• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

პროკურატურა ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე პირველ განცხადებას აკეთებს

პროკურატურა მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის, დაკავების საქმეზე განმარტებებს აკეთებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ როცა პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ის არ იყო ნასამართლევი და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის მიზანი, პროკურატურა წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოში არ შედის.

„როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ან მე-3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე  შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შსს-ის ინფორმაციით, ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზია ამოღებული. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მსახიობისა და ბიზნესმენის ჩანთაში  0,5659გ. კოკაინი და 0,1921გ. ექსტაზი (MDMA) ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯიბღაშვილს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

უწყების ცნობით, გამოსაკვლევი დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს სამართალდაცმველები ელოდებიან.