• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

"ქუჩაში მიმავალი 21 წლის გოგონა ქალს გამოსარჩლა, რომელზეც ქმარი ძალადობდა... ქმარმა კი გოგონაც სასტიკად სცემა"

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა მამაკაცს, რომელმაც 21 წლის გოგონა ქუჩაში სცემა. მამაკაცი მარიამ ჯუღელს თავს იმის გამო დაესხა, რომ გოგონამ ოჯახში ძალადობის დროს მისი ცოლის დახმარება სცადა.

ინფორმაციას "ტაბულა" ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ მარიამ ჯუღელს თავს 19 ივნისს დაესხნენ. შედეგად, მან მიიღო თავის ტვინის შერყევა, ასევე, ყბა აქვს ნაღრძობი.

მარიამი გამოცემასთან ჰყვება მომხდარის შესახებ. ის ტაშკენტის ქუჩაზე, სადაც მისი სამსახურის ოფისია, მაღაზიაში გავიდა. ოფისისკენ მიმავალმა კი ყვირილი გაიგო. ითხოვდნენ შველას, პატრულის გამოძახებას. დასახმარებლად მისულს ბინის კარი ღია დახვდა, სადაც ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ტიროდნენ, იქვე იყო მამაკაციც, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა. ბინაში იყვნენ დასახმარებლად მისული სხვა ადამიანებიც. მარიამ ჯუღელის თქმით, სავარაუდოდ, მეზობლები და ახლობლები.

ის ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც აგრესიულმა კაცმა ბინა დატოვა, მეზობლებთან ერთად თვითონაც წამოვიდა და სამსახურში აპირებდა დაბრუნებას, თუმცა კაცი სადარბაზოსთან შეხვდა და ეკითხებოდა ვინ იყო, საიდან მოხვდა მის სახლში. მარიამის თქმით, მეზობელმა, რომელსაც მანამდე აუხსნა, რომ ამავე ეზოში მისი სამსახურის ოფისი იყო და არა საცხოვრებელი სახლი, კაცი სადარბაზოში შეიყვანა და თვითონაც წავიდა.

"გავაგრძელე გზა და დაახლოებით ერთ წუთში გავიგონე ყვირილი და დავინახე როგორ გამორბოდა ის კაცი ჩემი მიმართულებით, თან სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ჩავთვალე, რომ გაქცევა უფრო საშიში იქნებოდა, ამიტომ ვარჩიე ადგილზე დავრჩენილიყავი და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც არ მქონია რეაგირება, რადგან უფრო მეტად არ გაღიზიანებულიყო. როცა მომიახლოვდა, პირველი, რაც გააკეთა, მარცხენა ხელში ჩამარტყა მარჯვენა ხელი. ხელში რაც მეჭირა - ტელეფონი, საფულე და ყველაფერი, რაც მაღაზიაში ვიყიდე, ძირს დამიცვივდა. შემდეგ გამეტებით მირტყამდა მუშტებს სახის და თავის არეში. ხელები ავიფარე და ვცდილობდი ცხვირი და თვალები დამეფარა, ამიტომ სახეზე შესამჩნევი დაზიანებები არ მაქვს. ძირითადი დაზიანებები არის ყბების და თავის არეში", - ამბობს მარიამ ჯუღელი გამოცემა "ტაბულასთან".

21 წლის სტუდენტის თქმით, ტერიტორიაზე 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა მხოლოდ ერთი ქალი ცდილობდა მოძალადისგან მის დაცვას, სხვები გულგრილად უყურებდნენ. მარიამის თქმით, მას შემდეგ, რაც კაცი წავიდა, აფექტის გამო სასწრაფო დახმარების ნომერიც ვერ გაიხსენა და 112-ის ნაცვლად 115-ზე რეკავდა.

"უბრალოდ უყურებდნენ როგორ ძალადობდა ახალგაზრდა მამაკაცი ახალგაზრდა ქალზე. საუბარია 50 ადამიანზე, ესენი არიან მეზობლები, გამვლელები, სტადიონზე 16-17 წლის ბიჭები თამაშობდნენ... ყველა მიყურებდა და არავის ჰქონია რეაქცია, უბრალოდ გვერდზე გადგნენ. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა მთელ ამ ამბავში იყო ზუსტად ეს - საზოგადოების გულგრილობა ძალადობის მიმართ. ყველამ, ვინც ეს ამბავი გაიგო, მითხრა, რომ ეს იყო მათთვის დაუჯერებელი. ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი ფაქტები შესაძლებელია მოხდეს. ფაქტია, მოხდა და არავინაა დაზღვეული, ყველას შეძლება შეემთხვეს იგივე", - ამბობს მარიამ ჯუღელი.

საბოლოოდ, პატრულისა და ექიმების გამოძახება მეგობრის დახმარებით შეძლო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, გამოკვლევების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ  ნაღრძობი აქვს ყბა, დაზიანებულია თვალი და მიიღო თავის ტვინის შერყევა.

ექიმების რეკომენდაცია წოლითი რეჟიმია, თუმცა ამბობს, რომ მომხდარის გამო მას პოლიციაში და ექსპერტიზაზე უწევს სიარული.

მარიამის უფლებებს „საფარი“ იცავს. ადვოკატ ელისო რუხაძის თქმით, თავდაპირველად პოლიცია არ იყო მოტივირებული, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგა, თუმცა ორგანიზაციის ჩართვის შემდეგ, ბრალდებული დააკავეს. მიუხედავად ამისა, მარიამ ჯუღელი ჯერ დაზარალებულადაც არ არის ცნობილი.

"მარიამი რომ დაგვიკავშირდა, იყო ძალიან შეშინებული და არ უნდოდა პოლიციაში მარტო წასვლა. დეტალები როცა მოვისმინე, მისი შიში გამოწვეული იყო იმით, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულმა ძალადობის ფაქტის ადეკვატური შეფასება არ მოახდინა და პრაქტიკულად არ დაეხმარა იმ მსხვერპლს, რის გამოც მარიამი სცემეს. მარიამმა შეაფასა ეს სიტუაცია და იფიქრა, რომ პოლიციაში მარტო მისვლა შეიძლება რისკის შემცველი ყოფილიყო", - ამბობს ადვოკატი.

მისი მოთხოვნით, პოლიციამ ბრალდებულის სახელზე შემაკავებელი ორდერი გამოწერა, რომელიც კაცს მარიამთან მიახლოებას უკრძალავს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მარიამი ითხოვს, რომ გამოძიებას დაემატოს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ნაწილიც.

ბრალდებული შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 27 ივნისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ივნისს იმსჯელა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და კაცს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ბრალდებულის ცოლიც, თუმცა მან ოჯახში ძალადობის ფაქტი უარყო.

რაც შეეხება მარიამ ჯუღელის დაზარალებულად ცნობას, პროკურატურაში ამბობენ, რომ დადგენილება უკვე გამოტანილია და მას დღეს ცნობენ დაზარალებულად.

წყარო: "ტაბულა"


თეგები :