• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

პროკურორი: იულია სუსლიაკმა ცხრა თვის ბავშვი რუსეთში გაყიდა და ის არ გარდაცვლილა

პროკურორმა თეა გორგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ტრეფიკინგში ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა რუსეთში ცხრა თვის ბავშვი გაყიდა და ის არ გარდაცვლილა. 

მისი თქმით, საქმის მასალებში დევს დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც ბრალდების მხარე ამ განცხადებას აკეთებს, თუმცა ამ ეტაპზე პროკურორი არ აკონკრეტებს, ეს რა დოკუმენტია. მისი თქმით, სწორედ ეს ფაქტი და სხვა გარემოებები დაედო საფუძვლად იულია სუსლიაკისთვის ბრალის წარდგენას.

ბრალდებულის ადვოკატი ბრალდებას უარყოფს და აბობს, რომ ბავშვი აბაზანაში შემთხვევით დაიხრჩო. საუბარია 2017 წლის ოქტომბერში დაბადებულ საბა სუსლიაკზე, რომელიც ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით, 2018 წლის ივნისშია გარდაცვლილი.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა.  საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 20 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართვლოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე ბავშვს ინტერპოლით ეძებს. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ათი ბავშვიდან ორი ამ დრომდე ქუთაისის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. ათივე ბავშვზე სოციალური მომსახურების სააგენტო ზრუნავს. 


თეგები :