• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„ეს არის დაუდევრობა, უყურადღებობა" - რა მოხდა გონიოში?

უკვე მეოთხე დღეა შავ ზღვაში დაკარგული კურსანტების ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობს. დღეს თურქეთიდან სპეციალური საძიებო ტექნიკით აღჭურვილი გემიც შემოვა. რა გახდა შავ ზღვაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ისინი საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს.

”მიმდინარეობს ორი დაკარგული ჯარისკაცის სამძებრო სამუშაოები გონიოს პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიასთან. ჯერჯერობით ძებნა მიმდინარეობს უშედეგოდ. ჩართულია ასევე თურქული მხარის კატარღა, ველოდებით სპეციალურ გემს, რომელიც აღჭურვილია სპეციალური აღჭურვილობით და იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოვძებნით დაკარგულ ჯარისკაცებს,“ - განაცხადა პოლკოვნიკმა, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა დიმიტრი კიკნაძემ.

გონიოში, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში დაკარგული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებენ.

ერთ-ერთი დაკარგული ჯარისკაცის, იაგო შარაშიძის მამის რომან შარაძის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და შემთხვევა უყურადღებობისა და დაუდევრობის ბრალია.

„ეს არის დაუდევრობა, უყურადღებობა. ეს არის, ვინც ინსტრუქტაჟს უწევდა იმის ბრალი, იმის შეცდომის ბრალი. უბრალო შეცდომა და შვილი დამიღუპეს და რა დღეში ჩამაგდეს, გამამწარეს. ჩემმა შვილმა ცურვა იცოდა უმაღლეს დონეზე, პირველი იყო, იმას არაფერი არ შეეშლებოდა. გაიყვანეს სიღრმეში, მიატოვეს უყურადღებოდ - ან ჟანგბადი დაელიათ, ან ბავშვს რაღაცამ უმტყუნა. რომ უმტყუნა იქ არ უნდა ყოფილიყო მაშველი ან უბრალო ნავი?!“ - განაცხადა იაგო შარაძის მამამ.

დაკარგული სამხედროს ოჯახის წევრების თქმით, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ექვსბალიანი შტორმი და ისინი წვრთნაზე არ უნდა გაეშვათ.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და პირველი კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ.

საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ზღვის ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლეს და მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია.


თეგები :