• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

ახალი დეტალები იულია სუსლიაკის საქმეში - უკრაინის მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლისას 11 ბავშვი ახლდა. ქალი ამტკიცებს რომ მე-11 ბავშვი მას აბაზანაში დაეხრჩო

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქის საქმეში ახალი და სკანდალური დეტალებია. ქართველი სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ იულია სუსლიაკი უკრანიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვთან ერთად შევიდა.

რუსეთიდან საქართველოში კი ის 10 მცირეწლოვანთან ერთად შემოვიდა. ახლა მე-11 ბავშვს ინტერპოლის საშუალებით ეძებენ. არსებობს კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ექცეოდა დაკავებული ერთ-ერთ ბავშვს საავადმყოფოში. მედპერსონალი ამბობს, რომ ქალის გულგრილობამ ისინი შოკში ჩააგდო.

ბავშვებით ვაჭრობაში სავარაუდო დამნაშავის შესახებ ქართველმა სამართალდამცველებმა 21 აპრილს შეიტყვეს, მაშინ, როდესაც არასრულწლოვნები მწვავე ინტოქსიკაციით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსები პოლიციას დაუკავშირდნენ, რადგან დოკუმენტების შემოწმების შემდეგ საეჭვოდ ეჩვენათ ფაქტი, რომ რამდენიმე ბავშვი ერთ წელს იყო დაბადებული. იულია სუსლიაკის დაკავების შემდეგ ბავშვები სოციალურმა მუშაკებმა თავშესაფარში წაიყვანეს.

10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. იულია სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, მისთვის ამ დრომდე საქმის მასალები არ გადაუციათ და ხვალ შსს-ში გადასცემენ.

„გამომძიებელმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარუდგინა ბრალი. ამ ეტაპზე, მე ვერ ვიმსჯელებ სამართლებრივად, თუ რა გარემოებებით არის დასაბუთებული ის ბრალი, რაც ერაცხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. გამოძიებას ჩემთვის საქმის მასალები არ გადმოუცია, მიბარებენ ხვალ დილით - 10:00 საათზე უნდა მივიდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელთან და მპირდებიან, რომ დილით გადმომცემენ საქმის მასალებს. ამ ბრალში ჩამოთვლილია მოწმეები, რომლებიც თითქოს ადასტურებენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახული ჰქონდა 10-ვე ბავშვის გაყიდვა ძიებით დაუდგენელ მისამართზე და ძიებით დაუდგენელ ხალხთან. ეს მოწმეები, ჩემდა გასაკვირად, არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები - ექიმები, ბინის მესაკუთრეები, სასტუმროს თანამშრომლები და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები რომლებმაც იხილეს ეს დოკუმენტი. ბრალდებული არ აღიარებს ბრალს“, - აცხადებს ზურაბ თოდუა.

აღნიშნულ საქმეზე განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავა.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება.

მოწმეთა ჩვენებებით ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში (მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში)“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.


თეგები :