• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

"ის მხოლოდ პატარა ქალაქია, სადაც 2000 ბავშვი იყინება და ჭურვები ცვივა"

უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ახალ თავდასხმებში ადანაშაულებენ.

დონბასში უკრაინული სამხედრო შტაბის ინფორმაციით, გასულ ღამეს კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

საპასუხოდ, დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სროლას ორი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სროლები მხარეთა გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს. ასევე დონეცკიდან 13 კილომეტრში მდებარე დასახლება ავდეევკაში, სადაც დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცები "გრადის" სისტემის ზალპური მოწყობილობებიდან ისვრიან.

აქტიური საბრძოლო მოქმედებები დონეცკთან 29 იანვრის ღამით განახლდა და არ შემწყდარა.

ავდეევკაში, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. ქალაქში არ არის ელექტროენერგია.
სტუდენტმა ავდეევკიდან, რომელიც ახლა ევროპაში ცხოვრობს სოციალურ ქსელში საკმაოდ მძიმე წერილიც გამოქვეყნა თავისი ქალაქის შესახებ.

"დილა მშვიდობისა "ცივილიზებულო ევროპა". მინდა ერთ ქალაქზე მოგიყვეთ, რომლის არსებობაც არ იცოდით.
ავდეევკა:

13 კილომეტრი დონეცკიდან.

3 დღის წინ რუსულმა არმიამ და პრო-რუსულმა ძალებმა მასზე მასიური შეტევა დაიწყეს.

დაიღუპა რვა უკრაინელი ჯარისკაცი (წერილის გამოქვეყნების შემდეგ ეს რიცხვი გაიზრდა).

16 000 ადამიანი წყლის, ელექტროობისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

2000 ბავშვს არ აქვს გათბობა, გარეთ კი - 17 გრადუსია.

თქვენ არასდროს გსმენიათ ავდეევკაზე, რადგან ის არ არის პარიზი, ბერლინი ან ბრიუსელი.

ის მხოლოდ პატარა ქალაქია, სადაც 2000 ბავშვი იყინება და "გრადები" ცვივა."-წერს გოგონა და განადგურებული ქალაქის ფოტოს აქვეყნებს.


თეგები :