• თბილისი
  • 26°C
  • 24 სექტემბერი, 2020
article

დედის პატიმრობიდან ორი წლის შემდეგ ირკვევა, რომ ბავშვებზე სინამდვილეში მამა ძალადობდა

უახლოეს დღეებში შესაძლოა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლონ დედა, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით ორი წლის წინ, 2018 წლის 10 მაისს დააკავეს.

ქალს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა…

პატიმრობიდან ორი წლის შემდეგ კი საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთა, რაც ამ სკანდალურ ისტორიას სრულიად თავადაყირა აყენებს – ცოტა ხნის წინ იმავე დანაშაულისთვის ბრალი წარუდგინეს მსჯავრდებული ქალის ქმარს.

ახლადგამოვლენილი გარემოებებით ირკვევა, რომ ბავშვებზე სინამდვილეში მამა ძალადობდა.

როგორ დაიწყო ისტორია

მეუღლის მიერ 15-წლიანი ძალადობის შემდეგ ახალგაზრდა ქალი ძალადობის ბრალდებით თავადვე აღმოჩნდა ციხეში.

2018 წლის 10 მაისს სამართალდამცველებმა 38 წლის ქალი მცირეწლოვან შვილებზე ძალადობის მუხლით დააპატიმრეს, თუმცა ამას წინ საკმაოდ საეჭვო გარემოება უძღოდა.

საქმე ის გახლავთ, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათით ადრე ქალმა პოლიციას ქმრის წინააღმდეგ თავადვე მიმართა.

მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერეს და სახლში გამოუშვეს.

ამის შემდეგ კი პოლიციაში უკვე თავად აღნიშნული მამაკაცი რეკავს და სამართალდამცველებს უყვება, რომ მისი 38 წლის მეუღლე მცირეწლოვან შვილებზე ძალადობს.

ახალგაზრდა ქალი, ი.კ. მეუღლის დასმენის საფუძველზე რამდენიმე წუთში დააკავეს და ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი – „ძალადობა“ და „ოჯახში ძალადობა“ წარუდგინეს.

ორი მცირეწლოვანი შვილის დედას, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მეუღლის მხრიდან მთელი 15 წლის განმავლობაში სასტიკი ძალადობის მსხვერპლი იყო, ოთხწლიანი პატიმრობა შეეფარდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე აღენიშნება ძალადობის არაერთი წარუშლელი კვალი.

მის მეუღლეს შეგნებულად არ მიჰყავდა და უკრძალავდა სამედიცინო დაწესებულებაში წასვლას, რათა არ გამოაშკარავებულიყო ძალადობის ფაქტები.

მას ჰქონდა მოტეხილობა ცხვირზე, ჭრილობა ტუჩზე, რომელზეც არ მომხდარა ქირურგიული ჩარევა და დარჩა ეს იარები.

აღენიშნება შრამები სახის მიდამოებში, ჭრილობები თავის არეში.

როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება, თავზე ეს დაზიანებები მიღებული აქვს ტაფის ჩარტყმის შედეგად და სახლის პირობებში მოხდა შესაბამისი მკურნალობა. ასევე, ჰქონდა მოტეხილობა ფეხზე და ა.შ“, – გვიყვება მსჯავრდებული დედის ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

თავად მსჯავრდებულის ინფორმაციით, ოჯახში კონფლიქტის მიზეზი ძირითადად ნარკოტიკები იყო, ვინაიდან მისი ქმარი წამალს ხშირად ბავშვების თანადასწრებითაც იკეთებდა და ზემოქმედების ქვეშ მყოფს მცირეწლოვანი შვილები სასეირნოდ გაჰყავდა.

როგორ დააკავეს ქმარი?

მას შემდეგ, რაც დედა ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით  დააპატიმრეს, ცალკე წარმოებად დაიწყო გამოძიება თავად დედის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნების შემდეგ ცოლის მიმართ ძალადობის მუხლით მამაკაცს ბრალი წარუდგინეს. სასამართლომ მას 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მას ამ საქმეზე სასჯელის ვადა უკვე ამოეწურა, თუმცა საპატიმროს დატოვება ვერ მოახერხა. რატომ?

საქმე ის გახლავთ, რომ ბავშვებმა, რომლებიც დედის დაპატიმრების მომენტში 8 და 12 წლისანი იყვნენ, ჩვენება შეცვალეს და თქვეს, რომ სინამდვილეში მათზე მამა ძალადობდა, დედის წინააღმდეგ ჩვენება კი იძულებით მიაცემინეს. 

რას ყვებიან ბავშვები ახლა?

მამაკაცმა ცოლის მიმართ ძალადობისთვის დანიშნული ერთწლიანი სასჯელი მოიხადა და დღე-დღეზე ციხე უნდა დაეტოვებინა, როდესაც მას ახალი ბრალი წარუდგინეს.

ამჯერად გამოძიება მას შვილების მიმართ სისტემატიურ ძალადობას ედავება, ანუ იმ დანაშაულს, რისთვისაც ბავშვების დედა ჯერ კიდევ საპატიმროში იხდის სასჯელს.

მას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მამისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი შვილების ჩვენება გახდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ორი წლის წინ დედის წინააღმდეგ ჩვენება მამამ და მამიდამ იძულებით მიაცემინეს, სინამდვილეში კი მათზე სისტემატიურად სწორედ მამა ძალადობდა.

„ბავშვებმა თქვეს, რომ მამა და მამიდა გვაიძულებდაო. მათ დედის სასარგებლოდ რეალური ჩვენება მისცეს. თქვეს, რომ დედის მხრიდან არანაირი ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ამჟამად, ამ ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე ვამზადებთ სააპელაციო საჩივარს და მოვითხოვთ დედის უდანაშაულოდ ცნობას.

სხვათაშორის პროკურატურამ შემოგვთავაზა საპროცესო შეთანხმება, რის შედეგად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს უკვე თავისუფლებაზე იქნებოდა, მაგრამ მან უარი თქვა საპროცესოზე, ვინაიდან ეს ნიშნავდა, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

მან თქვა, რომ მე მირჩევნია კვლავ ციხეში ვიჯდე და ვიბრძოლო ჩემი სიმართლისთვის, ვიდრე მოძალადი დედის სტატუსით გავიდე თავისუფლებაზეო“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

ცნობისთვის: ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ამჟამად დედის ოჯახში იზრდებიან.

 

წყარო: primetime.ge


თეგები :