• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

ფოლად ბულბულოღლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობაზე საუბრობს

რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი ფოლად ბულბულოღლი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული კონფლიქტი შესაძლოა, უფრო მასშტაბურ შეტაკებაში გადაიზარდოს. ამის შესახებ მან "Говорит Москва-სთან" ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სიტუაციის გუშნდელი გამწვავება არც ახალია და არც სენსაციური. მე ბევრჯერ მითქვამს, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არასდროს შეეგუება საკუთარი ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვას. საუბარი არ მიდის მთიან ყარაბაღზე, საუბარი არ მიდის იმაზე, რომ ვიღაცას იქიდან სომეხი ეროვნების ადამიანების განდევნა სურს. საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. როგორ ფიქრობთ, ათმილიონიანი, მდიდარი, განვითარებული ინფრასტრუქტურის, შეიარაღებული ქვეყანა, დაუშვებს თუ არა, რომ მისი ტერიტორიები განუსაზღვრელი ვადით იყოს ოკუპირებული? ეს ხომ შეუძლებელია, – განაცხადა ბულბულოღლიმ.

ელჩის თქმით, მშვიდობიან მოლაპარაკებებს არანაირი შედეგი არ აქვს. ამასთან დაკავშირებით ის რეგიონში ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს არ გამორიცხავს.

სანამ აზერბაიჯანის ტერიტორიები ოკუპირებულია, ასეთი ინციდენტები გარდაუვალია. ჩვენ ამის შესახებ 2016 წელსაც ვაცხადებდით, როდესაც აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ბევრი ქვეყანა, ჩვენი მეზობლები, ამ კონფლიქტის გაყინვას ცდილობენ, რომ ის უსასრულოდ გაგრძელდეს. მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის არ უნდა იმართებოდეს. თუ მათ შედეგი არ აქვთ, ბუნებრივია, იქნება სამხედრო მოქმედებები. აუცილებელია, ერთხელ და სამუდამოდ მკაფიო იყოს პოზიცია. საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ჯარისკაცების გაყვანაზე. ვიდრე ისინი იმყოფებიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასეთი კონფლიქტები გაგრძელდება და ერთ დღესაც შესაძლოა, მასშტაბურ ომში გადაიზარდოს, რომელიც კატასტროფული იქნება მთელი რეგიონისთვის, – განაცხადა ელჩმა.

ელჩი ხაზს უსვამს, რომ ბაქო "სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მეორე სომხური სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს.

"საქმე ის კი არაა, ვინ დაიწყო პირველმა, ვინ მეორემ უპასუხა. ეს ყველაფერი დეტალებია, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს. კითხვა ისაა, რატომ ჩნდება ეს? იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია ოკუპირებულია. იმიტომ, რომ უცხო ჯარები აზერბაიჯანის ტერიტორიას ძალით იკავებენ. მე თამამად ვამბობ, რომ დროა ეს კონფლიქტი საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოგვარდეს, საერთაშორისო სამართალი კი მთლიანად აზერბაიჯანის მხარესაა", - ამბობს ელჩი


თეგები :