• თბილისი
  • 26°C
  • 27 სექტემბერი, 2020
article

ადვოკატი: დავით ცინარიძისთვის მეუღლე და ოჯახი წმინდაა

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ბრალდებული დავით ცინარიძე აცხადებს, რომ მისთვის ოჯახი წმინდაა და მისი ბრალის გარშემო საუბარი, მისი ზედმეტი დრამატიზირება არ სურს , - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა კახა ხვისტანმა განაცხადა.

"ბრალდებულის დაკითხვა არ მომხდარა, შესაბამისად, ბრალდების მხარე არ დაინტერესებულა ის თავს ცნობდა თუ არა დამნაშავედ. ბატონი დავითის განცხადებით, მისთვის ოჯახი არის წმინდა და მისი პირადი სივრცე, შესაბამისად, მისი სურვილია,ოჯახის თაობაზე ინფორმაცია არ გაავრცელოს არც თავად და არც მისმა ადვოკატმა. მოკლებული ვარ უფლებას, მისი ოჯახის წევრებთან მის ურთიერთობაზე მასმედიას რაიმე სახის ინფორმაცია მივაწოდო. ბატონი დავითის სურვილია, ყველა და თვით საზოგადოებაც გამოძიების საბოლოო შედეგს დაელოდოს. დარწმუნებული ვართ, ბატონი დავითის მიმართ ბრალდების დადასტურება არ მოხდება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ან შეწყდება, ან გამამართლებელი განაჩენი იქნება გამოტანილი“, - აცხადებს ხვისტანი.

"ვისაც ეს თემა აინტერესებს, გამოძიების საბოლოო შედეგს დაელოდოს, რომელიც ამ კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის ბრალს, უფრო მნიშვნელოვან კითხვაზე გასცემს პასუხს - ჩაიდინა თუ არა მან ეს დანაშაული. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომლის რეპუტაციაც ყოველთვის შეუბღალავი იყო, ჩაიდინა თუ არა დანაშაული. ბატონი დავითი საზოგადოებას, ყველას ბოდიშს უხდის, რომ ამ ყველაფერზე ამხელა აჟიოტაჟი ატყდა. ვიმეორებ, მეუღლე და მისი ოჯახი მისთვის ყველაზე წმინდანები, ყველაზე საყვარელი ხალხია და არ სურს ამ თემის ზედმეტი დრამატიზირება“, - განაცხადა ხვისტანმა.

დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ცინარიძემ საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.


თეგები :