• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

რას აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული უცხოელი პედაგოგის შესახებ - "კარგი კაცი იყო. ჩვენს სკოლაში ასწავლიდა. არაფერი საეჭვო არ შეგვიმჩნევია"

სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლების განცხადებით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უცხოეთის მოქალაქისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ, მათი ინფორმაციით, პედაგოგი სკოლაში პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში 2011 წლის 7 ოქტომბერს მივიდა და 2012 წლის ივლისში სოფელი დატოვა.

ზეღდულეთის მცხოვრებმა დიანა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვის ოჯახშიც აღნიშნული პირი ცხოვრობდა, მისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.

"9 თვე ჩვენ სკოლაში ასწავლიდა. დადებითად ვახასიათებ, მეც მასწავლებელი ვარ. პროგრამა რომ დაიწყო, მთხოვეს ამერიკელი მასწავლებელი იცხოვრებს შენს ოჯახშიო. თან ბავშვებისთვის ენის შესწავლაში დაგეხმარებათო. უარი არ ვუთხარით. ანაზღაურება ძალიან მიზერული იყო, 100 ლარი, მაგრამ ვიფიქრეთ, ბავშვები ინგლისურს ისწავლიან-მეთქი და ამიტომ დავთანხმდით. კარგი კაცი იყო. 9 თვე იცხოვრა ჩვენთან, 15 ივლისს, სკოლა რომ დამთავრდა, ყაზახეთში გაფრინდა. მერე ჩამოსულა და გორში ქირით აუღია ბინა. მე-4 სკოლაში მივიდა მასწავლებლად. როგორც ვიცი, იქაც დადებითად ახასიათებენ. ვისთან დაიჭირა მერე კავშირი და სად წავიდა, ჩვენ არ ვიცით," - აცხადებს ქალბატონი.

ცნობისთვის, შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :