• თბილისი
  • 26°C
  • 04 აგვისტო, 2020
article

"მითხრა, გცემ და მოხვალ ჭკუაზეო" - ბათუმში მამაკაცი ცოლის მიმართ მუქარისთვის1000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა ე.ბ. ცოლზე მუქარისთვის. ბრალდებულმა ბრალი აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა. შესაბამისად, სასამართლოს რომელიმე მოწმის, ან დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენება არ მოუსმენია.

საქმეში დევს დაზარალებულად ცნობილი ქალის, ანუ ბრალდებულის ცოლის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, მან მეუღლის მობილურ ტელეფონში აღმოაჩინა უცნობი ქალის სასიყვარულო მესიჯები, რამაც ოჯახში კონფლიქტი გამოიქვია. 

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქმარა ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქა.

"მითხრა, რატომ ანგრევ ოჯახსო? შემაგინა დედა და დამემუქა სიცოცხლის მოსპობით... გცემ და მოხვალ ჭკუაზე. ემუქრებოდა დედამისს და ჩვენს ქალიშვილსაც, რომლებიც კონფლიქტს შეესწრნენ," - უთხრა ქალმა გამომძიებლებს.

ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ისჯება, როგორც ჯარიმით, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ასევე ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მოსამართლემ სასჯელებს შორის ჯარიმა იმ მოტივით შეარჩია, რომ  ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

მამაკაცი წინასწარ პატიმრობაშია გირაოს გადახდამდე.

 


თეგები :