• თბილისი
  • 23°C
  • 28 სექტემბერი, 2020
article

"ცოლმა უთხრა რომ ორსულადაა, რის შემდეგაც ქმარმა 2 წლის ბავშვის თვალწინ სცემა, დანის ტარი კეფაში ურტყა, ახრჩობდა" - თბილისში, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს

თბილისში ოჯახური ძალადობის ფაქტი მოხდა - მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობის მიზეზი გახდა ის, რომ ცოლმა მამაკაცს უთხრა, რომ ორსულადაა, რის შემდეგაც ქმარმა ის 2 წლის ბავშვის თვალწინ სცემა, დანის ტარი კეფაში ურტყა და ბინიდან გაქცევა მოახერხა. "კიბეებზე დამეწია და მახრჩობდა, იმდენად ძლიერად მიჭერდა ხელს ყელში, გონება მეკარგებოდა და ბავშვი მივარდებოდა,“ - ჰყვება ქალი. როგორც ირკვევა, მამაკაცი ცოლს ბავშვის მოკვლითაც ემუქრებოდა.

"ხისჩარჩოიანი სარკის წინ, იატაკზე ყრია ორი ცალი სამზარეულოს დანა, ერთი მოშავო ფერის ტარითა და პირით, მეორე - მუქი ფერის, მოვერცხლისფერო პირით. ასევე იატაკზე ყრია დამსხვრეული ხატის ჩარჩოს ნამსხვრევები, დახეული ათლარიანი კუპიურა…“ -  ეს გამომძიებლის ჩანაწერია დათვალიერების ოქმში.

ბრალდებული დააკავეს, თუმცა, დანაშაული არ აღიარა. სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა დაზარალებულმა ქალმაც. ჩვენება დაზარალებული ქალის დამ და სიძემ მისცეს, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლომ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ოჯახში ძალადობისთვის, 2 წელი - სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, ხოლო ერთი წელი - მუქარისთვის. საბოლოოდ, სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ბრალდებულს 2 წელი მოუწევს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა.


თეგები :