• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელების თქმით, მათ დავით მუმლაძის გატაცების სანაცვლოდ ფული აიღეს, რითაც ვალები გაისტუმრეს

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულმა მოქმედმა და ყოფილმა პოლიციელებმა, მუმლაძის გატაცების სანაცვლოდ თანხა მიიღეს.

ამის შესახებ ისინი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თავად საუბრობენ.

ერთ-ერთი დაკავებული, 38 წლის პოლიციელი დავით მიროტაძეა, რომელიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა და ამასთან, მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ჯღარკავას ნათესავია. მიროტაძის ჩვენების თანახმად, ჯღარკავა მასთა დახმარების თხოვნით მივიდა და უთხრა, რომ მუმლაძე მას და მის ოჯახს მოკვლით ემუქებოდა. მისი ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ დავით მუმლაძის გატაცება მიროტაძემ მოქმედ და ყოფილ პოლიციელებთან ერთად დაგეგმა. ამასთან, ჩვენების თანახმად, მიროტაძემ და მისმა თანამზრახველებმა ავტომანქანას, რომლითაც მუმლაძე გაიტაცეს, სანომრე ნიშანი შეუცვალეს.

მისივე ჩვენების თანახმად, მუმლაძე მათ მუხიანში შეიპყრეს, მაკაროვის სისტემის იარაღი წაართვეს, ხელბორკილები დაადეს და რუსთავში წაიყვანეს, სადაც ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს გადასცეს. ამის შემდეგ მიროტაძის ინფორმაციით, მან და მისმა მეგობრებმა მუმლაძის იარაღი, მობილური ტელეფონი და ტრანზიტული ნომრები, რომელიც მანქანას დაუყენეს, მტკვარში გადაადგეს.

„მომდევნო დღეს, საღამოს შევხვდი დიტო დუღაშვილს და მივეცი 4.000 ლარი... 4.000 ვაჩუქე ღებიანურს. ჩემი სიძე პერიოდულად მჩუქნის ხოლმე გარკვეული რაოდენობის თანხებს და ეს თანხაც მან მაჩუქა. ბიჭებს წინასწარ თანხას არ შევპირებივარ. 4 ოქტომბერს მიხეილ ღებიანურს გავუჩერე მანქანა, ამ დროს გამოიარა ჩემმა სიძემ და ვკითხეთ, თუ რა ბედი ეწია მუმლაძეს, მან გვითხრა, ის უკვე აღარ არსებობსო...", - ამბობს ჩვენებაში დავით მიროტაძე.

მიხეილ ღებიაური ყვება, რომ აღებული თანხით ბანკის, მიკროსაფინანსოს და მეგობრის ვალები გადაიხადა და პროდუქტი იყიდა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. შსს-ს ინფორმაციით, მუმლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია გიორგი ასათიანი, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურსა, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული. გარდა ამისა შსს-ს ცნობით დავით მუმლაძის მკვლელობაში კიდევ ერთი პირი ზურაბ ჯღარკავაც მონაწილეობდა, რომლის დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყველა პირს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


თეგები :