• თბილისი
  • 24°C
  • 29 მაისი, 2017
article

რასმუსენი: რუსეთის გადასაწყვეტი არაა, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი

„რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, შემოვა თუ არა საქართველო გარკვეულ ეტაპზე ჩვენს ალიანსში. ამას ნატო  და საქართველო გადაწყვეტენ“ - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსულ „ნოვაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რასმუსენის თქმით, 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ „აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს ჯერჯერობით ასე არაა.  ჩვენ შევქმენით ნატო-საქართველოს კომისია და ამ კომისიაში საქართველოსთან ერთად რეფორმების გატარებაზე ვმუშაობთ. მომავალში ის შესძლებს შეასრულოს ნატოს კრიტერიუმები“ - განაცხადა რასმუსენმა.

„ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე და არის თუ არა რუსეთის მიერ ამ რეგიონების აღიარება და რუსული ჯარების ყოფნა ამ ტერიტორიებზე საქართველოსათვის წინააღმდეგობა ნატოში გასაწევრიანებლად, რასმუსენმა განაცხადა, რომ ეს საკმაოდ ჰიპოთეტური საკითხებია და ალიანსს იმედი აქვს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდება.

„როგორც თქვენ იცით, ჩვენ არაღიარების პოლიტიკას ვემხრობით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები ამ მიმართულებით. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უშუალოდ თქვენი კითხვის პასუხად კი... რა თქმა უნდა, დაუშვებელი იქნებოდა რუსეთისთვის ნატოს გაფართოების საკითხზე ფაქტობრივი ვეტოს უფლება რომ მიგვეცა. მე რა თქმა უნდა ვიცი, რომ მოსკოვი აღფრთოვანებული არაა ჩვენი ღია კარის პოლიტიკით, მაგრამ მინდა ყურადღება მივაქციო იმას, რომ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში  სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესის ზონის გაფართოებას მოახდენდა. რუსეთის ასწლეულების სტრატეგიული მიზანი ხომ სწორედ სტაბილურობის მიღწევა იყო თავის დასავლეთ საზღვრებზე. ნატოსა და ევროკავშირის  გაფართოებით  კი  ჩვენ ფაქტობრივად ბიძგს მივცემთ აღმოსავლეთ ევროპაში რეფორმებსა და ეკონომიკურ აყვავებას და ამით რუსეთის დასავლეთ საზღვრების გასწვრივ სტაბილურობის ზონას შევქმნიდით. უფრო მეტიც, რუსეთი, ამ სტაბილური ზონიდან ეკონომიკურ სარგებელსაც მიიღებდა. თუ ინვესტიციებისა და ვაჭრობის სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ რუსეთმა ბევრი მოიგო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური პროგრესისგან“ - განაცხადა რასმუსენმა.

„ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, არის თუ არა ნატო მზად რუსეთთან განაახლოს მოლაპარაკებები  ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების საკითხზე წინაპირობების გარეშე, წინაპირობაში კი ნატოს პოზიცია იგულისხმება, როცა ალიანსი რუსეთს მოუწოდებს უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე და გაიყვანოს ამ ტერიტორიებიდან თავისი სამხედრო ბაზები.
რასმუსენმა ამ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა „მიმღები ქვეყნის“ თანხმობა შეიარაღებაზე კონტროლის სქემის განუყოფელი ნაწილია, ამ შემთხვევაში კი „მიმღები მხარე“ საქართველოა.

„ცხადია, რომ მოცემულ შემთხვევაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ყოფნაზე თანხმობა არ არსებობს, რადგან ეს ორივე ტერიტორია საერთაშორისო სამართლით საქართველოს ნაწილია. სრულიად ნათელია, რომ ეს სერიოზული წინააღმდეგობაა. ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც ჩვენ რუსეთთან ღრმა უთანხმოება გვაქვს“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.