• თბილისი
  • 14°C
  • 20 ნოემბერი, 2019
article

"ყველაფერი ტყუილია, რასაც აცხადებენ" - რა მოხდა კრწანისის ეროვნულ ბაზაზე?

გიგა შენგელია ის პირია, რომელიც კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლა.

შენგელიას ცხედარი უკვე გადაასვენეს ზუგდიდში, საკუთარ სახლში, თბილისში კი გამოძიება გრძელდება. 

თავდაცის სამინისტროს ინფორმაციას, თითქოს მოკლულ შენგელიას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, კატეგორიულად უარყოფენ მისი ოჯახის წევრები.

"ყველაფერი ტყუილია, რასაც აცხადებენ, დანაც არ ჩაუდია ჯიბეში" - აცხადებენ ოჯახის წევრები.

ახლობლების თქმით, გარდაცვლილის ძმა გიორგი შენგელია რამდენიმე წლის წინ კრწანისის ბაზაზე მსახურობდა და შესაძლებელია ისინი მეგობრის სანახავად იყვნენ მისულები.

მათივე ინფორმაციით, გაქცეულებიდან ერთ-ერთი სწორედ მოკლულის ძმაა.

შეგახსენებთ, უკანონო შეჭრა კრწანისის ბაზაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. თავდაცვის სამინისტოს ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის მოთხოვნას დაეტოვებინათ ტერიტორია და მას ცეცხლმაქრით დაესხნენ თავს.
 

შედეგი არ მოჰყოლია გუშაგის გამაფრთხილებელ გასროლასაც, ამიტომაც, წესდების შესაბამისად, გუშაგმა უცხო პირებს ცეცხლი გაუხსნა.
რის შემდეგაც, გარდაცვლილ შენგელიასთან მყოფმა პირებმა მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს, კრწანისის ბაზაზე კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

სამხედრო ექსპერტები ობიექტური გამოძიების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურდაღებას და არც გამოძიების მუხლის შეცვლას გამორიცხავენ.


თეგები :