• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

"ვიტალი საფაროვი იყო ებრაელი და გვესაუბრებოდა დამცინავად" - ბრალდებულების თანმხლებმა პირმა სასამართლოზე მკვლელობის დღე გაიხსენა

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა იმართება. ბრალდებულების თანხმლები პირი, ნიკოლოზ შანავა საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. შანავამ საფაროვის მკვლელობის დღე გაიხსენა და დეტალებზე ისაუბრა.

„ვიტალი საფაროვი იყო ებრაელი და გვესაუბრებოდა დამცინავად, ეს იყო მკვლელობის მოტივი“, - აცხადებს შანავა. 

"ბრალდებულები გავიცანი სპორტდარბაზში და დავმეგობრდით. ამიხსნეს სვასტიკის მნიშვნელობა, რომელიც ეხატათ. იყვნენ ფაშისტები და გამაცნეს მათი იდეოლოგია. ხშირად დავდიოდით დასალევად, რის შემდეგაც სხვა ეროვნების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ვაყენებდით სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეს გრძელდებოდა სისტემატურად“, - იხსენებს მოწმე.

შანავას თქმით, ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ, ბრალდებულებთან ერთად თავისუფლების მოედანზე გავიდნენ სასეირნოდ, სადაც სხვა ეროვნების წარმომადგენელს შეეკამათნენ.

„ვიღაც გელაშვილი მოვიდა და გვითხრა, რას კამათობთ, საქართველოს დედაცო, რის შემდეგაც მოშორებით გავედით, სადაც კამერები არ იქნებოდა. სწორედ მას ახლდა საფაროვი, რომელმაც თქვა, რომ იყო ებრაელი. დამცინავად მითხრა რაღაც, რის შემდეგაც ხელი დავარტყი. ამის შემდეგ ავთომ დაუწყო საფაროვს მუცელში დანის რტყმა. გიორგი სოხაძეს, იგივე ,,სლეიერას” კი კასტეტი ეკეთა და ურტყამდა თავის არეში. როდესაც საფაროვი დაეცა, დაიყვირეს, რომ გავიქცეთო და წამოვედით. რომელიღაც სახლის სადარბაზოში შევედით და გვინდოდა მოწესრიგება. მოგვიანებით დანა და კასტეტი მახლობლად მშენებლობაზე გადავმალეთ“, - ჰყვება ნიკოლოზ შანავა.

„ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი ვიტალი საფაროვი სავარაუდოდ ქსენოფობიური სიძულვილის ნიადაგზე გასული წლის 24 სექტემბერს თბილისში მოკლეს. ის მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 

საქმეზე ორი ახალგაზრდაა დაკავებული. მათ ბრალდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავება, რაც სასჯელის სახით, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :