• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

შსს-მ ვაკეში ქურდობის ოთხ ფაქტთან დაკავშირებით სამი არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ჯიპისის“ აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი „ბავარიული გრილი“, ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია time 2 travel-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.


თეგები :