• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2019
article

„კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე რომელიმე უცხო ქვეყნიდან“

„კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე რომელიმე უცხო ქვეყნიდან“, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს.

„მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება. შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

„ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები – ე.წ. „დიფეისი“ (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური. 28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა.

კიბერშეტევა რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back).

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.


თეგები :