• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

ბიძაშვილები და ნათესავები მაღალ თანამდებობებზე - ნეპოტიზმი და განუკითხაობა თავდაცვაში...

თავდაცვის სამინისტროში, ახლადდანიშნული კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭედან, მუხურიდან და და თაიადან არიან, რისი ძირითადი მიზეზი კი, თავდაცვის მინისტრის - ლევან იზორიას წარმომავლობაა. 

თავდაცვაში ხუმრობენ რომ დასაქმებისათვის არა პროფესიონალიზმი, არამედ იზორიას კლანთან ნათესაობა და კომპიუტერის ცოდნაა აუცილებელი. 

მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ახალი უფროსი, სენაკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, თორნიკე საჯაიაა.  ის ჩხოროწყუს რაიონის მკვიდრი და ლევან იზორიას ახლო ნათესავია (ბიძაშვილი). 

გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში, აშკარად იკვეთება ნეპოტიზმის თემა, იმ პრობლემასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ თავდაცვის სამინიტროს მაკონტროლებელი უწყება, იმის მაგივრად, რომ მაღალი დონის პროფესიონალი სამხედროებით იყოს შემდგარი, პოლიციური წარსულის პირებს „იშველიებს“.

ეს მაშინ, როდესაც მასშტაბურ შემცირებებსა და პირად მიზეზებს შეეწირა ათასობით პროფესიონალი სამხედრო, რომელთაც შეიარაღებულ ძალებში მუშაობის სტაჟი, შესაბამისი განათლება და შესაძლებლობები ნამდვილად არ აკლდათ.  

ნეპოტიზმი კი, კვლავ აქტიურად ყვავის თავდაცვის სამინისტროში...

 მაგალითად: რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში დაინიშნნენ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის - სოფიო კილაძის მეუღლე, ვინმე ავთანდილ ხარაძე და, „ქართული ოცნების“ ახალი წევრის, თამარ ხულორდავას მეუღლე, ვინმე ლევან ვახტანგაძე.

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უწყების ადმინისტრაციის უფროსი, ვახტანგ მელაძე კი, მინისტრის მეგობრის შვილთან და მის პირველ მოადგილე ლელა ჩიქოვანთან ნათესაურ კავშირს არც მალავს.

თავდაცვის სამინისტროს საპასუხო განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დეპუტატების მეუღლეები უწყებაში მათი საკვალიფიკაციო მონაცემების გათვალისწინებით დაინიშნნენ და შესაბამისი კონკურსიც გაიარეს. 

თუმცა, ადეკვატურ ადამიანს გაუჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ ემთხვევა ისე, რომ ყველა მაღალჩინოსნის ცოლი, ქმარი, შვილი და ბიძაშვილ-მამიდაშვილი იმდენად მაღალი დონის განათლების მქონენი არიან, რომ სხვა კვალიფიციურ პირებს შანსს არ უტოვებენ?

არადა, შეირაღებული ძალები, ნამდვილი პროფესიონალი სამხედროებისაგან იცლება. მათი ნაწილი ან საკუთარი ნებით მიდის ან შემცირებების მოტივით უშვებენ.

„ჩემი გათავისუფლება პირადი მიზეზით მოხდა. მევალებოდა შემეფასებინა ერთ-ერთი წვრთნა. შეფასების დროს კი, ხარვეზების შესახებაც აღვწერე. 

სწორედ არ მოეწონათ გენერალურ შტაბში და არჩევანის წინაშე დამაყენეს - ან წავსულიყავი ჩემივე ხელწერილით და ამეღო კონკრეტული თანხა ან მაინც გამიშვებდნენ და თანხასაც არ მომცემდნენ. 

ოჯახური პირობების გამო, რა თქმა უნდა, პირველი ავირჩიე, თუმცა დღემდე ვერსად ვსაქმდები, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება შეიარაღებულ ძალებს შევალიე, ვიბრძოდი აფხაზეთის, ცხინვალისა და აგვისტოს ომში. 

მივიღე პოლკოვნიკის წოდება და ამგვარად მაიძულეს დავმშვიდობებოდი საქმეს, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

თან, ისე „მოაგვარეს“ ყველაფერი, რომ ჩივილსაც ვერ შევძლებ, რადგან „საკუთარი ნებით“ წავედი“, - აღნიშნავს ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედრო ჩვენთან საუბარში და ვინაობის გამხელას მხოლოდ იმიტომ ერიდება, რომ დასაქმების იმედს არ კარგავს და „ზედმეტი პრობლემები“ აღარ სჭირდება. 

ბატონმა იზორიამ მასშტაბური შემცირებები იმით ახსნა, რომ „უმაღლეს ოფიცერთა საშტატო კატეგორიები იყო უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელია და შესაბამისად, უმცროს ოფიცერთა კატეგორიას არ ჰქონდა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა“. 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებაში განხორციელებული რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შედეგად 32 მილიონი ლარი დაიზოგა.

 თუმცა, ბატონ იზორიას ბიუჯეტის თანხები არ დაუზოგავს ნათესავების გათავისუფლებით. მან, შეიარაღებული ძალებიდან გასაყრელად რატომღაც არა საკუთარი ნათესავ-მეგობრები, არამედ პროფესიონალი სამხედროები აირჩია...

მინისტრმა იზორიამ ბიუჯეტზე ზრუნვით „გააპრავა“ სერიოზული გადაცდომა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის.თუმცა მაშინ, როდესაც საბრძოლო ავიაცია გაანადგურეს, პოლკოვნიკებს დაქვემდებარებაში ახლადგამოჩეკილი გენერლები ჰყავთ და გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე პირად შეცდომებს, პროფესიონალების გაშვების ხარჯზე მალავენ, ფინანსური რესურსების ფლანგვა, ნათესავებისთვის განკუთვნილი პრემიები, უმოტივაციო მივლინებები და ა.შ. გასაკვირი ნამდვილად არაა.

თუმცა, თუ ხელისუფლება იგივე რჩება და შესაბამისად, პროცესიც შეუქცევადად გრძელდება. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დარჩენა არმიის გარეშე კი, ყველაზე მეტად ვის აძლევს ხელს, მგონი ისედაც ნათელია.


თეგები :