• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებაზე, რომ ის დაჯგუფებებს შექმნის და დაუპირისპირდება ყველას, ვინც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია ან მათ უფლებებს იცავს, შს სამინისტრო გამოძიებას იწყებს.

„უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.

ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება“, -ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ „სახალხო რაზმების“ შექმნას გეგმავს. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" განაცხადა, რომ შეიქმნება სახალხო რამზები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში.  მისი თქმით, სახალხო რაზმის წევრები კომბლებით იქნებიან შეიარაღებულები.


თეგები :