თეატრისა და კინოს მსახიობი რუსკა მაყაშვილი, ფართო აუდიტორიამ ტელესერიალ ,,გოგონა გარეუბნიდან’’ გაიცნო. ,,ანჩოს’’ გმირი საზოგადოებამ შეიყვარა და ბევრი მიმბაძველიც ჰყავს. თავად მსახიობს არ მოსწონს თავის გმირის ქცევები და ამბობს, რომ ,,ანჩო’’ რადიკალურად განსხვავებული ადამიანია რუსკა მაყაშვილისგან. ,,ერთადერთი, რითაც ჩემ გმირს ვგავარ, ენერგიული ხასიათია’’.
მსახიობი აღიარებს, რომ მის სფეროში ,,ფეხის დადების’’ პოლიტიკა, დღემდე აქტუალურია, თუმცა ის თავის კონკურენტად არავის მიიჩნევს. რა ხდება რუსკა მაყაშვილის პირად ცხოვრებაში, რა გეგმები აქვს და რატომ უვრცელებენ ჭორებს? ,,პრესა.ჯი’’–ს მსახიობი რუსკა მაყაშვილი ესაუბრა.
– როგორ მოხვდი სერიალში ,,გოგონა გარეუბნიდან?
– კასტინგი არ გამივლია. არც CV გამიგზავნია. დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს ეს როლი, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ახლა ვთვლი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
– ბევრ ადამიანს მოსწონს შენი გმირი ,,ანჩო’’. რით არის ეს განპირობებული?
– არ მგონია ადამიანებს მოსწონდეთ ეს გმირი იმის გამო, რომ ისინი ხედავენ მასში საკუთარ თავს. სახალისო პერსონაჟია და იმიტომ უყვარს ყველას.
– შენ თუ მოგწონს ,,ანჩო’’?
– მე ასეთი არ ვარ ცხოვრებაში. რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვარ ჩემი გმირისგან. ერთადერთი, რაც შეიძლება საერთო ჰქონდეს რუსკა მაყაშვილსა და ,,ანჩოს’’, ეს არის ენერგიულობა. მეც ასეთiვე ენერგიული ვარ.
– სერიალში შესამჩნევი გახდა, რომ მთავარ როლს შენ ასრულებ. ეპიზოდების მხრივ, ყველაზე ხშირად შენ ჩანხარ, რატომ?
– არ ვიცი, ამაზე მე როგორ ვისაუბრო. ალბათ იმიტომ, რომ მაყურებელმა შეიყვარა ეს პერსონაჟი და ითხოვენ, რომ ჩემი სცენები იყოს უფრო მეტი.
– სერიალის გარდა, რა საქმეებით ხარ დაკავებული?
– რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ და ვმუშაობ ამ თეატრში. მაქვს სპექტაკლები და რეპეტიციები. ჩემი მთავარი საქმიანობა დღეს მსახიობობაა.
– შენ მაყურებელმა გაგიცნო, როგორც მხიარული, თანამედროვე გოგო. ხომ არ ფიქრობ, რომ თუ თეატრში, ან სხვა რომელიმე ფილმში შედარებით დრამატული როლის შესრულება მოგიწევს, მაყურებელი ამას ვერ მიიღებს?
– ჩემი დიდი სურვილია, რომ ტრაგიკული როლები შევასრულო. ვფიქრობ, რომ ეს ხელს არ შემიშლის. თუ იქნება კარგი შესრულება, მაყურებელიც მიიღებს ამ როლს. შესაძლოა ასეთ ყურებადი და პოპულარული არ იყოს, როგორიც ,,გოგონა გარეუბნიდან’’ არის, მაგრამ აუდიტორია ნამდვილად ეყოლება. მსახიობობა ხომ იმას ნიშნავს, სხვადასხვა პერსონაჟი განასახიერო?
– რა ხდება შენ პირად ცხოვრებაში?
– მყავს საყვარელი ადამიანი, რომელთან ერთადაც ვარ ძალიან კარგად და ბედნიერად.
– ხომ არ აპირებ ამ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცე?
– უახლოეს მომავალში, ამას ნამდვილად არ ვგეგმავ.
– რას იტყვი ჭორებზე, რომელიც შენ შესახებ ვრცელდება? ხშირად გაწყვილებენ ცნობილ ადამიანებთან, იმასაც ამბობენ, რომ შენი გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა...
– ჭორების გავრცელებას ხელს უწყობს ,,ფეისბუქი’’, სადაც იმდენი რუსკა მაყაშვილია, რომ თავგზა მაქვს არეული. მაგრამ ისეთი ჭორი, რომ გული მტკენოდა, ჩემs თავზე არ გამიგია. ერთადერთი, გავიგე, რომ თურმე ქვედა ტუჩი დავიბერე. ეს არ არის სიმართლე, თავიდან ბოლომდე ბუნებრივი ვარ. თმაც კი არ მაქვს შეღებილი.
– რომ არ ყოფილიყავი მსახიობი, სად შეიძლებოდა გეპოვა შენი თავი?
– არსად. არც კი მიფიქრია არასდროს სხვა პროფესიაზე. ოცნებით, არც მსახიობობაზე მიოცნებია. უბრალოდ ვიცოდი, რომ ვიქნებოდი მსახიობი.
– შენი საოცნებო როლი თუ გაქვს, რომლის შესრულებაც ძალიან გინდა?
– არ მაქვს ასეთი როლი გამოკვეთილად. ვთვლი, რომ რა როლზეც მუშაობ, ის უნდა გაიხადო საოცნებო როლად, რომ გამოვიდეს კარგი შესრულება. ერთადერთი, რაც მინდა, არის შევასრულო ტრაგიკული როლი.
– კმაყოფილი ხარ ცხოვრებით?
– რა თქმა უნდა. ძალიან კმაყოფილი ვარ. მაქვს სამუშაო, რომელიც ძალიან მიყვარს და მყავს საყვარელი ადამიანი. ასევე ძალიან ლამაზი ოჯახი. მეტი რა უნდა მინდოდეს? ბუნებრივია, არის რაღაცეები, რაც კიდევ მინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გარეშე უბედური ვარ.
– რა არის ის, რაც გინდა და ჯერ არ გაქვს?
– ჩემთვის დავიტოვებ. არის რაღაცეები, რაც მინდა, მაგრამ ჯერ არ მაქვს. ისე გპირდებით, რომ აუცილებლად მექნება ისინიც.
– კონკურენტების თუ გეშინიათ? შოუბიზნესში, ხომ ,,ფეხის დადების’’ პოლიტიკა ძალიან აქტუალურია?
– დიახ. ეგ ამ სფეროში ყველაზე მოდურია და ყველაზე ხშირად სწორედ შოუბიზნესში ხდება. არავის არ ვთვლი ჩემ კონკურენტად და არც მე მიმაჩნია, რომ ვინმეს კონკურენტი ვარ. მე ვაკეთებ ჩემ საქმეს, სხვა თავისას.
– თუ მეგობრობ სერიალის მსახიობებთან?
– რა თქმა უნდა. ჩვენ მეგობრები ვართ. თუმცა სერიალის გარდა, დარჩენილ დროს ერთად არ ვატარებთ. იმდენ ხანს გრძელდება გადაღების პროცესი, ფაქტობრივად სულ ერთად ვართ, ამიტომ ეს დრო გვყოფნის ერთმანეთთან ურთიერთობისთვის. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.
– თუ გაქვს თავისუფალი დრო და რას აკეთებ ამ დროს?
ძალიან ცოტა მაქვს თავისუფალი დრო, მაგრამ როცა მაქვს, ჩემ მეგობრებთან ერთად ვარ, ან ვისვენებ. იმდენად დატვირთული რეჟიმი მაქვს, რომ ძალიან ცოტა დრო მრჩება გართობისთვის.
– თბილისში თუ გაქვს საყვარელი ადგილი, სადაც ხშირად დადიხარ და სადაც შეუძლიათ შენს თაყვანისმცემლებს გნახონ?
– არა. ერთი კონკრეტული ადგილი არ მაქვს, ყოველთვის სხვადასხვა ადგილას დავდივარ.