• თბილისი
  • 24°C
  • 11 ივლისი, 2020
article

შუამთის 22 ნომერი სამართალდამცველების ალყაშია - მამაკაცს, რომელიც ვარკეთილში შვილების მისამართით ისროდა, შემაკავებელი ორდერი ორჯერ ჰქონდა გამოწერილი

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში უმისამართოდ ისროდა, 45 წლის დავით ივანოვია. ამ დროს სახლში მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა. ივანოვმა გასროლა მისივე კუთვნილი იარაღიდან მოახდინა. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. ცნობილი ხდება, რომ მამაკაცს შემაკავებული ორდერი აქვს გამოწერილი და ოჯახური კონქფლიქტის ნიადაგზე ის პირობითი მსჯავრის ქვეშაც იმყოფებოდა

სამართალდამცველებმა ბინიდან ივანოვის ცოლ-შვილი უკვე გამოიყვანეს. ამჟამად მოლაპარაკებები მასთან მიმდინარეობს. მამაკაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაშია.

შუამთის 22 ნომერი სამართალდამცველების ალყაშია. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და ჯავშანტექნიკა. პოლიცია ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთი საათის წინ მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ივანოვმა საკითარი შვილების დაშინების მიზნით ჯერ სახლში ისროლა, მას შემდეგ კი რაც ოჯახის წევრებმა ბინა დატოვეს, უკვე გარეთ, უმისამართოდ გახსნა ცეცხლი.

უსაფუძვლოდ მოუვიდა თავის შვილებთან კონფლიქტი, რის გამოც იარაღიდან გაისროლა რამდენჯერმე მათ შესაშინებლად. შვილები გამოერიდნენ, უსაფრთხოდ არიან, მაგრამ არის არაადეკვატური და ჩაკეტილია სახლში, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ივანოვის ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.


თეგები :