• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

1000 დოლარი სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვის სანაცვლოდ - სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.


თეგები :