცოდნე" ანალიტიკოსების გამოსვლებში, სარკოზი, თავისი "პროამერიკულობის" გამო, პერმანენტულად ხდებოდა სრულიად ღია და მკვახე კრიტიკის ობიექტი.

4. ცხადია, რომ ოლანდი როგორც პრეზიდენტი დემონსტრაციულად იგივე პოლიტიკას გაატარებს რუსულ-ქართული პრობლემის მიმართ, მაგრამ ის უკვე პიროვნულად თავისი პირადი პოლიტიკური იმიჯის გამო აღარ იქნება დაინტერესებული ისეთივე ენერგიით მოითხოვოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულება, როგორც ეს მის წინამორბედს შეეძლო ექნა. ამ შემთხვევაშიც ამოსავალი წერტილი იქნება ზოგადი საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური კონიუნქტურა.

ყველა ამ არგუმენტის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, საქართველოსთვის მთავარი გამოცდა მაინც წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები გახდება, რომლის ფორმასა და შედეგებზეც პრინციპულად იქნება დამოკიდებული გაცდება თუ არა ჩვენი ქვეყნის მიმართ რეალური და არა დეკლარირებული მხარდაჭერა სტატიის სათაურში ნახსენებ ევროპულ მყისიერ პოლიტიკურ კონიუნქტურას და გადავა თუ არა იგი ახალ უფრო აქტიურ პოლიტიკურ და არა მხოლოდ ეკონომიკურ დონეზე.