• თბილისი
  • 22°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

20 ივნისის საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ ცოტა ხნის წინ  20 ივნისის ღამით ანტისაოკუპაციო, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო  4 პირი დააკავა.

დაკავებულები არიან ცოტნე სოსელია,  ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბუდაღაშვილი​. 

დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ედებათ. დანაშაული6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს, აღნიშნული პირები მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც, სხვადასხვა საგნების გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას," - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

როგორც ბორცვაძე ამბობს, რომ მათი დაკავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

„გამოძიების ფარგლებში, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული ნიკანორ მელია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეუფარდა გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დღეს კიდევ 4 პირის დაკავება განხორციელდა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

კერძოდ: ზ.ბ. ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. კი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც.ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბ.თ., ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს,“ - განაცხადა ბორცვაძემ.


თეგები :