• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

"ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ვერ შევძელით"

საქართველოში თურქეთის ელჩმა ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ გონიოში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო ღონისძიებებში თურქული მხარის მონაწილეობის საკითხზე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ სამწუხარო დანაკარგის შესახებ გავიგეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით და დაუყოვნებლივ გამოვყავით ორი გემი, რომელიც სანაპირო დაცვას დაეხმარებოდა. ისინი თურქეთის დასავლეთ ნაწილიდან გამოვიდნენ და აქამდე მოსასვლელად 2 დღე დასჭირდათ, თუმცა სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს დაუყოვნებლივ შეუერთდნენ. უკანასკნელი 10-12 დღის განმავლობაში ჩვენ დიდი იმედითა და მონდომებით ვცდილობდით დაკარგული ჯარისკაცების პოვნას. სამწუხაროდ, ამ პირობებში, პირველი კვირა საკმაოდ კრიტიკულია მსგავსი დანაკარგის საპოვნელად.

გუშინ მე კაპიტანსა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს ვესაუბრე და მივედით დასკვნამდე, რომ ამდენი დროის გასვლის შემდეგ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ძალიან რთულია. თუმცა გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. მე ვიცი, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროცესში ჩართო ყველა ძალა და გამოყო ყველა საშუალება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივაღწიეთ მოსალოდნელ მიზანს, მაგრამ ორ ისეთ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, როგორიც საქართველო და თურქეთია, თანამშრომლობის უმაღლესი დონე ვაჩვენეთ. ეს ისეთი დროა, როდესაც მეგობრები ერთმანეთის დასახმარებლად დაუყოვნებლივ უნდა მივიდნენ. თურქეთი აქ იყო და საქართველოს სანაპირო დაცვის გვერდით იდგა.

ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ამ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ვერ შევძელით. მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მათ საყვარელ ადამიანებსა და მთელ საქართველოს მსგავსი დანაკარგის გამო“, - განაცხადა ელჩმა.


თეგები :