• თბილისი
  • 35°C
  • 27 ივლისი, 2017
article

კოსოვო და სერბეთი ომის დაწყების ზღვარზე არიან

ნატოსა და ევროკავშირს, სერბეთისა და კოსოვოს სახით, საზრუნავი განუახლდა. მეორე დღეა, ორი ქვეყნის საზღვარზე სროლა ისმის. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დანაყოფმა „როსამ“, რესპუბლიკის ჩრდილოეთით, სადაც დაახლოებით 60 ათასი სერბი ცხოვრობს, სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სპეცნაზის თანამშრომლებმა საკონტროლო გამშვები პუნქტების, „ბრნიაკისა“ და „იარინეს“ დაკავება სცადეს. რაშიც ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია. ოფიციალური მონაცემებით, შეტაკების შედეგად, 5 პოლიციელი და 3 ადგილობრივი დაშავდა. არაოფიციალური ინფორმაციით კი, რამდენიმე გარდაცვლილიც არის.

ოპერაციის დაწყების ფორმალური მიზეზი, 20 ივლისს სერბეთიდან შემოტანილ საქონელზე დაწესებული ემბარგო გახდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, ზემოთ აღნიშნული გამშვები პუნქტები არ აფერხებდნენ სერბების მიერ საქონლის შემოტანას. ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ქვეყნის ამ რეგიონში ცხოვრობენ სერბები, რომლებიც სერბეთს არ აღიარებენ და დედაქალაქად ბელგრადს მიიჩნევენ.

25 ივლისის ღამეს, სპეცდანიშნულების დანაყოფი ქვეყნის ჩრდილოეთით, პრემიერ-მინისტრ ხაშიმ ტაჩის ბრძანებით გაიგზავნა. მათ გამშვები პუნქტები უნდა დაეკავებინათ და სერბეთიდან საქონლის შემოტანა შეეჩერებინათ. თუმცა. სპეცრაზმმა მხოლოდ „ბრნიაკის“ დაკავება შეძლო, „იარინემდე“ ისინი, ადგილობრივებმა არ მიუშვეს.

სერბეთის ადმინისტრაციასთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, კოსოვო ევროკავშირისა და ნატოს გაღიზიანებას მოერიდა და სპეცრაზმი უკან გამოიხმო. თუმცა, მოგვიანებით, იმავე დღეს, კოსოვოს პოლიციამ ისევ გადაწყვიტა პოზიციებზე დაბრუნება და „ბრნიაკის“ დაკავება.

სერბეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სლავიშა რისტიჩმა განაცხადა, რომ რაიონში დაძაბული ვითარება ნარჩუნდება. „ჯერჯერობით ისევ დაძაბული ვითარებაა. ხალხი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, რადგან, კოსოვოელი პოლიციელები, გამშვები პუნქტის ასაღებად, მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, რომლებიც გზის გადაკეტვას ცდილობენ, ცეცხლის გახსნასაც არ ერიდებიან.“

ბოლო მონაცემებით, სპეცრაზმმა კოსოვკა-მიტროვიცის მიმართულებით დაიხია. ასევე, ცნობილი ხდება, რომ სერბი მოსახლეობა საკონტროლო–გამშვები პუნქტების გზას მანქანებითა და მოჭრილი ხეებით ხერგავს. „პოლიცია მკაცრად აკონტროლებს კოსოვოს ჩრდილოეთით მიმავალი მანქანების ნაკადს, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ისევ აპირებენ სერიოზულად დაგვარტყან. მიტროვიცას თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ, ისმის სროლისა და სასწრაფო დახმარების სიგნალის ხმები, არიან დაჭრილები“, აცხადებს ამ რაიონის ერთ–ერთი მაცხოვრებელი.

სერბეთის პრეზიდენტმა, ბორის თადიჩმა განაცხადა, რომ საზღვარზე მომხდარ ინციდენტს, შესაძლოა, სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს. „საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც შეიძლება უფლებას აძლევენ პრიშტინას განახორციელონ ამგვარი ქმედებები და უბიძგებენ ამისაკენ, კატასტროფულ შეცდომას უშვებენ, და ევროპის ამ ნაწილს დიდი საფრთხის წინაშე აყენებენ. ამ ტიპის ცალმხრივმა მოქმედებამ, შესაძლოა, სრულიად მოშალოს დიალოგის პროცესი ბელგრადსა და პრიშტინას შორის,“ განაცხადა პრეზიდენტმა. მოსახლეობას კი სიმშვიდისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციას.

ევროკავშირის წარმომადგენელმა შინაგან და თავდაცვით პოლიტიკაში, ქეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ  EULEX-ს პრიშტინას პროვოცირება არ მოუხდენია და კოსოვოს ხელისუფლების ცალმხრივი მოქმედებებიც გააკრიტიკა. მან დაამატა, რომ ბრიუსელი საკითხის დიალოგის რეჟიმში გადაწყვეტის მომხრეა და რომ ცალმხრივი მოქმედებები, კარგ შედეგს არ მოიტანს.

პრიშტინას კრიტიკით, ნატოს სახელით, KFOR-ის მეთაური, გერმანელი გენერალი ერხარდ ბიულერიც გამოვიდა. „KFOR-ი ძალადობის წინააღმდეგია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი ხასიათის კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და აუცილებლობის შემთხვევაში, მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში,“ ნათქვამია ნატოს ოფიციალურ განცხადებაში.

ბელგრადის მოლაპარაკების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბორისლავ სტეფანოვიჩმა ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. „ნუ აჰყვებით პროვოკაციას, ის ისევ იქნება, ეს კოორდინირებული აქციაა. ჩვენ არ წავალთ ძალადობაზე. მათ სურთ, რომ 24 საათში სერბები აქ აღარ იყვნენ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მადლობას გიხდით, რომ გაუძელით. ოღონდ KFOR-ს მიეცით მშვიდობიანად გადაადგილების საშუალება. მაგრამ ყურადღებით იყავით მომდევნო დღეების განმავლობაშიც,“ მოუწოდა სერბებს სტეფანოვიჩმა. თავის მხრივ, კოსოვოს ვიცე-პრემიერმა ჰაიდერინ კუჩიმ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე კონტროლის აღდგენისა და რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის მთლიანობის უზრუნველყოფისთვის ჩატარებული ოპერაცია იყო.