• თბილისი
  • 22°C
  • 20 ოქტომბერი, 2020
article

როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი

 

·                     შესავალი

·                     ტელევიზორების განვითარების ისტორია

·                     ტიპები

·                     ეკრანის ტიპი

·                     განათება

·                     დიაგონალი

·                     დისპლეის გაფართოება

·                     HDR სტანდარტი

·                     ინტერფეისი

·                     კადრის განახლების სიხშირე

·                     ოპერაციული სისტემა

·                     ხმა, დინამიკები, საუნდბარი

·                     ხედვის კუთხე

·                     ენერგომოხმარება

·                     ციფრული სტანდარტი

·                     მწარმოებელი ბრენდები

·                     შეჯამება.

უძველესი დროიდან კაცობრიობა ოცნებობდა გამოსახულების დისტანციურად გადაცემის შესაძლებლობაზე. ყველას გვსმენია ლეგენდები და ზღაპრები ჯადოსნურ სარკესა და მის მსგავს ნივთებზე. თუმცა არაერთი ათასწლეული გავიდა, სანამ ოცნება რეალობა გახდებოდა.

პირველი მასობრივი წარმოების ტელევიზორები 30-იან წლებში გამოჩნდა და მათ წინ უძღოდა დაუღალავები კვლევებითა და გენიალური აღმოჩენებით დატვირთული უამრავი ათწლეული. 

ტელევიზიის ეპოქა იწყება მექანიკური ტელევიზორებით.

მექანიკური სკანირების პირველი მოწყობილობა 1884 წელს შექმნა გერმანელმა ინჟინერმა პაულ პინკოვმა. ეს გახლდათ 50 სმ დიამეტრის მბრუნავი გაუმჭვირვალე დისკი, რომელზეც დატანილი იყო სპირალები ჭრილებით (ე.წ. პინკოვის დისკი. ზოგჯერ მას მოიხსენიებენ, როგორც „ელექტრო ტელესკოპს“).

ამ დისკის საფუძველზე მოგვიანებით, 1925 წელს შესაძლებელი გახდა ადამიანის სახის გამოსახულების გადაცემა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი შემუშავდა პირველი ტელესისტემა, რომელსაც შეეძლო მოძრავი გამოსახულების ტრანსლირება.

პრაქტიკული გამოყენების პირველი ელექტრონული ტელევიზორი შეიქმნა ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია RCA-ს მიერ 1936 წლის ბოლოს. მოგვიანებით, 1939 წელს RCA-მ წარადგინა მასობრივი წარმოებისთვის განკუთვნილი პირველი ტელევიზორი - RCS TT-5. ეს გახლდათ მასიური ხის ყუთი და ჰქონდა 5-დუიმიანი ეკრანი.

1590 წელს შესაძლებელი გახდა ფერადი ტელეგადაცემის რეალიზება, ისიც მხოლოდ ექსპერიმენტალური სახით. უამრავი წელი გავიდა, სანამ ეს ტექნოლოგია ფართოდ ხელმისავწდომი გახდებოდა.

პირველი, გაყიდვისთვის ხელსაყრელი ფერადი ტელევიზორი შეიქმნა 1954 წელს იმავე RCA-ს მიერ. მას 15-დუიმიანი ეკრანი ჰქონდა.

ტელევიზორის ტიპები

თანამედროვე ტელევიზორების ტიპები და მათი კლასიფიკაცია მრავალფეროვანია, ამიტომ, ახალი ტელევიზორის შეძენისას ბევრი მომხმარებელი აწყდება სირთულეს. მიზეზი მარტივია - ტელევიზორი რთული მოწყობილობაა, რომელიც ხანგრძლივი დროით უნდა ემსახუროს მფლობელს და ფლობდეს საიმედოობის მაღალ დონეს. იმისთვის, რომ შევარჩიოთ მოწყობილობა ოპტიმალური პარამეტრებითა და ფუნქციებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების ძირითადი მახასიათებლები. 

პირველი ფაქტორი, რომელიც არჩევანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ეს გახლავთ ფასი. სწორედ ეს კითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს მომხმარებელმა პირველ რიგში - რა თანხის დახარჯვისთვის ვარ მზად? 

მეორე ფაქტორი გახლავთ ტექნიკური მახასიათებლები. დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ეკრანის ტიპი

·                     კინესკოპური: ამგვარ ტელევიზორებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პრეისტორიული, რადგანაც დღესდღეობით გაყიდვაში ფაქტობრივად აღარ არსებობს. მსგავსი ტიპის ტელევიზორების დადებით მახასიათებლებს მიეკუთვნება დაბალი ფასი და გამძლეობა. უარყოფითი კი გახლავთ ნეგატიური გავლენა მხედველობაზე. 

ფოტოზე: კინესკოპური ტელევიზორი

·                     თხევადკრისტალური (LCD) ტელევიზორი: მსგავსი მოწყობილობების ღირებული მხარეა ფასისა და ხარისხის კარგი შეფარდება. ნაკლოვანებად კი მიიჩნევა გადახურებისკენ მიდრეკილება. თუკი ეკრანზე მზის პირდაპირი სხივები მოხვდება, დროთა განმავლობაში მასზე ლაქები გაჩნდება.

 

ფოტოზე: თხევადკრისტალური ტელევიზორი

·                     LED ეკრანები. მათში გამოყენებულია მატრიცის შუქდიოდური განათება, რაც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ღრმა ფერთა გამას. ამგვარი მოდელები უფრო თანამედროვეა, ვიდრე თხევადკრისტალურები და საჭიროებენ ნაკლებ ენერგიას.

 

ფოტოზე: ტელევიზორი LED ეკრანით

·                     პლაზმური ეკრანები: უზრუნველყოფს მეტად მკაფიო გამოსახულებას და მდგრადია მზის სხივებისადმი. ნაკლოვანებად ითვლება მაღალი ენერგომოხმარება. თანაც, მსგავსი მოდელები შეზღუდულია მცირე ზომებში: პლაზმური ეკრანის მინინალური დიაგონალი 32 დუიმს შეადგენს.

 

ფოტოზე: ტელევიზორი პლაზმური ეკრანით

·                     ლაზერული ტელევიზორი: ამგვარი მოდელები სიახლედ მიიჩნევა, რადგანაც მათი შემუშავების პერიოდი ათ წელზე მეტს არ ითვლის. მათი ერთადერთი ნაკლოვანებაა მაღალი ფასი, ღირსებები კი გაცილებით მეტია: მინიმალური ენერგომოხმარება, მაღალი სიმკვეთრის გამოსახულება, გადახურებისადმი მდგრადობა, საიმედოობის მაღალი დონე.

 

ფოტოზე: ლაზერული ტელევიზორი

·                     პროექციული ეკრანი: მის შემთხვევაში ფერთა გადმოცემა დადებითად ფასდება, თუმცა ახასიატთებს პერიოდულად პიქსელების გათიშვა, რაც მნიშვნელოვანად აფუჭებს ყურებისას შთაბეჭდილებას. გარდა ამისა, პროექციულ ტელევიზორებს შეზღუდული ხედვის კუთხე აქვთ, რაც ასევე ნაკლად მიიჩნევა.

 

ფოტოზე: პროექციული ტელევიზორი

განათების ტიპი

კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს მოწყობილობის ფასსა და გამოსახულების ხარისხზე - გახლავთ ფონური განათება.

·                     Edge LED. მოწყობილობა თხელი და ეკონომიურია ეკრანის კონტურზე განთავსებული შუქდიოდების წყალობით. იქმნება გარკვეული სახის მანათობელი ჩარჩოები. ამგვარი მოდელები კარგი ხედვის კუთხით გამოირჩევა.

·                     Direct LED. განათების ასეთი ტიპი უფრო თანამედროვედ ითვლება. შუქდიოდები განთავსებულია ეკრანის მთელ სიბრტყეზე. შესაძლებელია თითოეული ცალკეული დიოდის რეგულირება, ლოკალური ჩაბნელება, შედეგად კი გამოსახულება ხდება უფრო მკაფიო და კონტრასტული.

·                     QLED. ან მოდელებში საერთოდ არ არის გათვალისწინებული ბლოკის განათება. თანამედროვე ტექნოლოგიებში მოცემულია კვანტური პიქსელები, რომლებიც არის კიდეც „განათება“. ამგვარი ტელევიზორები გადმოსცემენ თვალებისთვის უფრო კომფორტულ ფერებს. გამოსახულება გამოდის მკაფიო, ნათელი, თუმცა მაქსიმალურად ბუნებრივი.

·                     OLED. ეს ტექნოლოგია ყველაზე თანამედროვედ ითვლება. მასშიც გამოყენებულია დიოდები, თუმცა ისინი დაფარულია ლუმინოფორებით - ნივთიერებით, რომელიც ნათებას იწყებს ელექტროიმპულსის გავლისას. ხედვის კუთხე არც ისე დიდია, თუმცა ნებისმიერი სახის კონტენტის ყურება კომფორტულია და არ იწვევს თვალების გადაღლას.

 

ფოტოზე: თანამედროვე ტელევიზორების განათების ტიპები

დიაგონალი

ეს გახლავთ ისეთი მაჩვენებელი, რომელში გარკვევა ნებისმიერს შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარი ეხება ტელევიზორის ზომას. 

საჭიროა  ორი საკითხის გათვალისწინება:

·                     რა ზომისაა ოთახი, სადაც ტელევიზორის განთავსება გსურთ;

·                     მიზნობრივი დანიშნულება. 

 

პირველ შემთხვევაში ექსპერტები გვთავაზობენ გამოვიყენოთ მარტივი შეფარდება: ტელევიზორის იდეალური ზომა უნდა შეადგენდეს ყურების ადგილიდან დაშორების მანძილის  ¼-ს. ცხადია, დიაგონალი უნდა იყოს ოთახის ზომებთან პროპორციული. მცირე ზომის ოთახებში უზარმაზარი ეკრანები მიუხერხებლად გამოიყურება რომ აღარაფერი ვთქვათ ახლო დისტანციის გამო თვალებზე მიყენებულ მავნე გავლენაზე. 

მეორე საკითხს რაც შეეხება, მომხმარებელმა უნდა განსაზღვროს დანიშნულება: ბევრი მომხმარებელი უბრალოდ რთავს და ფონურ რეჟიმში უსმენს გადაცემებს, ასეთ შემთხვევაში დიდი ზომის ძვირადღირებული მოდელი არამიზანშეწონილია. ხოლო თუ მიზანმიმართულად ხართ განწყობილი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად, ასეთ შემთხვევაში 55 დუიმს ზემოთ ტელევიზორი სჯობს შეარჩიოთ. 

გაფართოება

ეს მახასიათებელი პირდაპირ კავშირშია გამოსახულების ხარისხსა და ყურებისას კომფორტთან.

·                     HD - პატარა, ბიუჯეტური მოდელები, რომლებიც თავისუფლად გამოდგება მცირე ოთახებისთვის.

·                     Full HD - დღესდღეობით ტელევიზორების უმეტესობა ამ გაფართოებით არის წარმოდგენილი. სპეციაისტების აზრით, ეს გახლავთ „ფასი-ხარისხის“ მიმართებაში იდეალური შემოთავაზება.

·                     Ultra HD-4K - ამგვარი გაფართოება გვხდება 32 და მეტი დუიმის მქონე ტელევიზორებში. ხასიათდება საშუალოზე მაღალი ფასით.

·                     Ultra HD-8K - ასეთი გაფართოების მქონე მოდელების ფასი მეტად მაღალია, თუმცა გამოსახულება - რაღა თქმა უნდა, შესანიშნავი.

 

ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა 4K გაფართოება: ამგვარი ეკრანით უზრუნველყოფილი გექნებათ დაუჯერებლად მკაფიო და კაშკაშა ფერების მქონე გამოსახულება.

HDR სტანდარტი

HDR (High Dynamic Range) - გაფართოებული დინამიური დიაპაზონი. თუკი ტელევიზორს გააჩნია HDR, ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია აღბეჭდოს მეტი შეფერილობა გაუმჯობესებული სიკაშკაშითა და კონტრასტულობით, ანუ, გამოსახულება არის მეტად რეალისტური. მუქი ადგილები ხდება უფრო მუქი, ნათელი კი - კიდევ უფრო კაშკაშა. 

ინტერფეისი

მოძველებული მოდელებისგან განსხვავებით, თანამედროვე ტელევიზორებს უფრო მეტი ფუნქცია აქვთ, ვიდრე მხოლოდ სატელევიზიო სიგნალის გადაცემა. ამიტომ, თუ გჭირდებათ მაქსიმალური ფუნქციონალი, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგს:

·                     USB-პორტი - სწორედ მისი მეშვეობით ხდება დაკავშირება ფლეშ-მეხსიერების ბარათთან, კამერასთან, კლავიატურასა და ა.შ. შესაძლოა ერთი ასეთი პორტი საკმარისი არ იყოს.

·                     DVB-C/DVB-S - აუცილებელია თანამგზავრული და ციფრული ტელევიზიისთვის.

·                     S-video - აუცილებელია კომპიუტერიდან ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულების გადატანისთვის.

·                     HDMI - მულტიმედია ინტერფეისი მაღალი გაფართოებით, მისი მეშვეობით ტელევიზორს უკავშირდება კომპიუტერი, ლეპტოპი და ა.შ. 

ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს რომელი კონექტორებია მოცემული ტელევიზორზე, რაც არასწორია, რადგანაც ეს არ გახლავთ უმნიშვნელო დეტალი: შესაძლოა საჭირო გახდეს კამერიდან, კონსოლიდან, გეიმინგ პლატფორმიდან ვიდეოსიგნალის გადაცემა. 

ყურადღება უნდა მიექცეს იმ კონექტორებსაც, რომლებიც ხმაზეა პასუხისმგებელი - ისინი უნდა ემთხვეოდეს მფლობელის აკუსტიკურ სისტემებზე არსებულს. 

Smart TV-ს შესაძლოა ჰქონდეს Etheet (RJ-45) პორტი - იგი საშუალებას იძლევა ტელევიზორი დაუკავშირდეს მარშრუტიზატორს Wi-Fi-ს გამოყენების გარეშე.

კადრის განახლების სიხშირე

ეს სიდიდე აღინიშნება ასოებით - Hz (ჰერცი) და გვიჩვენებს განახლების სიხშირეს.

სხვადასხვა ბრენდებში ეს პარამეტრი სხვადასხვანაირად იწოდება:

·                     "Clear Motion Rate",

·                     "TruMotion",

·                     MotionFlow,

·                     "SPS" და ა.შ.

კადრის განახლების სიხშირე - ეს არის წამში ასახული კადრების მაქსიმალური რაოდენობა. საეთერო კონტენტი ძირითადად არ აღემატება 50 კადრს, ფილმები - 24-ს. რაც უფრო მაღალია განახლების სიხშირე, მით უფრო დინამიური და სინქრონულია კადრების ცვლილება. 

ტელევიზორების შემთხვევაში სიხშირე საშუალოდ შეადგენს 50/60 ან 100/120 ჰერცს, თუმცა ვხვდებით ტელევიზორებს 800, 1200 და 1600 Hz მაჩვენებლითაც კი.

არსებობს კიდევ მთელი რიგი ფუნქციები, რომლებიც ზოგი მომხმარებლისთვის აუცილებელია, ზოგისთვის კი - სრულიად უსარგებლო:

·                     3D ეკრანი - გამოსახულება ხილვადია სპეციალური სათვალით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კინოთეატრში იმყოფებით იმდენად ყოვლისმომცველი და ბუნებრივია გამოსახულება.

·                     Wi-Fi მხარდაჭერა - შესაძლებელია ეკრანის გამოყენება კომპიუტერის მონიტორის მსგავსად.

·                     არეკვლის საწინააღმდეგო ეკრანი - მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოთახში განათება, ნებისმიერი კონტენტის ყურება მაქსიმალურად კომფორტულია და ეკრანი არაფერს ირეკლავს.

·                     გამოსახულება გამოსახულებაში - შეძლებთ ერთდროულად უყუროთ რამდენიმე გადაცემას.

·                     მეხსიერების ბარათი - შესაძლებელია განთავსდეს სმარტფონის ან ფოტოკამერის ბარათი.

·                     Smart TV - შესაძლებელია სატელევიზიო გადაცემებისა და ფილმების ყურება ონლაინ რეჟიმში ინტერნეტით, სხვადასხვა ვებ-გვერდის მონახულება.

·                     მართვა ხმითა და ჟესტებით.

·                     საყვარელი პროგრამების ჩამონათვალი - დამოუკიდებლად ირჩევთ ფავორიტ გადაცემებს და ხშირად მონახულებად არხებს. 

ოპერაციული სისტემა

თანამედროვე ტელევიზორები წარმოდგენილია სხვადასხვა ოპერაციული სისტემით, რომელთაც საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები გააჩნიათ. განსხვავება უმეტესად განპირობებულია იმით, თუ რომელი ბრენდი რომელ ოპერაციულ სისტემას ანიჭებს უპირატესობას.

·                     Linux - დახურული ოპერაციული სისტემა SONY-ს, Philips-ის, Panasonic-ისა და სხვა ბრენდების ბიუჯეტური მოდელებისთვის. დახურულში მოიაზრება მწარმოებელი კომპანიის მიერ გათვალისწინებული აპლიკაციების შეზღუდული ნაკრების არსებობა, რომლის შეცვლა შეუძლებელია;

·                     Tizen – Samsung-ის ფავორიტი ოპერაციული სისტემა;

·                     Web OCიდეალური LG-სთვის.

·                     Android TVხშირად გხვდება Sony-სა და „Phillips“-ის მოდელებში;

·                     Firefox – Panasonic. 

ხმა, დინამიკები, საუნდბარი

სატელევიზიო კონტენტის ყურებისას უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი ხმა. ყველაზე პოპულარული აუდიო ფორმატებია DTS და Dolby, ორივე მათგანს ექვსარხიანი მოცულობითი ხმის მხარდაჭერა აქვს. ამ ფორმატების მოწინავე ვერსიებია DTS:X და Dolby Atmos -  რვაარხიანი ხმით. შედეგად იქმნება ყველაზე შთამბეჭდავი ხმა. 

იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორს მძლავრი აკუსტიკური სისტემა არ გააჩნია, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ დამატებითი აუდიოსისტემებით: ესენი შეიძლება იყოს ხმის ჰაბები, საუნდბარი ან სახლის კინოთეატრის ატრიბუტები.

ხედვის კუთხე

რაც უფრო დიდია ტელევიზორის ხედვის კუთხე, მით უკეთ გამოჩნდება გამოსახულება გვერდიდან შეხედვისას. ექსპერტების რეკომენდაციაა შეიძინოთ ტელევიზორი, რომელსაც აქვს არანაკლებ 170-გრადუსიანი თვალთახედვის კუთხე.

ენერგომოხმარება

ტელევიზორების ენერგომომხმარების მაჩვენებელი ძირითადად დიაგონალზეა დამოკიდებული - რაც უფრო დიდია, მით მაღალია ენერგომოხმარება. თანამედროვე LED-ტელევიზორების საშუალო მაჩვენებელია 40-300 ვატი საათში. OLED-ეკრანები გაცილებით ეკონომიურია.

ციფრული სტანდარტი

ყველა ტელევიზორს აქვს ინტეგრირებული ტიუნერი სიგნალის მიღებისთვის. არსებობს სამი ძირითადი სტანდარტი - DVB-T, DVB-C, DVB-S. მათი განვითარების შედეგად კი გაჩნდა მეორე თაობის ციფრული სტანდარტები - DVB-C2, DVB-S2, DVB-T2.

·                     DVB-T/T2 — ტელევიზორის კლასიკური დაკავშირება გარე მეხამრიდთან, იძლევა ციფრული მონაცემების (3D, HDTV) გადაცემის საშუალებას;

·                     DVB-C/С2  პროვაიდერებისგან მოწოდებული საკაბელო ტელევიზია.

·                     DVB-S/S2 თანამგზავრული ციფრული ტრანსლაცია დედამიწის ნებისმიერ ადგილას. განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ ადგილებში, სადაც საკაბელო ტელევიზია მიუწვდომელია. აუცილებელი პირობაა სპეციალური მეხამრიდის გამოყენება.

მწარმოებელი ბრენდები

დღესდღეობით ბაზარზე გვხვდება ბრენდების დიდი არჩევანი, რომლებშიც არის ისეთებიც, რომელთა შესახებ მომხმარებელს ბევრი არაფერი სმენია.

ექსპერტების რეკომენდაციაა უპირატესობა მივანიჭოთ შემოწმებულ და დროში გამოცდილ ბრენდებს ზედმეტი რისკის თავიდან ასარიდებლად. თუმცა, ბევრი მომხმარებელი ცდილობს აარჩიოს იაფი და ხარისხიანი მოწყობილობა.

ტელევიზორების მწარმოებელი ყველაზე პოპულარული ბრენდების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

·                     LG

·                     Samsung

·                     Phillips

·                     Toshiba

·                     Sony

·                     Panasonic.

მაშ ასე, ძირითად მახასიათებლებში გავერკვიეთ. არჩევანი დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებსა და ფინანსურ შესაძლებლობაზე. თუ ეძებთ ხარისხიან, თუმცა პატარა და ბიუჯეტურ მოდელს და მის გამოყენებას მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებისა და ფილმებისთვის აპირებთ, თამამად შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ 32-40-დუიმიან HD Ready გაფართოების ტელევიზორზე, სპორტული გადაცემებისა და ხარისხიანი ფილმების მოყვარულებს ვურჩევთ HDR სტანდარტის Full HD მოდელებს 40-დუიმს ზემოთ. მათთვის, ვისაც სახლის კინოთეატრის მოწყობა სურს, საუკეთესო არჩევანი იქნება 55 დუიმი და მეტი ზომის OLED-ტელევიზორები. ინტერნეტ-სერფინგისა და სოციალური ქსელების მოყვარულებმა კი ყურადღება სმარტ-ტელევიზორებზე უნდა გაამახვილონ. ნებისმიერ შემთხვევაში არ დაგვავიწყდეს ბრენდის გათვალისწინება, რაც პირდაპირ კავშირშია მოწყობილობის საიმედოობასთან.

 


თეგები :